თბილისის მერმა კახა კალაძემ კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
პრეზენტაციაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ კულტურის, განათლებისა და სპორტის ხელშეწყობის, ასევე, ახალგაზრდობის მხარდამჭერ, ინფრასტრუქტურულ და საერთაშორისო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
„არ არსებობს სფერო, სადაც არ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს უნდა ვისაუბროთ თბილისის მთავრობის პოლიტიკის იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას – ეს ეხება თბილისის კულტურულ და სპორტულ ცხოვრებას, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას. თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი, სადაც თავს იყრიდა ქართული კულტურის, სპორტის, განათლების უდიდესი კერები და ასეა დღემდე. ეს არის ქალაქი, სადაც ცნობილი ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ქმნიან საქართველოს აწმყოს და საფუძველს უყრიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. რასაკვირველია, ამას სჭირდება ხელშეწყობა, თანადგომა, როგორც სახელმწიფოს, ისე მუნიციპალიტეტის მხრიდან. მეამაყება, რომ ამ მიმართულებით მართლაც უდიდესი ძალისხმევა იქნა გაწეული აბსოლუტურად ყველა დონეზე, რაც ჩანს კიდეც იმ ხელშესახებ შედეგებში, რასაც საქართველომ მიაღწია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობ ღონისძიებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ კულტურის, სპორტის, განათლების მიმართულების გაძლიერება ქალაქისა და ქვეყნის მომავლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„მეგობრებო, თბილისი ვერ იქნება განვითარებული ქალაქი, თუ ჩვენი ახალგაზრდობა არ იქნება განათლებული, მოტივირებული და ჩართული ყველა პროცესში; თუ მათთვის არ იქნება პრიორიტეტული ჯანსაღი ცხოვრების წესი; თუ ისინი არ გაიზრდებიან შემოქმედებით გარემოში. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თავიდანვე განისაზღვრა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით საჭირო პროექტების განხორციელება და ხელშეწყობა, რადგან ესაა ინვესტიცია ჩვენი ქალაქის და ქვეყნის მომავლისთვის. ყველა ნაბიჯი, რაც ამ მიმართულებით გადავდგით, ემსახურება მიზანს - კიდევ უფრო გავაღრმავოთ შესაძლებლობები და თბილისი ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოცხალ კულტურულ და სპორტულ სივრცედ ვაქციოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე დეტალურად თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ისაუბრა.
„განათლების მიმართულებით არსებული პროექტები მიმართულია იმ საჭიროებებზე, რაც დედაქალაქში არსებობს. ჯამში, ნახევარმა მილიონმა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. პრიორიტეტულია სწავლის დაფინანსება. მიგვაჩნია, რომ ყველას, ვისაც აქვს სწავლის სურვილი, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამიტომ, არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სწავლა დაუფინანსდა 19 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს; ბოლო წლებში დაემატა მრავალშვილიანი და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების კომპონენტი; უკვე 4 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ასევე, ვახალისებთ წარჩინებულ სტუდენტებს. ამისთვის შევიმუშავეთ წარჩინებული მაგისტრანტების სტიპენდია, რაც მუნიციპალიტეტის სახელით გაიცემა. 5 000-მდე მაგისტრანტმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მისაღებად მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს.
„არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი ერთ-ერთი კომპონენტია ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. ყოველწლიურად 3 000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში 130-მდე მიმართულებით; მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ცხრა ფილიალში 4 000-მდე ახალგაზრდა ჩართულია საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სპორტულ წრეებში; მოქმედებს 34 მუსიკალური სკოლა, რომელიც იძლევა 15 მოთხოვნადი მუსიკალური პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას. ჯამში, 9 000-მდე ჩვენი მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ახალგაზრდული ბანაკების პროგრამით უკვე 20 000-მა ახალგაზრდამ ისარგებლა, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კი, 39 პროექტი დაფინანსდა.
ანდრია ბასილაიას ინფორმაციით, დედაქალაქის მერია ატარებს სტუდენტურ ფესტივალს, სადაც ყოველწლიურად მონაწილეობს 20 000-მდე სტუდენტი; მოიხატა 200-მდე კედელი; 2018-2025 წლებში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა 695 თბილისელი სპორტსმენი.
„ჩვენთვის, როგორც პროფესიონალური სპორტის, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია. 2 000-მდე სპორტული პროექტი დავაფინანსეთ. მათ შორის, ჩვენი პროფესიონალი სპორტმენების შეჯიბრებებში მონაწილეობა, სხვადასხვა ტურნირებზე გასვლა, მოქალაქეების აქტიური ჩართვა სპორტში და ა.შ. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს მწვრთნელებს - 350 მწვრთნელი სპორტის 49 სახეობაში იღებს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას. ყურადღებას ვუთმობთ ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს. მუნიციპალიტეტის მიერ სპორტის 32 სახეობაში ყოველწლიურად ფინანსდება 18 წლამდე ასაკის 260 სპორტსმენი. გარდა ამისა, ამოქმედდა ქალთა გუნდების მხარდაჭერის პროგრამა. ჯამში, დაფინანსდა 268 სპორტული კლუბი და ორგანიზაცია. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ 40 სპორტულ ფედერაციასთან“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
ანდრია ბასილაიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე უფროსი თაობისთვის ხელშემწყობი პროგრამის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერვისით უკვე 2 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ასევე, ბოლო წლებში, სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად, მუნიციპალიტეტმა ფიზიკური დატვირთვების სკრინინგის პროგრამა დაიწყო - 18 წლამდე ასაკის 1 700 სპორსტმენს ჩაუტარდა კომპლექსური სამედიცინო შემოწმება/სკრინინგი.
პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ 2018-2025 წლებში პარასპორტსმენებმა სხვადასხვა ჩემპიონატზე მოიპოვეს 130 ოქროს, 77 ვერცხლისა და 150 ბრინჯაოს მედალი; თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში მომზადება სპორტის 14 სახეობაში ხდება; საწვრთნელ-სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულია 280 შშმ პირი და 19 მწვრთნელი.
მერის მოადგილის განცხადებით, ბოლო წლებში შეიქმნა თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი, რომლის მიზანიც მოქალაქეებამდე თანამედროვე ხელოვნების უფრო ახლოს მიტანაა.
აღნიშნულმა ფონდმა ორწლიანი საქმიანობის განმავლობაში, განახორციელდა რვა პროექტი, მათ შორისაა, ქანდაკება, ინსტალაცია, საუნდ არტი, ფოტოგრაფია; განხორციელდა 50-მდე საგანმანათლებლო აქტივობა; შეიქმნა 30-მდე ტექსტი: რეცენზიები, კვლევები და თარგმანები. გარდა ამისა, სამუზეუმო ფონდი გაიზარდა 1 000-ზე მეტი ერთეულით.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩატარდა 400 სხვადასხვა მიმართულების ფესტივალი და კონკურსი; 350-მდე სპექტაკლი; 400-მდე საიუბილეო და სახელოვნებო/სასცენო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო და კონცერტი; 300-ზე მეტი სახელმწიფო, რელიგიური და სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიება; 500-ზე მეტი საგამოფენო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიება; 80-მდე გაცვლითი კულტურული პროექტი.
გარდა ამისა, დედაქალაქი 2021 წელს გაწევრიანდა UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში (UCCN) მედია ხელოვნების მიმართულებით.
„ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო ღონისძიება იმართება დედაქალაქში და ის იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო სტატუსს. კერძოდ, 2021 წელს თბილისმა მოიპოვა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ძალიან ბევრი მწერლის ნაწარმოები ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო დონეზე თავიანთი ნამუშევრები გაეტანათ და მეტი პოპულარიზაცია მოეხდინათ ქართული ლიტერატურის. ასევე, 2021 წელს საქართველო გახდა ევროდესკის ქსელის წევრი ქვეყანა, რაც აჩენს დამატებით შესაძლებლობას ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ხოლო 2025 წელს თბილისს მიენიჭა ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი, რაც ხაზს უსვამს იმ ძალისხმევას, რომელიც დედაქალაქს აქვს სპორტის მიმართულებით. 2025 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება ახალგაზრდული ბარათი, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა არაერთი საერთაშორისო ღონისძიება და ფესტივალი: ჭადრაკში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი; წყალბურთში ვაჟთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი; კალათბურთში ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატი; 3X3 პარაწოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატი; პარაწოლჭიმში ევროპის ღია ჩემპიონატი „თბილისი-2022“; უეფა-ს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი EURO 2023; კარატეში ევროპის ჩემპიონატი კადეტებს, იუნიორებსა და 21 წლამდე სპორტსმენებს შორის; ძიუდოში თბილისის გრანდ სლემის ტურნირი; პარაძიუდოს გრან-პრი „თბილისი 2024“; ბერლინის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი.
დღევანდელ პრეზენტაციაზე ანდრია ბასილაიამ განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.
„განხორციელდა 500-ზე მეტი ღია სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა, როგორც საქალაქო სამსახური, ისე რაიონული გამგეობები; 12 ცენტრს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია; 11 სპორტულ ობიექტს სრულად განუახლდა ეკიპირება და ინვენტარი. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ღია ფიტნეს ზონების, სატრენაჟორო სივრცეების მოწყობა და ეს მიმართულება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი ზონების მოწყობას მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისი თქმით, პარალელურად, აშენდა და რეაბილიტირდა სპორტული ობიექტები, მათ შორის, ნაძალადევის სპორტული კომპლექსი და სპორტული ცენტრი მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე; სპორტული ცენტრი აშენდა დაბა წყნეთშიც, ხოლო ლილოს დასახლებაში არსებული სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო საცურაო აუზი.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება კულტურის სფეროშიც. კერძოდ, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს, რომელიც „თბილისის განვითარების ფონდმა“ განახორციელა. ასევე, სრულად განახლდა გალაკტიონის მუზეუმი და სრულდება მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია.
გრძელდება სახელოვნებო სკოლების, მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია და მათი ტრანსფორმირება მულტიფუნქციურ მედიათეკებში. ასევე, რეაბილიტირდა სამგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი; მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაიქმნა ხუთი ბიბლიოთეკა; ზღვის უბანში გაიხსნა მედიათეკა; რეაბილიტირდა და აღიჭურვა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა.
„სექტემბერში გაიხსნება უკვე განახლებული ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია ჩვენი დედაქალაქისთვის და განხორციელდა ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროექტი. შესაბამისად, სექტემბერში გვექნება შესაძლებლობა ვიხილოთ, თუ რა მასშატაბის სამუშაოები ჩატარდა ეროვნულ სასახლეში“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
რაც შეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე შენდება ღია სპორტული მოედნები პადელის, ფეხბურთისა და კალათბურთისთვის.
„ასევე, სექტემბერში გავხსნით კიდევ ერთ მრავალფუნქციურ სპორტულ ცენტრს ვარკეთილში, რომელიც 10 000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება. გარდა ამისა, სოფელ დიდ ლილოში, სადაც არასდროს ყოფილა მსგავსი ინფრასტრუქტურა, შენდება სპორტული კომპლექსი; ტაბახმელაში სრულდება ღია მოედნების კომპლექსის რეაბილიტაცია; მიმდინარეობს ილია ჭავჭავაძის სახლის აღდგენა-რესტავრაციაც, ხოლო სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმისთვის გამოიყო შესაბამისი სივრცე“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
დღევანდელ პრეზენტაცას პარლამენტის თავმჯდომარე შავა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე, სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."