თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის 2024 წლის ბოლო სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა.
„პირველ რიგში, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს. 47 წლის წინ, სვეტიცხოვლის ტაძარში მან ქართველ ხალხს მისცა პირობა, რომ „საკუთარი მხრებით ზიდავდა პატრიარქის უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“, რასაც პირნათლად ასრულებს. დიდია ილია მეორის ღვაწლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასა და ქვეყნის განვითარებაში, რისთვისაც ძალიან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მადლობას ვუხდი მას. ვუსურვებ მის უწმინდესობას დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, უპრეცედენტოდ გაზრდილია.
„გუშინ საკრებულოში გვქონდა შეკრება, სადაც თბილისის მოსახლეობას ჩავაბარეთ ანგარიში, თუ რა გაკეთდა 2024 წელს, რა პროექტები განვახორციელეთ. ეს წელი შთამბეჭდავი იყო, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთეთ. ვხედავთ და ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ რჩება ქალაქში და მაქსიმალურად ვცდილობთ, შესაბამისად ვუპასუხოთ მათ. მზად ვართ, ღირსეულად ვემსახუროთ თბილისს და ყველა პრობლემა ეტაპობრივად დავძლიოთ. მინდა, საკრებულოს თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. გუშინ დამტკიცდა დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი, რომლის მოცულობა 2 მილიარდ 455 მლნ ლარია. 2017 წელს, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მერად ამირჩია, 2018 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 800 მილიონ ლარზე მეტი იყო. 2025 წლის ბიუჯეტიც მიმართულია პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაზე, რაც ქალაქს კიდევ უფრო განავითარებს, დაამშვენებს და კომფორტულს გახდის. მომავალ წელსაც განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს დაეთმობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ფინანსთა სამინისტროს.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერას, რაც გვაძლევდა და გვაძლევს საშუალებას, ყოველწლიურად მეტი გაკეთდეს ამ ქალაქის თითოეული მცხოვრებისთვის. მადლობას ვუხდი ამ მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს. 2025 წელი იქნება კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის შექმნის, მეტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, მეტად კეთილმოწყობილი სივრცეებისა და ყველა იმ ადამიანის თანადგომის წელი, რომელსაც განსაკუთრებით დასჭირდება მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ქალაქს, თბილისის მთავრობას და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს ამ საქმიანობაში. შეიძლება ყოველდღიურად მე უფრო მეტად ვჩანვარ საზოგადოებაში, მაგრამ ჩემს უკან 32 000-მდე ადამიანი დგას, ვინც დედაქალაქს და მის მცხოვრებლებს ერთგულად ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა.
„როგორც იცით, აღნიშნული მიმართულება დედაქალაქისთვის სერიოზული გამოწვევაა, ამიტომ ჩვენ მიზნად დავისახეთ ამ პრობლემის მოგვარება და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს თანამედროვედ, ცივილურად. აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ცხოველი გადავიყვანოთ თავშესაფარში სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით, რაც, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდია ქუჩის ბინადარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო და სრულად აღიჭურვა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკი, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ახალი ცენტრი იზოლირებულია არსებული თავშესაფრის შენობისგან და იქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება, რაც დაავადებების მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება.
მისივე თქმით, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ.
„წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის განხორციელება, რომელიც ემსახურება დედაქალაქში მოძრაობის გარკვეულწილად განტვირთვას, რაც გამომდინარეობდა არაგაბარიტული მანქანების მოძრაობით პიკის საათებში. 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მათი გადაადგილება შევზღუდეთ. ეს ეხებოდა N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, ანუ იზღუდებოდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სამნახევარ ტონაზე მეტი სრული მასის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. გვქონდა გარკვეული გამონაკლისები დაშვებული. რეგულაციის მიღების დროს ბიზნესსექტორთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა და გამონაკლისად დავადგინეთ დისტრიბუციის მანქანები და მათ რვათვიანი შეღავათი მივეცით, რომ ამ ცვლილებასთან ადაპტირება მოეხდინათ. ამის შემდეგ მათ შეღავათი კიდევ ოთხი თვე გავუხანგრძლივეთ, პირველი იანვრიდან კი ეს შეზღუდვა მათაც შეეხებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, რა დროსაც დედაქალაქში არის უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები, დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში კი არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული და არც იგეგმება რაიმე ახალი შეზღუდვის დაწესება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს მოუწოდა, მუნიციპალიტეტს შესაბამისი პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მისი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ დროის მონაცემებით, კუთვნილი საცხოვრებელი ფართით უკვე 2 500-მდე პირია დაკმაყოფილებული.
„ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას დედაქალაქში წარმოადგენდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული პირების საკითხი. ეს ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა, რომლის მოგვარება ვერავინ მოახერხა. ჩვენ 2017 წელს, წინასაარჩევნოდ დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. საუბარია 3 500-მდე ადამიანზე. ამ მიზნით მართლაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დღეის მდგომარეობით, უკვე 2 500-მდე პირი დავაკმაყოფილეთ. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაცემული აქვთ ბინები, ზოგიერთის ბინა კი მშენებლობის პროცესშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავს მუნიციპალიტეტისთვის, იაქტიურონ და მიაწოდონ მერიას შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რათა აღნიშნული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს.
საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს, თბილისელებს და მათ მშვიდობა და ქვეყნის განვითარება უსურვა.
ამასთანავე, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოებისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, დამდეგი ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს. გისურვებთ, პირველ რიგში, მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, სიმშვიდეს, ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი ამ წლის განმავლობაში პატიოსნად, პროფესიონალურად, ღირსეულად ემსახურა თბილისელებს, ჩვენს ქალაქს. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც გვეხმარებიან, რომ გავაშუქოთ ის პროექტები, სიკეთეები, რაც ჩვენი ქალაქისთვის კეთდება, ასევე, ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც დედაქალაქში არსებობს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე, როგორც თითოეულ ქართველს გაუხარდება. ჩვენი ქვეყანა განვითარდება, წინ წავა, იქნება მშვიდობა, გვექნება ეკონომიკური კეთილდღეობა და, რა თქმა უნდა, ეს კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."