თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
მისი თქმით, მოსახლეობა კარგად ხედავს იმ ხელშესახებ ცვლილებებს, რომლებიც გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში განხორციელდა.
„დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზარდა კონკრეტული, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებაც, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება დედაქალაქის, როგორც ვიზუალურ მხარეზე, ისე მოქალაქეების ცხოვრების ყოველდღიურ ხარისხზე. მეტი გამწვანებული სივრცე, ტყე თუ სპორტული მოედანი, ავტომატურად ნიშნავს ჰაერის გაუმჯობესებულ ხარისხს, დასვენებისა თუ გართობის მეტ შესაძლებლობას, სიმშვიდესა და სილამაზეს ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რეკრეაციული სამუშაოების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტს დიდი ძალისხმევის გაღება უწევს გასხვისებული ტერიტორიების გამოსასყიდად.
„ჩვენთვის იმდენად პრიორიტეტულია გამწვანებული სივრცების მოწყობა, მოსახლეობის საკეთილდღეოდ აღნიშნულ მოლაპარაკებებზე მივდივართ. ბევრი ტერიტორიის დაბრუნება მოგვიწია. ცუდი პრაქტიკა იყო. 2017 წლამდე ხდებოდა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების გასხვისება, რომ შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულიყო. ასეთი იყო ვაკის პარკის, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. მაგალითად, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დედაქალაქის განვითარების პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
„იმ მოქალაქეებს კი, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად გვაკრიტიკებენ, მინდა ვუთხრა: ეს ქალაქი ყველასია, სადაც უნდა ვიცხოვროთ ჩვენი შვილებით, ახლობლებით, მეგობარ-ნაცნობებით - თუ რაიმე იდეა გაქვთ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მოგვაწოდეთ, ერთად დავგეგმოთ, ვისაუბროთ, განვიხილოთ და ერთად გავხადოთ ჩვენი ქალაქი უფრო მწვანე, კომფორტული და ლამაზი.
აქვე მინდა, იმ მოქალაქეებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც დედაქალაქის მერიასთან თანამშრომლობენ. მათი სურვილითა და ძალისხმევით, განვახორციელეთ არაერთი ავტოფარეხის დემონტაჟი, სადაც რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები მოეწყო. მადლობა ეკუთვნით გამგეობებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, ასევე, „ეკოსერვის ჯგუფისა“ და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ თბილისი იყოს უფრო გამწვანებული, სუფთა და მოწესრიგებული. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, მოქალაქეები ამ შრომას განხორციელებული პროექტებით კიდევ უფრო მეტად დაინახავენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ ფორმდება ხელშეკრულება მეტროს თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც დედაქალაქს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 111 ვაგონს მოაწვდის.
„ბოლო წლების განმავლობაში, მეტროში არსებულ ყველა ვაგონს ჩაუტარდა სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მათი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების მიზნით, რამაც საშუალება მოგვცა, ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში გვყოლოდა 192 ვაგონი. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ვაგონს უახლოეს წლებში ეტაპობრივად ეწურება საექსპლუატაციო რესურსი, აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი ვაგონებით, ვინაიდან ამ ვაგონების გამოყენება უკვე შეუძლებელია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხარდაჭერით, თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და გამოვლინდა გამარჯვებული - კომპანია „ჯი-თი გრუპი“. გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სწორედ დღეს იგეგმება. ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ჯი-თი გრუპი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელთან კომპანია CRRC ჩინეთი) თანამშრომლობით, შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, მოგვაწვდის 111 ვაგონს. ეს იქნება 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი შემადგენლობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. „ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.
„რაც მთავარია, მეტროს ვაგონების შესყიდვის პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება, რათა სრულად განახლდეს დღეს არსებული შემადგენლობები. რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიას, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და დიდი კომპანიაა. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის და ქალაქისთვის აქვს მიწოდებული მეტროს ვაგონები. ეს ქალაქებია ჩიკაგო, ბოსტონი, მელბურნი, მეხიკო, სინგაპური, სან-პაულო. ასევე, საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა: პორტუგალია, სერბეთი, უნგრეთი. უახლოეს მომავალში ისინი საქართველოშიც მოგვაწვდიან ახალ ვაგონებს, რომლითაც ჩავანაცვლებთ ძველ, ამორტიზებულ შემადგენლობებს. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული და განახლებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ რეკრეაციულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ლეონიძის ქუჩის N11ა-ში მდებარე ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო.
მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა და ადგილობრივი მოსახლეობა მის განახლებას ითხოვდა.
„მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჩართულია პროექტის განხორციელებაში. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე, კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, ამფითეატრი და სხვა ურბანული ავეჯი; მოეწყობა განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი. უახლოეს მომავალში სამუშაოები დასრულდება და კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატება დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, დამატებითი მარშრუტი დაინიშნება. N174 ავტობუსი მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.
„მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში ალტერნატიული მარშრუტის ამოქმედების შესახებ. სამუშაოების წარმოება მგზავრთა მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. ამიტომ, სადგური გარკვეული ვადით დაიკეტება და აღნიშნული ტერიტორიიდან, კერძოდ, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოება ვერ მოხერხდება.
„როგორც მთავრობის წინა სხდომაზე აღვნიშნე, მეტროსადგური „ვარკეთილი“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამუშაოების ვადების შემცირების მიზნით, 12 ივლისიდან 45 დღით წყვეტს მომსახურებას. ამ პერიოდში შესაბამისი პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება. ასევე, თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ უშუალოდ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულებაც დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."