6 ნოემბერი, 2024

მთავრობის სხდომა

დედაქალაქის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 16 და 19 ნოემბერს ორ შეხვედრას გამართავს.

მისი თქმით, ორივე მატჩისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანები დამონტაჟდება.

„16 ნოემბერს საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის უეფა-ს ერთა ლიგის შეხვედრა გაიმართება. ასევე, 19 ნოემბერს ჩვენი ეროვნული ნაკრები გასვლით მატჩს ჩეხეთში გამართავს. თბილისელ გულშემატკივარს, ვინც ვერ ახერხებს აღნიშნულ თამაშებზე დასწრებას, ვთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და კვების ობიექტებს განვათავსებთ. შევქმნით ყველანაირ პირობას, რომ გულშემატკივარმა უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს, როგორც 16 ნოემბრის, ისე 19 ნოემბრის შეხვედრაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს. ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩვენს ნაკრებს და განსაკუთრებით სჭირდებათ გულშემატკივრობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდებათ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს 14 პირისთვის შესაბამისი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი, ხოლო დღევანდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 10 პირის საკითხი.

დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნულ პირებს ფართები სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ არსებული საშინაო ვალის სანაცვლოდ უკანონდებათ, რასაც ისინი 1990-იან წლებში, შესაბამისი თანხის გადახდის მიუხედავად, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

„ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრები პირებიც წარმოადგენენ ერთ-ერთი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს და მათ უფლებამონაცვლეებს, რომელთა წინაშეც სახელმწიფოს საშინაო ვალი აქვს აღიარებული. აღნიშნულ მისამართზე, კოოპერატივს უნდა ჩაბარებოდა 72-ბინიანი სახლი, რომლის ძირითადი ნაწილი აშენდა და მასში ცხოვრობენ ამავე კოოპერატივის წევრები ან მათი უფლებამონაცვლეები. მათ 1990-იან წლებში გადახდილი აქვთ შესაბამისი თანხა, თუმცა წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მათ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონებას. ვაკის რაიონის გამგეობისა და ქონების მართვის სააგენტოს ერთობლივი მუშაობით, მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საშინაო ვალის სანაცვლოდ, აღნიშნულ პირებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცემათ ის საცხოვრებელი ფართები, რომელთაც ფაქტობრივად ფლობენ, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ასევე, აღნიშნული კორპუსები დაუსრულებელი იყო და ჩვენ ვაწარმოვეთ ყველა საჭირო სამუშაო მათ დასასრულებლად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად და დარჩენილი პირებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხი მომდევნო მთავრობის სხდომებზე განიხილება.

„დავიწყეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ პირთა პრობლემის მოგვარება. ათეული წლებია, კონკრეტული ოჯახები ელოდებოდნენ ამ საკითხის მოგვარებას. 2017 წელს, როდესაც ქალაქის მერად ამირჩია მოსახლეობის უმრავლესობამ, მქონდა დაპირება, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა. 2 975 ოჯახი ფართებით უკვე დაკმაყოფილდა. დაახლოებით, 600-მდე ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული საკითხი მთლიანად მოგვარებული იქნება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. მადლობა ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი თავართქილაძეს. მეც მიხარია ამ ოჯახების სიხარული და ბედნიერება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება დედაქალაქში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოწყობა დასრულდა. სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა.

„ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ადგილზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო რულონური ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გასულ წელს სამუშაოების პირველი ეტაპი N85 კორპუსთან განვახორციელეთ. ამჯერად, კი დაპირებისამებრ, N9 კორპუსის წინ არსებული სივრცეც მთლიანად მოვაწესრიგეთ. დღეს, 19:00 საათზე სკვერი საზეიმო კონცერტით გაიხსნება. ყველას შეგიძლიათ, მობრძანდეთ, გაერთოთ, დაისვენოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო გლდანის რაიონის გამგეობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით. ჩვენს დედაქალაქს წინ კიდევ ბევრი ამ ტიპის პროექტი ელოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.

„ამ სივრცეში დაგეგმილია განათების სისტემის, საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების, სპორტული და საბავშვო მოედნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნის მოწყობა. ასევე, განთავსდება საპარკო ავეჯი და მოეწყობა მაგიდის ჩოგბურთის სივრცე. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საუბნო პარკები და სკვერები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„თბილისს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. გვახსოვს წლები, როდესაც აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება იყო ამ საკითხის მიმართ: ხდებოდა პარკების და სკვერების გასხვისება და იქ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები - შენდებოდა კორპუსები, ბიზნესცენტრები და ასე შემდეგ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. უამრავი სკვერი, რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანია გასხვისებული, რომელთა დაბრუნებაც მოგვიწია, ისევ თქვენი ფულით, იმ თანხებით, რასაც ბიუჯეტში იხდით. წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამო, დღესაც გვიწევს ამ სივრცეების დაბრუნება ქალაქისთვის. ამ ყველაფერს გავაგრძელებთ, რადგან ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს სჭირდება სუფთა გარემო, რეკრეაცია, პარკები, სკვერები. შემთხვევითი არ არის, რომ ყველა რეაბილიტირებული სივრცე, რომელიც კეთილმოწყობილია, სავსეა სხვადასხვა თაობის ადამიანებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები