26 მარტი, 2025

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

„ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს სოციალური დახმარებებისა და ჯანდაცვის მიმართულებები, რისთვისაც საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 100%-ით უფინანსდებოდათ მედიკამენტები. გასულ წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით საჭიროებს მხარდაჭერასა და დახმარებას, ყველას აღმოვუჩენთ თანადგომას და 100%-ით დაფინანსდება მედიკამენტები. არ აქვს მნიშვნელობა პირი სოციალურად დაუცველია თუ არა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, პროგრამა HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება და შესაბამისად, ძვირადღირებული მედიკამენტები ფინანსდება. თბილისის მერია 18, რიგ შემთხვევაში კი, გაცილებით მეტ ინფუზიას აფინანსებს.

„2024 წლიდან ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად, 100%-ით უფინანსდება. ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მინიმუმ 24 750 და მაქსიმუმ 70 110 ლარი გამოიყოფა. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქემ პროგრამაში ჩასართავად, განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართოს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან გასატანად, საგარანტიო წერილი გაიცემა.

„გვაქვს ბევრი პროგრამა, ბევრი მიმართულება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა. უნდა აღნიშნოს, რომ იგივე დამოკიდებულებაა ჯანდაცვის მიმართულებითაც. უამრავი ადამიანი მოგვმართავს სხვადასხვა ოპერაციის დაფინანსების თხოვნით. აქაც მაქსიმალურად ყველას ხელს ვუწყობთ და ჩვენი მხრიდან გამოიყოფა კონკრეტული თანხები, რათა დავაკმაყოფილოთ მოქალაქეთა მომართვიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობისგან დაზარალებულებისთვის გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 11 ჰექტარია.

მისი თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით უკვე 2 500 პირი დაკმაყოფილდა.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საკითხი იყო პრობლემა, რომელიც ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ათეული წლების განმავლობაში 3 500-მდე დაზარალებული ოჯახი ვერ იღებდა საკუთარ ფართებს. ჩვენ 2017 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავეცით დაპირება, რომ მათ აღნიშნულ პრობლემას მოვუგვარებდით - აუშენდებოდათ და საკუთრებაში გადაეცემოდათ ბინები. ამ მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამებით, დღეის მდგომარეობით, უკვე 2 500-მდე პირი დავაკმაყოფილეთ. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაცემული აქვთ ბინები საკუთრებაში, ზოგიერთი მათგანის ბინები კი მშენებლობის პროცესშია. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ოჯახები ფართებით დასაკმაყოფილებელი, დამატებით გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 11 ჰექტარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფართებით დამატებით 300-მდე დაზარალებული ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.

„გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება თბილისის მუნიციპალიტეტს, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დასაკმაყოფილებლად, გადმოსცეს არანაკლებ 24 100 კვ.მ საცხოვრებელი ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეგვეძლება, დამატებით დავაკმაყოფილოთ 300-მდე დაზარალებული ოჯახი. მინდა, მივმართო ბიზნეს სექტორს, ამ პროექტებით დაინტერესებულ ყველა პირს, რომ გაეცნონ შესაბამის პირობებს და მიიღონ მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მომავალ წელს განხორციელდება.

აღინიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე მომავალი წლისთვის დაგეგმილი რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლებასაც მოიცავს.

„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, როდესაც დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი მტკიცდებოდა, ერთ-ერთ მთავარ ინფრასტრუქტურულ პროექტად რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გამოვყავით. მაშინაც გვქონდა იგივე დამოკიდებულება, რომ პირველ რიგში, უნდა მოწესრიგდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები. მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა დღეს ერთ-ერთი გამოწვევაა დედაქალაქისთვის, რადგან იგი ამორტიზებულია და მთელ რიგ ქუჩებსა და გამზირებზე პრობლემას წარმოადგენს. როდესაც რომელიმე ქუჩის რეაბილიტაციას ვიწყებთ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. იგივე გვქონდა დაგეგმილი რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვაწარმოვეთ მთელი რიგი კვლევები და გამოიკვეთა, რომ რუსთაველის გამზირზე არ არსებობს არც სანიაღვრე და არც წყალარინების სისტემა. არის ერთი კომუნისტების დროს აშენებული, ავარიული კოლექტორი, რომელიც ატარებს ყველაფერს. პირველი უნდა განხორციელდეს ამ კოლექტორის სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სამი თვის ვადაში გეგმავდა, თუმცა ზემოთ აღნიშნული სირთულეებიდან გამომდინარე, ამ პროცესისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო.

„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს აღნიშნულ სამუშაოებს არ ვაწარმოებთ და გადავდებთ მომავალი წლისთვის. ამასთან, პირველი იქნება მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შემდეგ კი დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლება-რეაბილიტაცია, თავისი ფასადებით, რადგან ბევრი მათგანი ავარიულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრების განახლების მიზნით, კონკურსს გამოაცხადებს.

კახა კალაძემ არქიტექტურის სამსახურის უფროსს დაავალა, რომ დაიწყონ შესაბამისი პროცედურები, რათა საკონკურსო წინადადებები მიიღონ.

„თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრები დიდი ხანია მოძველებულია, რაც ლამაზი ნამდვილად არაა. დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე და განახლებული. ამიტომ, მათ შესაცვლელად, უახლოეს მომავალში ვაპირებთ, გამოვაცხადოთ შესაბამისი კონკურსი. მასში მონაწილეობა სხვადასხვა დაინტერესებულ პირს შეეძლება. მინდა, დავავალო არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელს, დაიწყეთ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, პირობები ჩამოაყალიბეთ და როდესაც უკვე მზად იქნებით, საზოგადოებას წარუდგინეთ კონკურსის წესები. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დიდ დიღომში მდებარე მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ფართის იჯარით გაცემაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება.

„გასული წლის ოქტომბერში დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის 18ა-ში გაიხსნა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც არის ორი საცურაო აუზი, ტანვარჯიშის დამოუკიდებელი დარბაზი, საკალათბურთო, ფრენბურთის, საჭიდაო დარბაზები, კრივისთვის განკუთვნილი სივრცე და ასე შემდეგ. აღნიშნული მულტიფუნქციური ცენტრით, ყოველთვიურად, 3 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს. პროექტში გათვალისწინებული არის ასევე კაფეს პროექტი. გვაქვს კონკრეტული სივრცე და გვინდა, აქაც გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, ფართი გავცეთ იჯარით, კაფეს მოწყობის ვალდებულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მიმართა ბიზნესსექტორს, დაინტერესდეს აღნიშნული წინადადებით და ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები