თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებას სახალხო დღესასწაულ „თბილისობისადმი“ მიძღვნილი აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისივე თქმით, ღონისძიებები რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში გაიმართება.
„5 და 6 ოქტომბერს, „თბილისობაზე“ მოსულ სტუმრებს რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე, დახვდებათ სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, აქვე მოეწყობა ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები, სამეწარმეო მარკეტი. დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, ასევე, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, მსურველებს სრული პროგრამის ნახვა თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ.
„ორბელიანის მოედანზე სტუმრებს მუსიკალური ბენდები უმასპინძლებენ, ხოლო მათ, ვინც რიყის პარკს ეწვევა, საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დახვდებათ. გარდა ამისა, აბანოთუბანში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა - „თბილისური მრავალფეროვნება“. 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 11 ოქტომბერს უეფა-ს ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა კვლავ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეეძლება.
„11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩვენი ეროვნული ნაკრები პოლონეთში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ამჯერადაც მივიღეთ გადაწყვეტილება - ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთებთ ღია ჩვენებას და დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ. ქართველ გულშემატკივარს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს. მოგვიანებით საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ ღია ჩვენებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ისნის რაიონში, „დირსის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა.
„კომპანია „ას ჯორჯიამ“ აიღო ვალდებულება, რომ 7.5 ჰექტარი ტერიტორია მოეწესრიგებინა და პარკი გაეშენებინა. ეს კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლოს ბიზნესკომპანიამ და მუნიციპალიტეტმა. ბულვარის სიგრძე, დაახლოებით, 1 750 მეტრს შეადგენს. ტერიტორია უკვე გამწვანებულია, მოწყობილია სასეირნო და ველობილიკები. ასევე მოეწყო სპორტული და საბავშვო მოედნები, ძაღლებისთვის განკუთვნილი ზონა და პარკის შესაბამისი ინფრასტრუქტურა თავისი სარწყავი სისტემებით და განათების ქსელით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩას, რომლის სიგრძე 2 600 მეტრია, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მისი თქმით, სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, 2025 წლის მარტში დასრულდება.
„ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ უკვე განახლებულია წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები. ამ ეტაპზე, შეიცვლება გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელები, ხოლო საჰაერო სადენები, როგორც ეს ყველა მსგავსი პროექტის განხორციელების დროს ხდება, მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. მოეწყობა ტროტუარი და გადასასვლელი კუნძულები, ხოლო საავტომობილო გზაზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის, მოეწყობა მოსაცდელები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ზოგადად, აღნიშნული ქუჩა იყო მძიმე მდგომარეობაში, საჭიროებდა განახლებას, მოწესრიგებას, ამიტომ, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც კახა კალაძემ ისაუბრა, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N213-ის პირველი და მეორე კორპუსების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაციაა.
„აღნიშნული ხიდები თავისი ვიზუალით, არქიტექტურული შინაარსით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებთა შორის, არამედ ტურისტებშიც. ეს ნაგებობები იყო უმძიმეს მდგომარეობაში. საბჭოთა კავშირის დროიდან მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის მოვაწესრიგოთ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ხიდებზე არსებული დაზიანებული უბნები აღდგება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ახალი კიბე და შშმ პირებისთვის პანდუსები, ჩატარდება ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, ხიდებზე დამონტაჟდება ლითონის მოაჯირები, ასევე, გარე განათების ქსელი და ლამპიონები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საფეხმავლო ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."