თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, დღეისთვის, თბილისის მერიის პროგრამას 11 ორგანიზაცია ემსახურება და საერთო ჯამში, 2 400 ბავშვი და მოზარდი უწყვეტ რეჟიმში იღებს შესაბამის მომსახურებას.
„დღეს 2 აპრილია - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე და წელს ამ დღის დევიზია - „ჩვენი განსხვავებულობა გვაერთიანებს“. ამ მიმართულებით, ცნობადობის ამაღლება და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მუნიციპალიტეტი, ისევე, როგორც სხვა არაერთი მიმართულებით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს - გვაქვს შესაბამისი პროგრამა. თბილისის მერიამ, აღნიშნული პრობლემის წინაშე მდგარი ოჯახებისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და მასში 325 ბავშვი იყო ჩართული, დღეისთვის კი, მერიის პროგრამით, 2 400 ბავშვი და მოზარდი უწყვეტ რეჟიმში იღებს მომსახურებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა, რომ აბილიტაციის პროცესში რეჟიმის უწყვეტობა მნიშვნელოვანია, რადგან თერაპიის წყვეტის შემთხვევაში, ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო.
„როდესაც პროგრამა არ არსებობდა, ოჯახები, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყვეტად ვერ ახერხებდნენ თავიანთი შვილებისთვის სერვისის მიღებას, რაც ძალიან დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, ამ პროგრამით უამრავ ადამიანს, ოჯახს ვეხმარებით. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ყოველთვის გვერდით დავუდგებით და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ადამიანებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, თბილისის მერიას 2025 წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის 11 245 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.
„პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი სეანსები ფინანსდება. დღეისთვის, თბილისის მერიის პროგრამას 11 ორგანიზაცია ემსახურება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, იმ ბავშვებისა და ახალგაზრდების თანადგომისთვის, რომლებიც ამ პროგრამაში მონაწილეობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ გმირთა მოედანზე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დაასრულა. ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილის საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარდა, ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა.
„თბილისის მერიამ გმირთა მოედანზე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დაასრულა. აღნიშნული სატრანსპორტო კვანძი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთული მონაკვეთია, სადაც სხვადასხვა მიმართულების სატრანსპორტო ნაკადები იკვეთება და ნაწილდება. სამუშაოები გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდა, სადაც გზის სავალი ნაწილის საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარდა, ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ამორტიზებული გაზმომარაგების მილები შეიცვალა და ელექტროგადამცემი სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. საგზაო სამუშაოები 32 000 კვ.მეტრ ფართობზე ჩატარდა, სადაც ასფალტის საფარი დაიგო. ამასთან, მოეწყო გარე განათების ქსელი LED სანათებით. ტერიტორია ადაპტირდა შშმ პირებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტი წარიმართა წინასწარ შემუშავებული საგზაო მოძრაობის ოპტიმიზებული სქემის მიხედვით.
„ტერიტორიაზე მოეწყო შუქნიშნის ორი ობიექტი, რომელიც სინქრონულად იმუშავებს სანაპიროზე განთავსებულ, შუქნიშნით რეგულირებულ კვანძთან, რაც საგზაო მოძრაობის ორგანიზებას გააუმჯობესებს. გმირთა მოედანი აღიჭურვა უახლესი თაობის, ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე დაფუძნებული შუქნიშნებით, რომლებიც რეალურ დროში აკონტროლებენ სატრანსპორტო ნაკადებს და ავტომატურად არეგულირებენ შუქნიშნის ფაზებს, რაც მოძრაობას კიდევ უფრო ოპტიმალურს გახდის.
ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც, ფაზების ცვლილებისას, ავტომობილების მოძრაობის შეფერხების გარეშე, ქვეითებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, გამოიყო დამატებითი საავტომობილო ზოლი, რაც ნაკადების დინამიკურ გადანაწილებას შეუწყობს ხელს, უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის კი მოეწყო კუნძულები და სრულად განახლდა საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე არსებული ნაკადებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ცოცხალ რეჟიმში დაკვირვება მიმდინარეობს, რათა განისაზღვროს ახალი შუქნიშნების ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი.
„განხორციელებული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურას და გადაადგილების პროცესს უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის. აღსანიშნავია ისიც, რომ სატრანსპორტო ნაკადებზე დაყრდნობით, ავტომატურ რეჟიმში, უწყვეტად მიმდინარეობს ახალი შუქნიშნების კალიბრაცია, რათა შეირჩეს მათი ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი და შემუშავდეს დროითი გეგმა. პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. დაირგო, დაახლოებით, 140 ძირი ხე-მცენარე. შედეგად, აღნიშნული ტერიტორია საკმაოდ ლამაზი და კეთილმოწყობილია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ყურადღება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესის შეფერხების მიზეზებსა და მიმდინარე სამუშაოებზე გაამახვილა.
მისი განცხადებით, მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად ხელშეკრულება შესაბამის უცხოურ კომპანიასთან გაფორმდა.
„ჩვენ არასდროს ვერიდებით პრობლემებზე საუბარს, არასდროს გავურბივართ გამოწვევებს და არ გვიჭირს, ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას. ჩვენ ბევრჯერ ვსაუბრობთ წარმატებულ პროექტებზე, გაკეთებულ საქმეებზე, რაც 2017 წლიდან მოყოლებული ნათლად ჩანს დედაქალაქში, მაგრამ არსებობს გამოწვევები და პრობლემებიც. დღეს მინდა, ერთ პრობლემურ საკითხზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე ვართ. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლის მოსაცდელ ბაქანზე ჭერი ჯერ კიდევ 2018 წელს ჩამოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა სადგურის რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა დაუყოვნებლივ დაიწყო, აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია. პროცესის გაჭიანურების მთავარ მიზეზს წარმოადგენს მიწისქვეშა ტრანსპორტის სფეროში, როგორც ადგილობრივი საპროექტო და სამშენებლო, ისე საექსპერტო კომპანიების არასაკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით ადგილობრივი კომპანიები ამ პროექტში მონაწილეობას თავს არიდებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც გამოგვიცხადებია ტენდერი და კომპანიები არ იღებდნენ მასში მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პირველად შერჩეულმა სამშენებლო კომპანია „მამისონმა“ ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, რის გამოც მასთან ხელშეკრულება შეწყდა.
„არაერთი მცდელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 2021 წელს შეირჩა საპროექტო ორგანიზაცია, შპს „თი დი ეს“, რომელმაც დასრულებული, ექპსერტიზა გავლილი პროექტი წარმოადგინა 2022 წლის იანვარში. პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა მთელი რიგი შემაფერხებელი გარემოებები, რომელმაც 2022 წლიდან დღემდე, მნიშვნელოვნად გააჭიანურა პროექტის დასრულება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განმარტებით, პროექტის ძირითად სამუშაოს წარმოადგენს მგზავრთა მოსაცდელი დარბაზის ჭერის და კედლების, ასევე, საესკალატორო დახრილ გვირაბში აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, თანამედროვე, უსაფრთხო მასალებით ჭერის მოწყობა.
თბილისის მერის თქმით, ძველი ჭერის დემონტაჟის შედეგად გამოიკვეთა უშუალოდ რკინაბეტონის თაღის, მათ შორის, გეომეტრიული პარამეტრების კვლევის აუცილებლობა და სხვა კვლევებთან ერთად, ორჯერ ჩატარდა ზედაპირის სრული სკანირება.
„ასევე, განახლებული პროექტის ექსპერტიზის ეტაპზე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოითხოვა რკინაბეტონის კონსტრუქციების სიღრმისეული შესწავლა, რაც ადგილობრივი საექსპერტო ორგანიზაციების რესურსებით საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამიტომ, მოგვიწია უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, ვისაც ასეთი ტიპის მეტროსადგურებზე უმუშავია. როგორც იცით, თბილისის მეტრო საბჭოთა პერიოდშია აშენებული. ამიტომ, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან, შპს „პრობილდ ექსპერტთან“ და მიმდინარეობს რკინაბეტონის კონსტრუქციების სრული კვლევა, ასევე, აღდგენის პროექტის მომზადება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „ბადა ქონსთრაქშენმა“ უკვე განახორციელა ძველი ჭერის სრული დემონტაჟი, ბაქნის ქვეშ შიდა სამეურნეო სივრცეების სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოები, შეკვეთილია ახალი ჭერის კონსტრუქციის მოსაწყობად საჭირო მასალა და სხვა.
კახა კალაძის თქმით, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."