„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი ტრადიციები და ღირებულებები, რითაც ვამაყობთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა 17 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობისას ისაუბრა, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან და შვილებთან ერთად დაესწრო.
კახა კალაძემ სრულიად საქართველოს მიულოცა ოჯახის სიწმინდის დღე და აღნიშნა, რომ ოჯახური ღირებულებები ქართველი ერის იდენტობის ნაწილია.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ჩვენთვის ოჯახი ყოველთვის იყო, არის და იქნება უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი. ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახლაც და მომავალშიც დავიცვათ ჩვენი წარსული, ღირებულებები, ტრადიციები, რითაც ვამაყობთ. ვხედავთ, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, როგორი შეტევა მიდის ოჯახურ ღირებულებებზე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ქართველები ყოველთვის დაიცავენ იმ ღირებულებებს, რაც ჩვენი ერის იდენტობის ნაწილია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო.
„საქართველოში ცხოვრების უფლება აქვს ნებისმიერი სარწმუნოებისა თუ ორიენტაციის მქონე ადამიანს. ჩვენ არავის ვერჩით, არავის ვუპირისპირდებით, თუმცა, ის თავსმოხვეული პროპაგანდა, რაც წლების განმავლობაში გარედან მოდიოდა, ფინანსდებოდა ძალიან დიდი თანხებით, კატეგორიულად მიუღებელია. მათ ჰყავთ თავიანთი მფარველები - რადიკალური დაჯგუფებები, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები. ყველას აქვს თავისი მისია, ასრულებენ დავალებებს. შესაბამისად, აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა თბილისის მერმა.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."