27 ივნისი, 2025

დედაქალაქის მერი პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო

დედაქალაქის მერი პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებით გამოსვლას დაესწრო.

კახა კალაძემ პრემიერის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა მიმართულებით არის ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები.

„ირაკლი კობახიძეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში. მან წარადგინა კონკრეტული შედეგები ყველა მიმართულებით და გააკეთა სიღრმისეული ანალიზი. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები. ცხადია, არსებობს გამოწვევები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამოწვევები იქნას დაძლეული. პრემიერ-მინისტრს თავის გუნდთან, ხელისუფლებასთან ერთად, მინდა წარმატებები ვუსურვო. მომავალი წლები ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალურ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტის განხორციელების დროს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბოლო წლებში დიდი ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტებს. მე, როგორც დედაქალაქის მერი, ვიტყვი, რომ თბილისში 2017 წლიდან მოყოლებული შთამბეჭდავი პროექტები განვახორციელეთ ყველა მიმართულებით. მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, რადგან ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება მათი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.