16 აპრილი, 2025

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.

მისი თქმით, 20-21 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება და 08:00-დან 20:00 საათამდე, აღნიშნული ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

„გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული - ტრადიციულად, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. 19 აპრილის 23:00 საათიდან 20 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, 20-21 აპრილს დაწესდება ცხრა დროებითი მარშრუტი - ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე სასაფლაოების მიმართულებით, უფასოდ გადაიყვანენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან და „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

დედაქალაქის მერმა რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-მოწესრიგებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

მისივე თქმით, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ასობით ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს, რაც რეკრეაციული სივრცის საგრძნობლად გაზრდას ნიშნავს.

„სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული სივრცის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საუბარია 26 000-მდე კვ.მ-ზე. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის, რადგან ასობით ფარეხის დემონტაჟი ხორციელდება. ამ მოწესრიგებულ, განახლებულ სივრცეებს გამოიყენებთ ისევ თქვენ და თქვენი შვილები, იქ მცხოვრები ოჯახები. დემონტაჟი ხდება უსახური ფარეხების, რომელიც იყო გამოუყენებელი, იკავებდა დიდ ტერიტორიებს და ვიზუალურად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოების მნიშვნელოვანი კომპონენტი გამწვანებაა - ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. მოეწყობა სარწყავი სისტემები. გათვალისწინებულია ატრაქციონების მოწყობა პატარებისთვის, გაკეთდება სპორტული მოედნები, სასეირნო ბილიკები, გარე განათება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტი მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ კიდევ ერთი სივრცე მოწესრიგდება ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე, სადაც სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას, რათა მეტ ადამიანს ჰქონდეს მათი გამოყენების შესაძლებლობა დასვენებისა და ვარჯიშისთვის.

„ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე შესრულდება გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდება შადრევანი, განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყობა სარწყავი და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ტენდერი დასრულებულია და ამ ეტაპზე, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც, უახლოეს მომავალში, შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონებში ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტები გამოავლინა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცემა.

„დედაქალაქში გვაქვს რეკრეაციული ზონები, სადაც არანაირი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა, თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები ტყეს ჩეხენ. ძალიან ბევრი ფაქტი გამოვლინდა. ამჯერად, მუნიციპალურმა ინსპექციამ წყნეთში, ე.წ. კაკლების დასახლებაში და მახათას მთაზე, ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონებში ელდარისა და შავი ფიჭვის უკანონოდ გაჩეხის ფაქტები გამოავლინა და კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონდარღვევის მასშტაბის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცემა. მინდა, მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც ცხელ ხაზზე დარეკეს და ინფორმაცია მოგვაწოდეს, ჩვენი მხრიდან კი მაშინვე მყისიერი რეაგირება მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 2022 წელს გამკაცრდა კანონი და მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები. მსგავსი ფაქტის ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია და პატიმრობას ითვალისწინებს.

„მსგავს უკანონობას ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და გვექნება მკაცრი მიდგომები. წარმოუდგენელია გავჩეხოთ და გავანადგუროთ ის, რაც მნიშვნელოვანია ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ეს ქალაქი ყველასია. მხოლოდ თბილისის მერია ხომ არ უნდა იყოს პასუხისმგებელი? ყველა უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ მას. ერთი მხრივ, რეკრეაციულ პროექტებს ვახორციელებთ, უამრავ პარკს ვაწყობთ, სკვერებს რეაბილიტაციას ვუტარებთ და მეორე მხრივ, ადამიანთა გარკვეული კატეგორია თავისი პატარა ინტერესებისთვის ტყეს ჩეხს. მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია და კატეგორიულად მიუღებელი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ დიდუბის რაიონის ყოფილ გამგებელს ვლადიმერ ძნელაძეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა. ძნელაძე ამიერიდან ენერგეტიკის განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო დიდუბის რაიონის აწ უკვე ყოფილ გამგებელს ვლადიმერ ძნელაძეს, რომელიც საქმიანობას ახალ თანამდებობაზე განაგრძობს - იგი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისად, გამგებლის თანამდებობა დატოვა. ლადოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის მიმართულებითაც. იგი 2021 წლიდან იყო დიდუბის რაიონის გამგებელი. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული. მინდა, მადლობა ვუთხრა მას გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. შორს არ მიდის. მართლაც მნიშვნელოვანი პროექტებია ენერგეტიკის მიმართულებით გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს სერიოზული რესურსები, რომელსაც სჭირდება სწორი, რაციონალური გამოყენება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, რათა საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ იყოს ვინმეზე ან რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები