23 აპრილი, 2025

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება.

მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრისა და შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსებას.

კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა.

„ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შემოსული განაცხადების განხილვა გრძელდება და ეტაპობრივად ყველა იქნება დაკმაყოფილებული. განცხადებების მიღება გაგრძელდება 31 მაისამდე. ასე რომ, იაქტიურეთ, წარმოადგინეთ განაცხადები და მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაგეხმარებათ ამ მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთანავე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 442 წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ „მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შეიმუშავა.

მისი განმარტებით, ამჟამად, ტერიტორიაზე ქაოსური სიტუაციაა, გადაადგილება უჭირს როგორც ქვეითებს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს.

„მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელთან მდებარე გაჩერება, რომელიც ესაზღვრება ერისთავის ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძს წარმოადგენს. მისი ძირითადი ფუნქცია მეტროს, ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მგზავრთა ნაკადების ერთმანეთთან ეფექტურად გადანაწილების უზრუნველყოფაა. ამჟამად, იქ ქაოსია, ქვეითი ნორმალურად ვერ გადაადგილდება, მიკროავტობუსს გაჩერების პრობლემა აქვს, კერძო ავტომანქანები ქაოსურად არის დაპარკინგებული. ამიტომაც გვინდა ამ სივრცის მოწესრიგება, რომ ქვეითებისთვის და ტრანსპორტისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

სატრანსპორტო კვანძისა და მიმდებარე ტერიტორიის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, რომელიც ითვალისწინებს: ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის შესაბამისი ბაქნების მოწყობას, რომელიც სრულად აღიჭურვება ქვეითთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ელემენტებით; მოედანზე ხე-მცენარეების დარგვას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს ვიზუალურ იერსახეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

„დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებაც. კერძოდ, ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე, ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ. ასევე, მარცხნივ მოხვევით შეეძლებათ, გააგრძელონ მოძრაობა გურამიშვილის გამზირის მიმართულებით. ასევე, პროექტი მოიცავს წერეთლის გამზირიდან „დიდუბის“ ზედა გასასვლელთან მდებარე გაჩერებამდე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის მოწყობას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გადაადგილების დროსა და კომფორტს. აღნიშნული ცვლილებები სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობას გაზრდის და გადაადგილების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობასაც გეგმავს.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი მოქალაქეთა არაერთი თხოვნა გახდა.

„პროექტის მთავარი მიზანი ქერჩის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფაა. აღსანიშნავია, რომ გადასასვლელის მოწყობა არ მოითხოვს შუქნიშნის ფაზების ცვლილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდება და გზაჯვარედინი ფუნქციონირებას არსებული რეჟიმით განაგრძობს. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, როგორც ქვეითთა უსაფრთხოების ამაღლების, ისე ურბანული სივრცის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში ე.წ. ნანტის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

მისი თქმით, თბილისს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისა, რომ კიდევ უფრო მწვანე ქალაქი გახდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა და მათი განახლება. 2017 წლიდან დღემდე ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა თბილისს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისა, რომ კიდევ უფრო მწვანე ქალაქი გახდეს და ამისთვის როგორც საქალაქო სამსახურები, ისე გამგეობები ყველაფერს გააკეთებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ე.წ. ნანტის სკვერის ტერიტორია სრულად რეაბილიტირდება - მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება საპარკო ავეჯი და ტერიტორიაზე მოეწყობა სასმელი წყლის შადრევანი; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა.

კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, გლდანის III მიკრორაიონის N3ა–3ბ კორპუსებთან ხორციელდება.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა და მათ ადგილზე მრავალფუნქციური სივრცე ეწყობა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. მოსახლეობის ჩართულობით, დემონტაჟი გავუკეთეთ იმ უსახურ ფარეხებს, რომელიც არ გამოიყენებოდა და ძალიან დიდ ფართობს იკავებდა. გამოთავისუფლებული სივრცე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მოეწყოს სკვერი, რომელიც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, დაისვენონ, განიტვირთონ, ივარჯიშონ. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგება ბალახის საფარი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის ინფორმაციით, მომავალ წელს დაგეგმილია N3ბ კორპუსის მიმდებარედ არსებული უკანონო ფარეხების დემონტაჟიც და აღნიშნული სივრცის მოწესრიგება

მსგავსი სიახლეები