18 ნოემბერი, 2024

მთავრობის სხდომა

დედაქალაქის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. მან ისაუბრა ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირისთვის საიდუმლოდ გაგზავნილი წერილის შესახებ და აღნიშნა, რომ მათ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება სურთ.

„ცესკო-მ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რითაც საარჩევნო პერიოდი დასრულდა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს მოსახლეობას არჩევნების წარმატებით ჩატარება, რომელიც სრულად დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში წარიმართა. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია, ეწარმოებინა ხალხთან შეხვედრები. არჩევნები იყო მრავალპარტიული და მოსახლეობას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა 1 200 000-ს მოქალაქეს, ვინც აირჩია ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, წინსვლა და ამ პროცესებს ვერაფერი შეაჩერებს.

აქვე შევეხები ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას. რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ („ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია სააართველოსთვის") ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს. ინფორმაცია მათივე პარტიის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს.

წერილში წერია: გადაიდოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეჩერდეს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაიყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები, შეჩერდეს 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის და ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ე.წ. დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი.

რადიკალები საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ ანტისახელმწიფოებრივ წერილში, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს 30 დღის განმავლობაში დააინიციირონ სპეციალური მისია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ოპოზიციის გეგმების განხორციელებას და ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ისინი არიან რადიკალური ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან, ისინი ბრიუსელში დარბოდნენ, როცა ასოცირების ხელშეკრულებას ვაწერდით ხელს; კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი გაჩერებულიყო; ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პირდაპირ ჰქონდათ მოწოდებები, რომ ჩვენ ამ სტატუსს არ ვიმსახურებდით. ისინი არიან მოღალატეები, მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ამ ყველაფრის შეფასება ისევ საზოგადოებისთვის მიმინდვია. აღარავისთვის არის უცხო, როგორ ოპოზიციურ ძალასთან გვაქვს საქმე - ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ღალატი მათი გაცხადებული პოლიტიკაა.

რასაკვირველია, როგორც აქამდე, არც აწი დავუშვებთ მათი გეგმების განხორციელებას. დღეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სრული მხარდაჭერა, არის ძლიერი და შესწევს უნარი დაიცვას ქვეყანა არეულობისგან. აქვს ძალა, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, შემოტევების და მუქარების მიუხედავად. დაიცვას საქართველოს ინტერესი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, აღმშენებლობა და წინსვლა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერმა ისაუბრა უეფა-ს ერთა ლიგის მორიგი თამაშის შესახებ, რომელსაც 19 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მისი თქმით, საფეხბურთო მატჩის ყურებას გულშემატკივარი პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანებზე შეძლებს.

„ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ატარებს გასვლით შეხვედრას ჩეხეთში. ეს არის გადამწყვეტი თამაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბიჭებს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ შეხვედრაში მოგება და სამი ქულა. ბევრი ადამიანი ელოდება ხვალინდელ თამაშს. შესაბამისად, როგორც ყველა წინა შეხვედრაზე, ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ვაკეთებთ ორგანიზებას - რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება ეკრანები, სადაც გულშემატკივარს შეეძლება, თვალი ადევნოს თამაშს და უქომაგოს საქართველოს ნაკრებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, ხვალ სრულიად საქართველოს გაახარებენ კარგი თამაშით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე თბილისის მეტროს ვაგონების განახლების პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 15 ნოემბერს გამოცხადდა ტენდერი 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვაზე. ხოლო ტენდერი 2025 წლის 15 იანვარს გაიხსნება.

„მეტროს ვაგონების განახლების პროექტი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. 2017 წლიდან ყველა არსებული ვაგონის რეაბილიტაცია განხორციელდა მათი საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივების მიზნით, თუმცა ზოგიერთი ვაგონის ვადა 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოიწურება და ამისთვის აუცილებელი იყო, მომხდარიყო სრულიად ახალი, თანამედროვე ვაგონებით მათი ჩანაცვლება. ამისთვის მომზადდა შესაბამისი ტექნიკური დავალება და სატენდერო დოკუმენტაცია, ჩატარდა ბაზრის კვლევები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციიდან მოზიდული იქნა შესაბამისი დაფინანსება.

მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ყველა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 15 ნოემბერს გამოცხადდა ტენდერი 97 ერთეულ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვაზე. ტენდერი 2025 წლის 15 იანვარს გაიხსნება. დაინტერესებული კომპანიებისათვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. ასევე ინფორმაციის დასაზუსტებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვაგონების პირველი პარტიის მიღება დაგეგმილია 2026 წლის ბოლოდან.

„პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 7 წელს, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლის ჩათვლით ეტაპობრივად მოწოდებული იქნება თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი). ვაგონების პირველი პარტიის მიღება დაგეგმილი გვაქვს 2026 წლის ბოლოდან. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) შესყიდვის ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 200 მლნ ევროს. ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია.

მეტროში მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით ჯამში გვესაჭიროება მინიმუმ 212 ვაგონი. შესაბამისად, ეს პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ ჩანაცვლებამდე და უახლოეს წლებში დამატებით შესყიდული იქნება კიდევ 115 ვაგონი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახალი მატარებლები იქნება ე.წ. „გამჭოლი“ ვაგონებით; „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზს, დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლის ნაცვლად, მოემსახურება 5-ვაგონიანი მატარებლები, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მგზავრთა მომსახურების ხარისხი.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი უსახლკაროს სტატუსის მქონე პირებისთვის 151 ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს.

„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის არჩევნებზე, ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა უსახლკაროს სტატუსის მქონე პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. მაშინ ასეთი სტატუსის მქონე, დაახლოებით, 400-მდე ოჯახი გვყავდა აღრიცხული და მათი უსახლკარობის პრობლემის მოგვარებაზე არჩევნების დასრულებისთანავე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალური თავშესაფრისთვის გადასაცემად მერიამ კერძო მესაკუთრეებისგან უკვე შეისყიდა 125 საცხოვრებელი ბინა, რომლის ძირითადი ნაწილი დღეს უკვე უსახლკარო ოჯახებისთვისაა გადაცემული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებისთვის, დამატებით გამოვყოთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს გადმოცემული. უსახლკარო ოჯახების საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებით, ჩვენ მოვახდინეთ გადმოცემული ბინების სისტემატიზაცია, ინვენტარიზაცია და პირველ ეტაპზე, განვიხილავთ მუნიციპალური თავშესაფრისთვის 151 ბინის გადაცემის საკითხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამშენებლო კომპანიებს ვალდებულება აქვთ, რომ ბინები მოიყვანონ თეთრი კარკასის მდგომარეობაში, რის შემდეგაც სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მომავალი წლის ბოლომდე უსახლკაროს სტატუსის მქონე 400-ვე ოჯახი ბინით დაკმაყოფილებული იქნება.

მსგავსი სიახლეები