25 სექტემბერი, 2024

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში, ე.წ. ციციშვილის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა.

მისივე თქმით, გასულ წელს პირველი ეტაპის სამუშაოები ჩატარდა, ხოლო მიმდინარე წელს 24 600 კვ.მ ფართობის პარკი სრულად რეაბილიტირდა.

„რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო სამი საბავშვო მოედანი, ორი სავარჯიშო სივრცე, სრულად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ინფრასტრუქტურა, მოეწყო ექვსი დასასვენებელი პავილიონი, სოკოს ფორმის სასმელი წყლის ხუთი შადრევანი, განთავსდა სკამები და ურნები. ასევე, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პარკი 29 სექტემბერს, 20:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება.

„მსგავსი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. დედაქალაქს რეკრეაციული სივრცეები ყველაზე მეტად სჭირდება. აღნიშნულ პარკს 29 სექტემბერს საზეიმოდ გავხსნით. საღამოს რვა საათზე, ე.წ. ციციშვილის პარკში „გუფი ლენდის“ კონცერტი გაიმართება. ვისაც სურვილი გაქვთ, ყველას გელოდებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ივერთუბნის დასახლებაში, სადაც წყალარინების ქსელები არ არსებობდა და ადგილობრივები წლების განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ, აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია.

კახა კალაძის თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულება გრძელდება და წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ ივერთუბნის დასახლებაში ამჟამად საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.

„ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წლების განმავლობაში პრობლემა იყო, არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციები იქ არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ 2022 წელს დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომლის შედეგადაც ეტაპობრივად ხდებოდა ყველა მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგება. კერძოდ, 2022 წელს წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა განხორციელდა, რაც დასახლების რელიეფიდან გამომდინარე, ქსელების გამართული მუშაობისთვის გახდა საჭირო. პარალელურად, იმავე წელს, წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. ჯამში, დასახლებაში 32 ქუჩაზე მოვაწყვეთ წყალარინების ცენტრალური ქსელები და მასზე 1 000-მდე ოჯახი დავაერთეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში გასულ წელს რამდენიმე მისამართზე გზაც მოწესრიგდა.

„დასახლებაში დარჩა სხვა ქუჩებიც, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. აღნიშნული პროექტი წელს დაიგეგმა და უკვე დავიწყეთ საგზაო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, 15 ქუჩასა და ჩიხში გზის სავალი ნაწილი მოეწყობა და ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებები ორ ლოკაციაზე - რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეებს. წელსაც, 5-6 ოქტომბერს გაიმართება „თბილისობა“. ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე მივაწვდით საზოგადოებას. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი და ერთად აღვნიშნოთ „თბილისობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება.

მისი განცხადებით, „პურის ფესტივალი“, რომელსაც ბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედ ატარებს, საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა და მას არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ესწრებიან.

„ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. დამთვალიერებელს ორი დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, მოაწყოს ერთგვარი შემეცნებითი გასეირნება ბოტანიკურ ბაღში და მეტი გაიგოს ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. აქვე წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას და დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე, ძველი ისტორიული ფოტომასალა, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.

ფესტივალი 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მას მუსიკალურად გიგი პიანომენი და ბენდი გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები