5 თებერვალი, 2025

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა“ წელსაც გრძელდება.

მისი თქმით, ხელისუფლება ყოველთვის გვერდში დაუდგება იმ მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ ესაჭიროება მხარდაჭერა და თანადგომა.

„განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლისთვისაც ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხებია გათვალისწინებული. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - ყოველთვის გვერდში დავუდგებით იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ესაჭიროება. ამასთანავე, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისე განვითარდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები გაჭირვებული ოჯახი და ადამიანი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა შევიდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში. ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამისკენ არის მიმართული, რათა ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება. ეს უნდა იგრძნოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ“, -განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერიაში 2022 წლიდან მოქმედებს „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, წელსაც ვასრულებთ მას. ვაუჩერის წლიური ღირებულება შეადგენს 500 ლარს, რომლის გამოყენებაც სოციალურად დაუცველ თბილისელ პენსიონერებს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ამ პროგრამით, საჭიროა მხოლოდ ოჯახის ექიმთან ვიზიტი. პაციენტის შემოწმების შემდეგ ექიმი დანიშნულ მედიკამენტებს სპეციალურ პროგრამაში შეიტანს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, პენსიონერს ვაუჩერის განაღდება ელექტრონულად, ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში შეუძლია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ბიუჯეტში 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„ეს პროგრამა წარმატებით მუშაობს. სამი წლის განმავლობაში, 25 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. ჩვენ წელსაც გვინდა, შესაძლებლობის ფარგლებში, გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს და, გარკვეულწილად, შევუმსუბუქოთ ყოველდღიური ყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონის მოწყობის საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კვლევების პირველი ეტაპი დასრულებულია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, პოლიგონის მოსაწყობად თბილისის შემოგარენში უკვე შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია და მათი დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.

„დედაქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის მოძიება გრძელდება. იცით, რომ არსებული პოლიგონი დიდ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში, მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის - არის საკმაოდ მძიმე ვითარება, გაუსაძლისი სუნი. სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და დაშორება მცირეა, პოლიგონის არსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ადგილობრივებს შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი, ჩვენ მათთან არაერთი შეხვედრა გვქონდა. ჯერ კიდევ გასულ წელს დავპირდით, რომ ამ საკითხზე მუშაობას დავიწყებდით. ყველა საერთაშორისო სტანდარტს ვიცავთ. დავიწყეთ შესაბამისი კვლევები. შერჩეულია უკვე რამდენიმე ლოკაცია თბილისის შემოგარენში, 50 კმ რადიუსში და დეტალურ შესწავლას ვიწყებთ, თუ სად შეიძლება აღნიშნული პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება არსებულ პოლიგონს და იმ პრობლემებს, რომლებიც მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, დედაქალაქის მერის თქმით, დაპირებისამებრ ყველაფერი მოწესრიგდება.

„ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ ევროპისა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, მათი სპეციალისტები ჩართულნი არიან პროცესში. პირველ რიგში, ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებთ. ნაჟური წყლები, რომელიც ერთ-ერთ არხში ჩაედინება და მოსახლეობას ძალიან აწუხებს, უნდა მოწესრიგდეს. აღნიშნულ საკითხზე გვქონდა კომუნიკაცია „თბილსერვის ჯგუფთან“. პირველ რიგში, ადგილზე ყველა პრობლემას გადავჭრით, რაც მოსახლეობას აწუხებს. სამწუხაროდ, 15 წლის წინ, როცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი დიდ ლილოში მოწყობილიყო, არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. უბრალოდ მივიდნენ, დაიწყეს ამოთხრა და ამდენი წელია პრობლემა არსებობს, მოსახლეობას კი ეს ყოველივე ძალიან აწუხებს. ჩვენ მათ დავპირდით და ყველაფერს მოვაწესრიგებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება. ამ მიზნით გამოცხადებული აუქციონები დასრულდა და გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. 2017 წლიდან რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი არის ელექტრომობილების წახალისება. ქალაქში დავიწყეთ ელექტროდამტენების მონტაჟი სხვადასხვა უბანში, თუმცა ეს არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი. შესაბამისად, გამოვაცხადეთ აუქციონები ქალაქის მასშტაბით, 200-მდე ელექტროდამტენის განთავსებაზე. გამოითქვა ძალიან დიდი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და აუქციონებში ბევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, დიდი კონკურენცია იყო. გვყავს გამარჯვებულები, რომლებიც ვალდებული არიან, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ თითოეულ ლოკაციაზე ელექტრომობილის სწრაფად დასამუხტი „ჭკვიანი“ აპარატის განთავსება და შემდგომი 10 წლის განმავლობაში, მათი უწყვეტი ფუნქციონირებაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ეს ყველაფერი კეთდება ელექტრომობილების წახალისების მიზნით. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც მხოლოდ ელექტრომობილების ნაწილით არ შემოიფარგლება. რეკრეაციული სივრცეების პროექტებს ვახორციელებთ, შემოვიღეთ რეგულაციები სამშენებლო ობიექტებზე, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს გამოსწორებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა გრძელდება და მერია ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადადგამს.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ყიფშიძის ქუჩაზე, შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაციას იწყებს.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაციას იწყებს. დაახლოებით, ერთი ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და გვინდა, მთლიანად განვაახლოთ. პროექტის ფარგლებში, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, განთავსდება საპარკო ინფრასტრუქტურა, ტრენაჟორები, ატრაქციონები. პარკი იქნება განათებული. დამონტაჟდება უსაფრთხოების კამერები. ყველა ის სამუშაო ჩატარდება, რაც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

„აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, დაახლოებით, ორი მილიონი ლარი დაიხარჯება და წლის ბოლომდე სამუშაოები მთლიანად დასრულდება. მიხარია, რომ დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. ზოგადად, ბოლო წლებში, არაერთი მსგავსი პროექტი განვახორციელეთ და ეს თბილისს ეტყობა კიდეც. ისე არაფერი უხდება ჩვენ ქალაქს, როგორც მწვანე სივრცეები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები