თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობის განკარგულებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეძლევა თანხმობა, მოქალაქეებს კიდევ 4 021 მიწის ნაკვეთი დაურეგისტრიროს.
მისი თქმით, რეგისტრაცია შეეხება ახალდაბის, ტაბახმელის, წავკისისა და შინდისის არეალებს.
„თბილისის მერია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს - მიწის სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს. წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს პროექტი შეეხო 5 464 სარეგისტრაციო განაცხადს და მოიცავდა სისტემური რეგისტრაციის ხუთ არეალს. დღევანდელი განკარგულებით კი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეძლევა თანხმობა, განახორციელოს რეგისტრაცია კიდევ 4 021 სარეგისტრაციო განაცხადზე, რომელიც ეხება ახალდაბის, ტაბახმელის, წავკისისა და შინდისის არეალებს. ამ ორი განკარგულებით, რეესტრს მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს რეგისტრაცია, ჯამში, 9 485 სარეგისტრაციო განაცხადზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მიულოცა ყველა იმ ოჯახს, ვისი განაცხადიც უკვე დაკმაყოფილდა და აღნიშნა, რომ პროექტი წლის ბოლომდე თბილისის მუნიციპალიტეტის თორმეტივე არეალში დასრულდება.
„მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი თბილისში ხორციელდება, 2023 წლის ივნისში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ეხება შემდეგ არეალებს: დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომელზეც, დაახლოებით, 8 მილიონამდე ლარი იხარჯება, თბილისის მერია უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში, შერჩეული არეალები შეადგენს, დაახლოებით, 4,264 ჰა-ს, საიდანაც დაურეგისტრირებელია დაახლოებით, 757 ჰა მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში, სისტემური პროექტი ეხება 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მუხიანის დასახლებაში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტის პირველი ფაზა რამდენიმე დღეში დასრულდება.
კახა კალაძის თქმით, პროექტს, რომელიც 2017 წელს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ბიზნესთან ერთად ახორციელებს.
„2017 წელს ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო მუხიანის დასახლებაში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარება. გვქონდა პროექტი, რომელსაც ერქვა „რადიოქალაქი“ და ბევრი მიმართულებისგან შედგებოდა. იქ იყო კაფეები, ბარები, შემეცნებითი და მოსასვენებელი სივრცეები, ასევე, სპორტული სივრცეები. გვინდოდა, ბიზნესს განეხორციელებინა აღნიშნული პროექტი. 2019 წელს გამოვაცხადეთ აუქციონი, სადაც გამარჯვებული კომპანია იყო შპს „ინდუსტრიულ ქალაქი“ („აჭარა ჯგუფში“ შემავალი კომპანია), დავდეთ ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიას საკუთრებაში გადაეცა ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია, რაშიც 23 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა. რა თქმა უნდა, კომპანიას თან აქვს ვალდებულებები, რა უნდა გაკეთდეს და რა პროექტი განხორციელდეს. რადიოქალაქის ტერიტორია 12 ჰექტარს მოიცავს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 90 მილიონ ლარამდეა, საიდანაც უკვე დახარჯულია 43 მილიონი ლარი. აღნიშნული პროექტი შედგება სამ ეტაპად. აღნიშნული პროექტის პირველი ნაწილი რამდენიმე დღეში დასრულდება. მომდევნო დღეებში ადგილზე გასვლის და დათვალიერების შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ მისი განხორციელება თბილისის გარეუბანში შექმნის საინტერესო მიზიდულობის ცენტრს და ინოვაციურ სივრცეს.
კახა კალაძემ პროექტით გათვალისწინებული ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების ახალ შესაძლებლობებზეც ისაუბრა.
„რადიოქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის მრავალ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რადიოქალაქი გახდება ტექნოლოგიური სტარტაპების, საგანმანათლებლო პროგრამების, ტექ-კომპანიების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების თავშეყრის ადგილი. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს შორის ახალი კავშირებისა და ცოდნის მიმოცვლას. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, რესტორანი და პადელის მოედნები. სამუშაოები 2025 წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა იყოს დასრულებული. მუნიციპალიტეტი მიესალმება აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო ამ პროექტის განხორციელება ბიზნესთან ერთად და ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით წინ მივიწევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია - ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსის მობინადრეები ძალიან მალე ახალ ბინებში დაბრუნდებიან.
„სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსის მობინადრეები ძალიან მალე საკუთარ სახლს, ოღონდ სრულებით ახალს და მოწესრიგებულს დაუბრუნდებიან. საუბარია 36 ოჯახზე. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში გარემონტებული ბინები გადაეცემა 21 მოსახლეს, ხოლო დანარჩენი 15 მოსახლე გარემონტებული ბინით მომდევნო ერთ თვის განმავლობაში დაკმაყოფილდება. ამ მისამართზე იდგა ავარიული, 4-სართულიანი შენობა, განვახორციელეთ მისი დემონტაჟი და მის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებელი სახლი აშენდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროგრამა გრძელდება და მუნიციპალიტეტი მოსახლეობას გვერდით მაქსიმალურად დაუდგება.
„როგორც იცით, მანამდე გამაგრების სამუშაოებს ვახორციელებდით ისეთი შენობა-ნაგებობების, რომელიც საცხოვრებლად საშიში იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ პრობლემა ჩნდებოდა. 2021 წლის არჩევნებზე ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ წარმოვადგენდით პროგრამას, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას, ეტაპობრივად ჩაგვენაცვლებინა ავარიული შენობა-ნაგებობები ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით. ამ პროგრამამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. უკვე გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები. პროექტები სხვადასხვა ეტაპზეა - ზოგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსახლეობასთან, ზოგან გაცემულია ნებართვები და სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება, ზოგიერთი პროექტი კი, ნებართვის მიღების ეტაპზეა. ყველას გვერდით დავუდგებით. გვინდა, რომ თბილისის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი ავარიული შენობა-ნაგებობა ჩავანაცვლოთ, ბიზნესის ხელშეწყობით და იქ მცხოვრებლებს მივცეთ საშუალება, იცხოვრონ ახალაშენებულ, გარემონტებულ, მოწესრიგებულ სახლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ზღვისუბნის პარკზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა. მისი თქმით, შესაბამისი კომპანია უკვე ადგილზე მუშაობს და დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგებული იქნება.
„რამდენიმე დღის წინ, ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში ძალიან კარგი პარკი გავხსენით. გულწრფელად ვიტყვი, რომ ვერ ვმალავ აღფრთოვანებას, ისეთი მაგარი პროექტი გამოვიდა. ყველას გვახსოვს, იქ რა მდგომარეობა იყო, სრული ჯოჯოხეთი, ნაგავსაყრელი, ჭაობი, სუნი, უბედურება, დღეს კი ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე გვაქვს. გუშინ, ერთ-ერთ ფერდზე დაზიანდა წყლის მილი. ცხადია, შესაბამისი კომპანია უკვე ადგილზე მუშაობს და დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგებული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს და ის შეფასებები, რომ ახლად გახსნილი სკვერი თითქოს ცუდ მდგომარეობაშია, არასწორია.
„უნდა გენახათ ეს უსამშობლო ადამიანები როგორი გახარებული იყვნენ, რომ რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი თითქოს ცუდ მდგომარეობაშია. სინამდვილეში არაფერი მომხდარა. წყლის მილი დაზიანდა, შექმნა პატარა პრობლემა. ასეთი რამ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება, წინსვლა, თუმცა, პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ადამიანებს პასუხი 26 ოქტომბერს გაეცემათ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, მოხდეს განვითარება, აღმშენებლობა და აღორძინება. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანებისთვის. ყველას, ვისაც ამ ქალაქის წინსვლა არ უხარია, მინდა ვუთხრა, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ევროპაში, თავისი სილამაზით, შენობა-ნაგებობებით, გამწვანებული სივრცეებითა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."