დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. თბილისის საჭიროებებისთვის მომავალ წელს 2 მილიარდ 455 მლნ ლარი დაიხარჯება.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი თბილისის ბიუჯეტის მოცულობა.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და პრობლემას. მომავალი წლის ბიუჯეტიც გვაძლევს ამის შესაძლებლობას. თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი, სსიპ-ების, აიპ-ების საკუთარი შემოსავლების, გარდამავალი ნაშთისა და სესხების ჩათვლით 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა პატარა შედარება გავაკეთო. მაგალითად, 2017 წელს, როდესაც ჩვენ აგვირჩია თბილისის მოსახლეობამ, 2018 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 815 მლნ ლარს. დღეს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად სხვა ციფრები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მთავრობას, ფინანასთა სამინისტროს - ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ მომდევნო წლის პროექტებზე და განსახორციელებელ სამუშაოებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების წარდგენამდე დედაქალაქის საკრებულოს 2024 წლის ანგარიში გააცნო.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2024 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 95.4 მილიონი ლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 1 253 046 კვ.მ-ს შეადგენს.
„წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 972 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი. კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 57 ქუჩაზე, ორმოულის შეკეთების სამუშაოები კი 926 ობიექტზე. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ფინანსური ხარჯი შეადგენს - 95.4 მილიონ ლარს. მათ შორის, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წარმოადგენს: დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები; უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ვაკის რაიონში, თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები; ვაკის რაიონში, ბაგების დასახლებაში, წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები; უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდური გადასასვლელის მოწყობა; სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები; უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე ინფორმაციით, 7.4 მილიონი ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად, საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის კი მიმდინარე წელს დაიხარჯა 42.4 მილიონი ლარი.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, მიმდინარე წელს თბილისის მერიამ 45 ჰა ფართობზე განახორციელა გამწვანების სამუშაოები.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამწვანების მიმართულება. ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება რეკრეაციული სივრცეები. არაფერი არ უხდება თბილისს ისე, როგორც გამწვანება და რეკრეაციული სივრცეების არსებობა. სხვადასხვა გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანდა გზის მიმდებარედ არსებული თარგები და მოეწყო გამწვანებული კუნძულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 581 პარკს, სკვერს და სპორტულ მოედანს. ზღვის უბანში 25 ჰექტარზე დავასრულეთ ახალი საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის სამუშაოები. დედაქალაქის მასშტაბით, პარკებში, სკვერებში, ურბანულ სივრცესა და თბილისის გარშემო არსებულ ტყის ფართობებზე ჯამში 74 393 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგო. ამავე ტერიტორიებზე, 227 313 კვ.მ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი.
ამასთან, დაირგო 448 860 ძირი სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილი. სანიტარიული ჭრის ფარგლებში მოიჭრა 27 707 ძირი დაავადებული, ხმელი და ზეხმელი ხე. მოიჭრა და ტერიტორიიდან გავიდა 8 791 კუბური მეტრი სტრუქტურადარღვეული ნიადაგი, ასფალტის საფარი, ინერტული მასა. თარგებში შეტანილი იქნა 30 578 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი, ასევე, 15 733 კუბური მეტრი მულჩი დაიყარა გამწვანებულ ტერიტორიაზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მიმდინარე წელს დედაქალაქში კულტურის მიმართულებით დაფინანსდა 230-მდე პროექტი, განათლება-ახალგაზრდობის მიმართულებით - 100-ზე მეტი, ხოლო სპორტის - 250-მდე პროექტი.
„კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე პერიოდისათვის დაფინანსდა 230-მდე პროექტი, მათ შორის, 25 მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის, 45 სპექტაკლი, 40-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ფესტივალი, 90-მდე საიუბილეო და შემოქმედებითი, 20-მდე ეთნიკური უმცირესობების მიმართულების, გაცვლით, საკონკურსო და სხვა ტიპის პროექტი. ასევე, დასრულდა ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სრულმა ღირებულებამ შეადგინა 1842510.21 ლარი. 19 სკოლისთვის შეძენილია სხვადასხვა ინვენტარი და ინსტრუმენტები, 10 8514 ლარის ღირებულების. 14 ხელოვნების სკოლაში განხორციელდა მცირე სარემონტო სამუშაოები, გათბობის სისტემის ცვლილება - 195 000 ლარის ღირებულების. დასრულდა მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმების სრული რეაბილიტაცია, რომლის სრულმა ღირებულებამ შეადგინა 1 148 136 ლარი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ თავის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე და აღნიშნა, რომ თბილისი მერია ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 5 300-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 600-ზე მეტ მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა. გრძელდება მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელება „ისწავლე დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე ახალი მიმართულება. 2024 წელს 65-მდე პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2000-ზე მეტი მოქალაქე.
ახალგაზრდების ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დასვენების, რეკრეაციის და გართობის მიზნით ხორციელდება საზაფხულო და ზამთრის ახალგაზრდული პროგრამები. საზაფხულო პროგრამების ფარგლებში 2 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო მათთვის საინტერესო აქტივობებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდა ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ სამგორის ფილიალის სრული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, მიმდინარე წელს თბილისში 250-მდე სპორტული ღონისძიება განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 78 300-მდე ბენეფიციარმა.
„წლის განმავლობაში დაფინანსდა 44 სპორტული ორგანიზაცია და ფედერაცია სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების შესაძენად, ინვენტარით და ეკიპირებით სარგებლობს 6 500-მდე ბენეფიციარი. პროგრამით „სპორტი უფროსი თაობისთვის“ 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 1 500-ზე მეტი მოქალაქე უსასყიდლოდ სარგებლობს საცურაო აუზებით და ფიტნეს დარბაზებით.
2024 წელს დასრულდა და გაიხსნა: დიდ დიღომში, II მ/რ-ში, 198-ე საბავშვო ბაღის მიმდებარედ, (დემეტრე თავდადებულის N18ა) მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი; ლადო ასათიანის ქუჩა N50-ში მდებარე სპორტული დარბაზი; ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღომის IV მკ/რ-ში ღია ტიპის სკეიტ-მოედნები; ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედანი და ვაზისუბნის დასახლებაში ფეხბურთის მოედანი. ასევე, რამდენიმე პროექტი დასრულების ეტაპზეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ილაპარაკა სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი თქმით, მიმდინარე წელს თბილისში ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა აშენდა და გაიხსნა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მის მიერ დაფუძნებული 190 საბავშვო ბაგა-ბაღის მეშვეობით 60 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურა. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, 2024 წელი დედაქალაქის მერიამ ხელფასების მატებით დაიწყო - 190 საბავშვო ბაგა-ბაღის ყველა - 13 335 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა 15%-ით. მერის განცხადებით, ხელფასების ზრდა მომავალ წელსაც გაგრძელდება.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასევე დასრულდა ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მასშტაბური პროექტი. ჯამში, ჩამოთვლილ 7 მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე დაიხარჯა 32 მლნ ლარი.
„ჩვენ ბაღების მშენებლობას ვაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით, დაწყებული გვაქვს ხუთი ახალი ბაღის სამშენებლო სამუშაოები, ორ ბაღს კი, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, უტარდება რეაბილიტაცია. გვინდა, რომ ჩვენს შვილებს ნორმალურ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ყველა დეტალს ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება - დაწყებული კვებით, სათამაშოების და თეთრეულის ჩათვლით, ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2024 წელს გაიზარდა სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღების“ მასშტაბი და 45-ის ნაცვლად, დედაქალაქს 50 საბავშვო ბაღი მოემსახურა, რომლებმაც ჯამში მიიღო 18 000-მდე აღსაზრდელი.
თბილისის მერმა ანგარიშის წარდგენისას უკრაინელი ბავშვებისთვის გაწეულ მომსახურებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„2024 წელს გაფართოვდა ჰუმანიტარული პროექტი უკრაინელი ბავშვებისთვის, რომელსაც ვახორციელებთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად. N1 და N93 საბავშვო ბაღების შემდეგ, სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა ახლადგახსნილ N30 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში. შედეგად, 100-მდე ბავშვი ყოველდღიურად სარგებლობს უკრაინის ეროვნული სასკოლო მზაობის პროგრამით, ხოლო 1 000-ზე მეტმა უკრაინელმა ბავშვმა ისარგებლა N1 საბავშვო ბაღში მოქმედი „საბავშვო სივრცეების“ პროექტით და ეს რაოდენობა არის მზარდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე წელს დედაქალაქის მერიამ დამატებით შეისყიდა 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, 2025 წელს თბილისს საერთო ჯამში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ასევე გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ვაგონის შესაძენად.
„დასრულდა რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელის საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზას კი ჩაუტარდა კაპიტალური შეკეთება. დამატებით შევისყიდეთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. შესაბამისად, 2025 წელს თბილისს საერთო ჯამში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება. გარდა ამისა, დასრულდა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად. 2024 წელს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობამ შეადგინა 320 მილიონი. ასევე, 2019 წელთან შედარებით, 4.5-ჯერ გაიზარდა მიკროავტობუსებში მგზავრობა და 20 მილიონიდან 84 მილიონ მგზავრობამდე ავიდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად დამონტაჟდა 68 შუქნიშნის ობიექტი, საერთო ღირებულებით 10 295 504 ლარი.
„მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2024 წლის თებერვალში დასრულდა აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის კვლევა, რომელმაც დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის დაკავშირების საუკეთესო ალტერნატივად ხიდი დააიდენტიფიცირა. დასრულდა მუშაობა დიზაინის კონცეფციაზე, შემდეგი ეტაპია დეტალური დიზაინის მომზადება. თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის შემდგარი შეთანხმების მიხედვით, რომელიც „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა/მოდერნიზაციას ისახავს მიზნად, დასრულდა კვლევითი სამუშაოები. 2024 წლიდან დაიწყო საბოლოო დიზაინის შექმნა და მუშაობა „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის ტექნიკურ დეტალებზე, შემდგომ ეტაპობრივი შესყიდვები და დანერგვის სამუშაოების განხორციელება საერთაშორისო კონსულტანტების მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც მოხმარდება თბილისისთვის „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, სისტემის კომპონენტების შესყიდვასა და დანერგვას. დაგეგმილი აქტივობების შედეგად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის, მათ შორის, საცობების რეალურ დროში მართვის შესაძლებლობა, დაინერგება შუქნიშნებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გადაუდებელი დახმარების მანქანების ავტომატური პრიორიტეტიზაციის სისტემა, მოხდება ჰაერის დაბინძურების შემცირება საგზაო ნაკადების ეფექტურად მართვის გზით. პროექტის დასრულება იგეგმება 2026 წელს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, 2024 წელს ტაქსით გადაყვანის A კატეგორიის ნებართვის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი საცნობი ნიშნები, ასევე, მოტოციკლებს და მოპედებს მიეცათ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობის უფლება. გარდა ამისა, საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ფარგლებში, ოთხ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დაუმტკიცდა მარშრუტები, რომელთა მიხედვითაც მათ მიეცათ შესაძლებლობა, მოსწავლეები საავტობუსო ზოლის საშუალებით გადაიყვანონ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემის პროგრამის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში შესყიდულია 127 ბინა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 12 187 747 ლარი.
როგორც მან დედაქალაქის საკრებულოში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2017 წლიდან დღემდე ფართები, ჯამში, 3 010 ოჯახს დაუკანონდა.
„2022 წელს დავიწყეთ უპრეცედენტო პროგრამა უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემა-სარგებლობის უფლებით. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე შევისყიდეთ: 2022 წელს 56 ბინა, 2023 წელს 38 ბინა, 2024 წელს 33 ბინა. სწორედ ამ მიზნით, თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყო 2022 წელს - 4 900 218.27 ლარი, 2023 წელს - 3 259 295.10 ლარი, 2024 წელს - 4 028 234.10 ლარი. ჯამურად, სამი წლის განმავლობაში შესყიდულია 127 ბინა, თბილისის ბიუჯეტიდან კი დახარჯულია 12 187 747.47 ლარი. მიუხედავად განხორციელებული პროექტისა, დედაქალაქში უსახლკარო ოჯახები კვლავ რჩება, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. ჩვენი მიზანია, თბილისში არცერთი უსახლკარო ოჯახი არ გვყავდეს და ყველას ჰქონდეს თავისი საცხოვრისი. გარდა ამისა, 2024 წელს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 204 ოჯახს. 2017 წლიდან დღემდე კი, რაც ეს პროგრამა წამოვიწყეთ, უამრავი ოჯახი გავახარეთ. ჯამში, საცხოვრებელი ფართი 3 010 ოჯახს დაუკანონდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო და უკვე 18 606 განაცხადზეა თანხმობა გაცემული.
„2023 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც სრულდება მიმდინარე წლის ბოლოს. აღნიშნული პროექტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 8 მილიონი ლარი. შეირჩა 12 გეოგრაფიული არეალი, 27 000 მომართვიანობა იყო აღიარებაზე. გვინდა, რომ ამ ოჯახებისთვის სრულად მოხდეს მიწების დაკანონება. დღეის მდგომარეობით, თანხმობა გაცემულია 18 606 სარეგისტრაციო წარმოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2024 წელს ფართებით 390 პირი დაკმაყოფილდა.
„2024 წელს თბილისის მერიამ დაიწყო 5 ახალი სამშენებლო პროექტი (გამოცხადდა 5 ინტერესთა გამოხატვა) კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით. მიმდინარე წელს ფართებით დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული 390 პირი. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, კოოპერატივის წევრებისთვის გადაცემული/გადასაცემი ფართის ჯამური ოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 40 900 კვ. მეტრს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში ათვისებული თანხის ჯამური მოცულობა შეადგენს 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
კახა კალაძის განცხადებით, პირველ საპილოტე პროექტში, რომელიც ვარკეთილის დასახლებაში ხორციელდება, გარემონტებული ბინები გადაეცა 36 ოჯახს, დაპირებისამებრ, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კიდევ სამ მისამართზე: კალოუბნის ქუჩა N18; ვარკეთილის მესამე მასივის მეოთხე კვარტალი, მე-6 კორპუსი; გამრეკელის I შესახვევი N6.
„აღნიშნული მიმართულებით მუშაობას მომავალი წლიდანაც გავაგრძელებთ. სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყება შემდეგ მისამართებზე: სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩა N38; ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩა N50ა; ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის N47; ნაძალადევის რაიონში, მუხრანის N9ბ და მუხრანის N9გ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა.
მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებულია 707 მლნ ლარი. კერძოდ: გზები - 155 მლნ ლარი; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის ავტობუსების შეძენა - 183 მლნ ლარი; კეთილმოწყობის ღონისძიებები - 86 მლნ ლარი; ხიდები, კოლექტორები, საყრდენი კედლები - 24 მლნ ლარი; ავარიული სახლების გამაგრება-ჩანაცვლება - 21 მლნ ლარი; პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია - 52 მლნ ლარი; თბილისის განვითარების ფონდის პროექტები - 46 მლნ ლარი; სპორტული მოედნები, მათ შორის ვერის კორტების რეაბილიტაცია - 11 მლნ ლარი; ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 14 მლნ ლარი.
თბილისის ვიცე-მერის თქმით, მიმდინარე და საოპერაციო ხარჯებს შორისაა გათვალისწინებული საბავშვო ბაგა-ბაღების სუბსიდია - 218 მლნ ლარი; ტრანსპორტის სუბსიდია - 396 მლნ ლარი; დასუფთავების ღონისძიებებისთვის 125 მლნ ლარი; ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებისა და პროექტების ჯამური ბიუჯეტია 533 მლნ ლარი.
როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, დონორების დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებს შორისაა მდგრადი ურბანული მობილობის პროექტი (KfW), თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) და თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროგრამა (მოძრავი შემადგენლობების განახლება) (AIIB). ამ და სხვა პროექტებისთვის დონორების დაფინანსება ჯამურად 100 მლნ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, მომავალ წელს განსახორციელებელ მსხვილ პროექტებს შორისაა 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროექტი, რომელიც გარდამავალია და მომავალ წელს ამისთვის 145 მლნ ლარია გამოყოფილი; ვერის პარკის რეაბილიტაცია და სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; 5 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა; ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია; ჭადრაკის სასახლის ფასადის რეაბილიტაციისთვის მომდევნო წელს დაიხარჯება 7 მლნ ლარი, რაც შედის მთლიანად რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულ 34 მლნ ლარში. გარდა ამისა, განხორციელდება კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, გამაგრდება ფერდი წყნეთის გზატკეცილზე; განხორციელდება რუსთაველის გამზირის, ასევე ჭავჭავაძის გამზირი - ბაგების დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ამავე ქუჩებზე მოეწყობა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები და გარე განათება.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."