თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი იწყება.
კახა კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, პროფესიული გადამზადების პროგრამაში დარეგისტრირდნენ.
„ბევრი ადამიანია, ვინც სამსახურს ეძებს. პარალელურად, ბიზნესი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან, რის შედეგად, ვიცით ყველა ის სფერო და მიმართულება, სადაც პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. ამიტომ, წამოვიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც ხელს უწყობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი პროფესიონალიზმი. კერძოდ, მოხდება მათი გადამზადება, ასევე, დავეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას.
„აღნიშნული პროგრამა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე გადამზადება, ცხადია, უფასოა. ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ 10 ათასამდე მოქალაქეს დავეხმარეთ და მივეცით შესაძლებლობა, გადამზადებულიყვნენ. დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს 70%. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა კიდევ გვაქვს გაუმჯობესების რესურსი. ამიტომ, დარეგისტრირდით აღნიშნულ პროგრამაში დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, ონლაინ რეგისტრაციის პლატფორმაზე dasakmdi.ge“, - განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 70-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროებში.
ამასთანავე, დედაქალაქის მერის განცხადებით, წელს დაემატება 10 ახალი პროგრამა, მათ შორის, ბრენდდიზაინის შემსწავლელი კურსი, ინტერიერის დიზაინი, კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, IT პროექტების მართვისა და ანალიზის შემსწავლელი კურსი, კერამიკული ნაკეთობის დამზადება, კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული პრობლემების ტექნიკოსის საქმიანობის შემსწავლელი კურსი და სხვა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის პროგრამით „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. შესაბამისი ცვლილებები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.
„თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ცვლილებებს მუდმივად ახორციელებს. მორიგი ასეთი ცვლილებით, პირველი აპრილიდან, პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. ეს სიახლე აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს უკავშირდება და მიზნად, აღნიშნული საჭიროების მქონე ოჯახების გვერდით დგომას ისახავს, რადგან ამ სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიღება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, თბილისის მერიის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 11 245 000 ლარამდე გაიზარდა და აპრილიდან 2 400 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი.
„რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, მათი რიცხვიც გაზრდილია. იანვრიდან მერიის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად მე-11 ორგანიზაცია ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყების დროისთვის, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი 500 000 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ, პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და შესაბამისად, მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. ასევე, მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობამ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მერიის პროგრამის ფარგლებში, თერაპიული სეანსები თავიდან 2-დან 14 წლის ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ.
„ჩვენი გადაწყვეტილებით, რამდენიმე წლის წინ პროგრამაში შევიტანეთ ცვლილება და 18 წლამდე მოზარდებსაც ვეხმარებით. მათაც აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ყურადღება სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცების ფაქტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად განაგრძობს უკანონო მშენებლობების მონიტორინგსა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
მისივე თქმით, სახელმწიფო მიწების მასშტაბურად დაკავება-მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აეროდრომის შეზღუდვის არეალში, განსაკუთრებული რეგულირების ზონაში გამოვლინდა.
„როგორც გახსოვთ, იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მიწებზე ხდებოდა უნებართვო შენობა-ნაგებობების განთავსება, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იმ ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და აქვთ უსახლკაროს სტატუსი, გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს. სახელმწიფო მიწების მითვისება და მასზე უკანონო მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავაფიქსირეთ შემთხვევები და საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ძირითადად ამ ფაქტების უკან იდგნენ ადამიანები, რომელთაც ბიზნესები აქვთ ქალაქში, ფლობენ რამდენიმე საცხოვრებელ ბინას, რეგიონებში ძალიან დიდი ტერიტორიებს. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გაჭირვებულ ოჯახებს იყენებდნენ ფარად ასეთი ადამიანები. შესაბამისად, ის დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები მოხდეს, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება გამოვლენილ კანონდარღვევას, თბილისის მერის თქმით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს: ამას აქვს თავისი წესი, განსაზღვრულია კანონით, შესაბამისი რეგულაციებით - შეგიძლიათ, დაწეროთ განცხადება დედაქალაქის მუნიციპალიტეტში, გაიაროთ ყველა შესაბამისი საფეხური და თუ ექვემდებარებით საცხოვრებლის მიღებას, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი გადმოგცემთ, მაგრამ სახელმწიფო მიწების მიტაცება კატეგორიულად მიუღებელია. ამას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."