თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა.
„კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ახალი წელი და თითოეულ მოქალაქეს პირველ რიგში, ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება. დღეს არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა. რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ისაა, რომ გრძელვადიანად შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს და კეთილდღეობა იგრძნოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. მინდა, 2025 წელი წარმატებული იყოს თითოეული ჩვენგანისთვის და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებიც საახალწლო ღონისძიებებში იყვნენ ჩართული.
„2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა, რომელიც 25 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ყველა იმ კომპანიას, ვინც შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართული იყო „საახალწლო სოფლის“ ღონისძიებების ორგანიზებაში და აუცილებლად მეწარმეებს, რომელთა გარეშე საახალწლო ბაზარი წარმოუდგენელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, შემოტევები, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ „საახალწლო სოფელს“ ემუშავა გამართულად. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აქვე, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს საახალწლო სივრცე კიდევ უფრო დიდი იქნება, სადაც საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა მეტ მეწარმეს მიეცემა.
„გპირდებით, რომ მომავალი წლისთვის ჩვენი საახალწლო სივრცე იქნება კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური, სადაც შევეცდებით, ყველა ადამიანს, მეწარმეს დავეხმაროთ და მივცეთ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქციის გაყიდვა მოახერხონ. მადლობა მინდა, გადავუხადო არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს, ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. მათი მისამართითაც იყო შეურაცხყოფა, ბულინგი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები დადგნენ თბილისელების, ხალხის გვერდით და თავიანთი შემოქმედებით გაალამაზეს ჩვენი დედაქალაქი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის. ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერ თემაზე, ყველას, თითოეულ თქვენგანს ექნება მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება საციგურაო ყინულის მოედანს, კახა კალაძის თქმით, დატვირთულობისა და დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ის 21 იანვრამდე იფუნქციონირებს.
თბილისის მერმა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
„გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო არეალი, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. დედაქალაქში გამტარუნარიანობის თვალსაზრისით ეს საკმაოდ პრობლემური ადგილია, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია. ასევე, გარე განათების ქსელის მოწყობა LED ლამპიონებით. უკვე მიმდინარეობს სადენების მიწის ქვემოთ ჩატანა. ასევე, უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლითაც საავტომობილო მოძრაობა დარეგულირდება. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტი, დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში იწარმოებს.
„პროექტის განხორციელებისთვის მოგვიწია გარკვეული არეალების გამოსყიდვა. ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. ამისთვის კომპანიებს თანამშრომლობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა. აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დღეს არსებული ვითარება, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს, მოგვარდეს და ამ კვანძზე მოძრაობა შედარებით თავისუფალი იყოს. პროექტი, დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება. დღის განმავლობაში მუშაობას ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ. ამიტომ, სამუშაოების შესრულება ძირითადად ღამის საათებში მოგვიწევს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ აქვე აღნიშნა, რომ თბილისის მერია აუქციონს აცხადებს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელიც კიდევ 200-მდე ლოკაციაზე განთავსდება.
„მინდა, შევეხო დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - სატრანსპორტო პოლიტიკას. იცით, რომ ამ მიმართულებით პირველივე დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული, დედაქალაქში გადაადგილება იყოს სწრაფი, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. გარდა ამისა, სრულად განვაახლეთ ავტობუსების პარკი, მიკროავტობუსები, მიმდინარეობს მეტროზე მუშაობა, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ვაგონების შესყიდვაზე, სრულად შევცვალეთ ძალოვანი კაბელები, ასევე, მოვაწესრიგეთ გამნიავებელი სისტემები და ახალი აგრეგატები იქნა დაყენებული. ვიწყებთ მეტროსადგურების განახლებასაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელექტრომობილების წახალისებას.
„ვაცხადებთ აუქციონს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელზე მოთხოვნაც უფრო და უფრო მზარდია. აღნიშნული აუქციონის ფარგლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ელექტროდამტენი 200-მდე ლოკაციაზე დამონტაჟდება. აუქციონი გამოცხადდება სამ ლოტად. თითოეულ ლოტში თანაბრად გადანაწილდება დასამონტაჟებელი დამტენების რაოდენობა; თითოეული მათგანი უნდა იყოს სწრაფად დამტენი აპარატი; აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, აპარატები დაამონტაჟოს და ფუნქციონირება დაიწყოს არაუგვიანეს რვა თვის განმავლობაში; საიჯარო ვადა იქნება 10 წელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ელექტრომობილების მომსახურება კიდევ უფრო გაუმარტივდება, მთლიანობაში კი პროცესი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისებას, რაც თავის მხრივ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებასა და ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
კახა კალაძემ მოუწოდა ბიზნესის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პირობებით და აუქციონში ჩაერთონ. განაცხადების მიღება 20 კალენდარული დღის განმავლობაში იწარმოებს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125-ლარით გაიზრდება.
„ეს არის მიმართულება, სადაც თანამშრომლებს ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ და ამ მხრივ ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს იყო წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრის დაპირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, დაპირებას ვასრულებთ. საერთო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით, ხელფასები იზრდება საშუალოდ 25%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გასული 2024 წელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული სკოლამდელი განათლების სისტემის მხარდაჭერის მიმართულებით.
„დედაქალაქში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა აშენდა და გაიხსნა, ორი ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, დაიწყო ახალი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, შვიდი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პატარებს ჰქონდეთ საშუალება, ნორმალურ პირობებში აღიზარდონ, ამ მიზნით კი ბაღის გარემოში თითოეულ დეტალს შესაბამისი ყურადღება ექცევა, დაწყებული კვებით, დასრულებული სათამაშოებითა და თეთრეულით.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."