თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
მისი თქმით, პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მნიშვნელოვანია. არაერთი ისეთი პროექტი განვახორციელეთ, როგორიც იყო ორბელიანის მოედანი, მიმდებარე ქუჩები, გუდიაშვილი მოედანი. შემდეგი იქნება სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების განახლება. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას. ამ ეტაპის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 5 მლნ-მდე ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ამ ეტაპზე აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება.
„მათგან რვა შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა შეადგენს 45 000 კვადრატულ მეტრს, ბენეფიციარების საერთო რაოდენობა კი 469-ს. რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას, ასევე, გადახურვის შეცვლას გულისხმობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მთლიანობაში სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 115 მლნ ლარი დაიხარჯება. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა, გამარჯვებული კომპანიის შესახებ კი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.
„წელს პროექტის მასშტაბები იზრდება და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ივლისში, დედაქალაქში 50-ის ნაცვლად, 55 საბავშვო ბაგა-ბაღი იფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge რეგისტრაცია დაიწყება 9 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება თვის ბოლომდე. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გასული წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.
„ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 55 საბავშვო ბაღში 3 300-მდე თანამშრომელი იმუშავებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. მერის თქმით, პროექტი 2025 წლის ბიუჯეტიდან 5 მლნ-მდე ლარით დაფინანსდება.
გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა. აღნიშნული პროგრამა ჯერ კიდევ 2020 წლიდან ხორციელდება.
„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს. პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდა და მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა.
„აღნიშნული პროგრამა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის თავდაპირველად, მედიკამენტების დაფინანსებით დაიწყო. ასევე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, მედიკამენტები პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდა. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 341 მოსარგებლის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, 2 000-მდე საგარანტიო წერილი გასცა.
„აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვაა შესაძლებელი და გაფანტული სკლეროზის მქონე პირებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაგეგმილ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პირველ ივნისს, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მრავალი აქტივობა გაიმართება, ცენტრალური ღონისძიება კი დედაენის ბაღში შედგება.
„ახლოვდება პირველი ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც ტრადიციულად გამორჩეული სიყვარულით აღვნიშნავთ. უამრავი პატარა ელოდება ამ დღეს. დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გვექნება არაერთი აქტივობა. ცენტრალური ღონისძიება დაგეგმილია დედაენის ბაღში, სადაც განსაკუთრებული პროგრამა ელოდება ჩვენს პატარებს. გარდა საბავშვო კონცერტისა, 15:00 საათიდან დედაენის ბაღში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება: მოეწყობა ღია ბიბლიოთეკა და კინოს კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო სივრცე.
გვექნება სპორტული აქტივობები, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, გაიმართება მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, არტ თერაპია, იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი შესაბამისი აქტივობები. ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზე. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. საკმაოდ საინტერესო სანახაობა გელოდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."