თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
მისი თქმით, ფერდი მეწყრულია, შესაბამისად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს სამუშაოებს, რათა ავტომანქანებისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს.
„ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ფერდი მეწყრულია და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, ფერდის ქვემოთ ბეტონის ფილები დროებით არის განლაგებული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამაგრების სამუშაოები დავიწყოთ, ფუნდამენტური ჩარევით, რათა პრობლემა თავიდან ბოლომდე მოგვარდეს. აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გამაგრება ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის გახდა საჭირო. ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, ანკერები, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამუშაოების წარმოებისას, პერიოდულად, ნაწილობრივ შეიზღუდება ავტომობილების გადაადგილებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ფერდის გამაგრების სამუშაოები, დაახლოებით, რვა თვეში დასრულდება.
„სამუშაოები საკმაოდ შრომატევადი იქნება. პროექტის დასრულებას, დაახლოებით, რვა თვე დასჭირდება. ფერდი მეწყერსაშიშია, გარკვეულწილად დაძრულია და გვინდა, რომ ამ მონაკვეთზე გადაადგილება იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული ხანდაზმულები 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარს მიიღებენ.
„მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, არის სოციალური პროგრამები. ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები, ვისაც ჩვენი მხრიდან თანადგომა სჭირდებათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს ჩვენგან ხელშეწყობა ჰქონდეთ და არავინ დარჩეს პრობლემის პირისპირ. ჩვენ გვაქვს პროგრამა, როდესაც ადამიანს 100 წელი უსრულდება, დედაქალაქის მერია ჯილდოს სახით, 1 000 ლარს გადასცემს. წლების განმავლობაში ასე იყო, წელს კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო 10-ჯერ გაიზარდოს და 10 000 ლარი გადავცეთ 100 წელს შესრულებულებს. მინდა, ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ გასულ წელს ფულადი დახმარება 1 000 ლარის ოდენობით, 57 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათ შორის, 23-ს ერთი საუკუნე, ხოლო 34-ს, 101 და მეტი წელი შეუსრულდა.
„მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თანხის მისაღებად, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივში, შუამთის ქუჩა N40 ა-ში განხორციელდება.
მისი თქმით, აღნიშნულ ავარიულ შენობაში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდება, ამჟამად 55 ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც მუნიციპალიტეტი დროებით ქირით უზრუნველყოფს.
„ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, მოეწყობა 22 ერთეული ავტოსადგომი, ორი ერთეული კომერციული ფართი და 129 საცხოვრებელი ბინა, საიდანაც 55 ბინა, გარემონტებული და მოწესრიგებული, გადაეცემათ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს“, - განაცხადა კახა კალაძემ და მთავრობის სხდომაზე ვიზუალური მასალაც წარმოადგინა, თუ როგორი იქნება ახალი საცხოვრებელი კორპუსი.
ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, ამავე პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს სამგორის რაიონში კიდევ ერთ მისამართზე, კერძოდ, რომანოზ ხომლელის ქუჩა, კორპუსი N4ა-ში.
„აღნიშნული კორპუსი, სადაც 44 ოჯახი ცხოვრობს, უმძიმესი მდგომარეობაა. შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება და აშენდება თანამედროვე, ქართული არქიტექტურის მქონე 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სრულად გარემონტებულ ბინებს 44 ოჯახი მიიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება. დედაქალაქის მერმა მოუწოდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც მსგავს შენობებში ცხოვრობენ, იაქტიურონ და მათი რაიონის გამგეობებს მიმართონ.
თბილისის მერმა კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე, ნეკრესის, დაისის, ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე გზის საფარის მოწესრიგებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
„მუხიანის აგარაკებზე უმძიმესი მდგომარეობა იყო. სიტუაცია გაუსაძლისი იყო იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი კომუნიკაცია და გზა არ არსებობდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი ვერ ახერხებდა გადაადგილებას. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მუხიანის აგარაკების მოწესრიგება. პირველ რიგში, ცენტრალური მაგისტრალების მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტი განხორციელდა, რადგან ამის გარეშე აღნიშნულ დასახლებაში გზის საფარის მოწესრიგება შეუძლებელი იქნებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გლდანის რაიონის გამგეობა უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაიწყებს. მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარე წელს, გლდანის გამგეობა აღნიშნულ დასახლებაში ბორჯომისა და შოვის ქუჩებს მოაწესრიგებს, რაჭის ქუჩაზე კი წყალარინების ქსელს მოაწყობს.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."