თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, საქართველო საბოლოოდ აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი შანტაჟის იარაღად იქნას გამოყენებული.
„დღეს ყველასთვის ცხადი გახდა ის, რაზეც კარგა ხანია ხმამაღლა და დაუფარავად ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, არეულობისთვის. ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობითა და მხარდაჭერით, დაიცავს ამ ქვეყნის, მოქალაქეების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის ამოქმედებას ქვეყნის შიგნით მოკალათებული უსამშობლო აგენტების ხელით.
ამის საპრევენციოდ ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა - ნაწილი იყო მტკივნეული და არაპოპულარულიც კი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ის, რის გამოაშკარავებას და გამჭვირვალობასაც ვითხოვდით, დღეს დევს ხელისგულზე და ყველას შეუძლია, საკუთარი ანალიზი გააკეთოს მიმდინარე პროცესებზე.
ერთი, რაც შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, საქართველოს „უკრაინიზაციის“ გეგმა არავის გამოუვა. სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, მუშაობს გამართულად და ამ ქვეყნის ჩამოშლას ვერავინ შეძლებს.
28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც დეტალურად იყო ახსნილი, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს ხელი მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც არის ე.წ. გზამკვლევი და რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს. ასევე, ითქვა ის, რომ ჩვენ არ გვინდა ყოველთვის ვიყოთ შანტაჟის ქვეშ და ამჯერად, როგორც წინა შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსი იყო შანტაჟის იარაღი. ახლა კი, შანტაჟის იარაღად გამოიყენება მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი. დღეს არ დარჩა ქვეყანაში ადამიანი, ვინც ვერ გაიგო რეალობა. შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ისე ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეებში ყოველდღიურად ვაკეთებთ ამ საკითხის გარშემო ახსნა-განმარტებას.
ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, რომელსაც აქვს უდიდესი კულტურა, ტრადიციები, წარსული, რითაც ვამაყობთ და ამით ვართ საინტერესო ევროპული ოჯახისთვის. კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ევროპის ზოგიერთი მაღალჩინოსნის და ევროპარლამენტარის მხრიდან ვხედავთ, თუ როგორ აშანტაჟებენ ქვეყანას. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, დადეთ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დღესვე მოაწეროს ხელი.
ევროპა მხოლოდ სიტყვები არ არის. რა არის ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რაზეც ევროპაა დაფუძნებული? პირველ რიგში, ესაა მშვიდობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებების დაცულობა, რაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, პირველ რიგში, საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ევროპულად და დავიცვათ ეს ღირებულებები.
სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, სრულიად საპირისპირო ქმედებებს ვხედავთ - დაზიანებული, განადგურებული ინფრასტრუქტურით, დაშავებული სამართალდამცველებით; მოქალაქეებით, რომლებიც ისვრიან ყველაფერს, რისი საშუალებაც გააჩნიათ, მათ შორის, არასრულწლოვანების ხელიდან. გუშინ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის მოსწავლეების მიმართ მოწოდებებს აკეთებდა. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია, ბავშვებს, არასრულწლოვანებს საპროტესტო აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებს. ეს ადამიანი მგონი საერთოდ ვეღარ აზროვნებს და წყობიდან გამოსულია. ის არ წარმოადგენს ამ ქვეყანას და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. საზოგადოება მის ქმედებებს შესაბამის პასუხს გასცემს.
გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა და ისწრაფოდე მისი განვითარებისთვის, სწორედ ეს არის ევროპული ღირებულებები. სწორედ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუციაში - ქვეყნის უმაღლეს კანონში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია; რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას; რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტით ევროპის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი; ვინც მოახერხა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისთვის მიეღწია; ვინც შანტაჟისა და უამრავი შეურაცხყოფის მიუხედავად, მიიღო კანდიდატის სტატუსი; ჩვენ ვიქნებით ის ქვეყანა, რომელიც საბოლოოდ ევროკავშირის წევრი გახდება, ღირსებით და თავაწეული.
ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, რაც ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი წამყვანი ქვაკუთხედია. თუ რაღაცის გაპროტესტება გინდათ, გააპროტესტეთ, ხელს არავინ გიშლით, მაგრამ მშვიდობიანად. ნუ გავანადგურებთ ჩვენს სამშობლოს, დედაქალაქს, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ამ ქვეყნის შვილებს, ნუ დავაბულინგებთ მათ.
ჩვენ ვხედავთ როგორი შეურაცხყოფა და ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანებზე. ვინც ცოტა სხვანაირად ფიქრობს, არ ემხრობა ძალადობრივ ქმედებებს და აქციებს, ვერ წარმოიდგენთ როგორი ბულინგის მსხვერპლი ხდებიან. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის; რაც ანგრევს და ხლეჩს საზოგადოებას, ერთმანეთთან აპირისპირებს ადამიანებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს ბოროტება.
ამ დღეებში ვიხილეთ, რომ ადგილი ჰქონდა მცდელობას სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რომელიც გავრცელდა. თუ არ ვცდები, მას მერიის 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. მუნიციპალიტეტში გვყავს 32 ათასამდე თანამშრომელი. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ამ ქალაქს და მასში მცხოვრებ ადამიანებს. ეს საბოტაჟის მცდელობა, რომელიც იყო და ვნახეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. მერწმუნეთ, ასე იქნება.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველას, ვინც აქციების დროს დაშავდა, ეს იქნება პოლიციელი, მედიის წარმომადგენელი თუ აქციის მონაწილე.
ბოლოს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს, რომლებსაც ბოლო დღეებია უწევთ 24-საათიან რეჟიმში მძიმე შრომა, ღამისთევა, რათა დედაქალაქის მთავარი გამზირი შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული და დასუფთავებული იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
გარდა ამისა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე მუნიციპალურ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წლის მაჩვენებელს 200 მილიონი ლარით აღემატება და 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისის მერის განცხადებით, თანხის ძირითადი ნაწილი კვლავ ჯანდაცვის მიმართულებას და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.
„აქტიურ ფაზაში შევიდა თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესი. გამოიკვეთა რამდენიმე მაჩვენებელი და მინდა, ისინი დედაქალაქის მოსახლეობას გავაცნო. დღევანდელი მონაცემებით, თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მლრდ 100 მილიონ ლარს აღემატება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 2 ასეული მილიონით მეტია. ბიუჯეტში ტრადიციულად სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის მიმართულება ჭარბობს, რაც, დაახლოებით, 530 მლნ-ს შეადგენს. ასევე, მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთათვისაც 740 მლნ ლარია გათვალისწინებული. მათ შორისაა გარდამავალი პროექტები: 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, ახალი ავტობაზის მშენებლობა, გმირთა მოედნიდან სანაპიროზე გამსვლელი საგზაო კვანძის მოდერნიზაცია, უნივერსიტეტისა და შავიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, გახოკიძისა და ბურჯანაძის ქუჩების რეაბილიტაცია, ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია, ე.წ. კადეტთა კორპუსის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის პროექტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ხელისუფლებისგან უპრეცედენტოდ მაღალ დაფინანსებას მიიღებს.
„2025 წელს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება და განხორციელებაა დაგეგმილი. კერძოდ, რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ვერის ბაღისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულება და სხვა ბევრი პროექტი, რომელსაც საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით. აქტიურად ვართ ჩართული საბიუჯეტო განხილვაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რომელიც მაქსიმალურად გვერდით გვიდგას. მუნიციპალიტეტი ცენტრალური მთავრობისგან უპრეცედენტოდ მაღალ დაფინანსებას მიიღებს, რაც მეტი საინტერესო საქმის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს. ბიუჯეტის პროექტი დასრულებული სახით საკრებულოს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება, რომელიც ტრადიციულად, წლის ბოლოს განიხილება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელად ალექსანდრე კუტიბაშვილი წარადგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„იგი პროფესიით ეკონომისტია. 2022-2024 წლებში იკავებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობას. მანამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორად, წლების განმავლობაში კი ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ასევე, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ალექსანდრეს მინდა, ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმ გამოწვევების, პრობლემებისა და ყველა სხვა ბარიერის გადალახვას, რომლებიც დღეს დედაქალაქში არსებობს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."