18 სექტემბერი, 2024

მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დაიწყო, განაცხადების მიღება კი 1-ელ ოქტომბერს დასრულდება.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა ხუთი წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებში, ჯამში, 10 000-მდე მოქალაქე გადამზადდა, ხოლო მათი დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით, 70 პროცენტია.

„პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ითვალისწინებს 18 წლიდან, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე, მომზადება/გადამზადებას 1 000-მდე მოქალაქე გაივლის.

„პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 60-მდე სპეციალობაში, მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, კურსების ხანგრძლივობა არის ერთიდან შვიდ თვემდე და სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, ონლაინ და ადგილზე დასწრებით.

„მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, პროგრამას დაემატება 11 ახალი მიმართულება, მათ შორის მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟის შესწავლა, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი, სამშენებლო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, ფიტნეს ინსტრუქტორის, ჭაბურღილის ბურღვის შესწავლა, ვიდეო-მონტაჟი, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინსტრუმენტები, ექსელი, საინჟინრო კომპიუტერულ გრაფიკულ პროგრამებში მუშაობა - ArcGiz და ArcCad, ტიხრული მინანქარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გაჩერებებზე კერძო ავტომანქანების გაჩერება აკრძალულია, თუმცა, ამის მიუხედავად, მსგავსი ფაქტები ხშირია.

კახა კალაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, არ გააჩერონ ავტომანქანები ისეთ ადგილებზე, სადაც მათი დგომა აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი შესაბამის ზომებს მიიღებს და სატრანსპორტო საშუალების ევაკუაცია განხორციელდება.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ნებისმიერი დიდი ინფრასტრუქტურული ცვლილების დროს, ქუჩებსა თუ გამზირებზე ვცდილობთ, დიზაინი მორგებული იყოს ფეხით მოსიარულეთა საჭიროებაზე, ეკო-მეგობრულ ტრანსპორტზე და საავტობუსო პრიორიტეტზე. ნებისმიერ ქალაქში, ისევე, როგორც თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ შედგება მხოლოდ ავტობუსებისგან. სწორედ ამიტომ, ავტოპარკის სრულად განახლების პარალელურად, მიმდინარეობს გადასაჯდომი კვანძების და დიდი სატრანსპორტო ნაკადების მიმღები ქუჩების დიზაინების იმგვარი ცვლილება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს არა მხოლოდ ყველაზე კომფორტული, არამედ უსაფრთხო და სწრაფი. ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის დამხმარე ინფრასტრუქტურის გამართულობა და ხარისხი. თბილისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე დადგენილია ავტობუსის 2 450 გაჩერება. თითოეული მათგანი გამოყოფილია შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით. 1 006 მათგანი უზრუნველყოფილია სხვადასხვა ზომის მოსაცდელით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ავტობუსის გაჩერებებზე ავტომანქანის დაპარკინგება ხელს უშლის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მგზავრებს შეუფერხებლად გადაადგილებაში.

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ გაჩერების ტერიტორიაზე კერძო ავტომობილის გაჩერება აკრძალულია. აკრძალვა, გარდა უსაფრთხოების ელემენტარული საჭიროებისა, გამომდინარეობს ჩვენი ზემოხსენებული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზნიდან - მგზავრების გადაადგილება გახდეს შეუფერხებელი და კომფორტული. ამრიგად, ყველას მინდა ვთხოვო, რომ ავტობუსის გაჩერებებზე ნუ გააჩერებთ კერძო ავტომობილებს. ეს იწვევს პრობლემას საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და მგზავრებისთვის. ძალიან ბევრია მსგავსი შემთხვევა, შემოდის უკმაყოფილო მოქალაქეების წერილები და ჩვენ ასეთი ავტომანქანების ევაკუირებას ვახდენთ. ჩემი თხოვნაა, რომ ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე, ტროტუარებზე, ავტობუსების გაჩერებებზე, ნუ გააჩერებთ კერძო ავტომობილებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა შშმ პირებისთვის გამოყოფილ სადგომებზეც, სადაც ასევე, სხვა ავტომანქანებს აპარკინგებენ. კახა კალაძემ აქვე, შშმ პირებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებებისთვის სპეციალური საცნობი ნიშნების აღება შეუძლიათ.

„ასევე, გვაქვს შემთხვევები, როდესაც შშმ პირთათვის გამოყოფილ შესაბამის სადგომებზე სხვა ავტომობილები დგანან. ესეც დიდ უკმაყოფილებას იწვევს. აქვე შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი საცნობი ნიშნის მიღების მსურველებს შეუძლიათ, ელექტრონულად შეავსონ განაცხადი პორტალზე - ms.gov.ge, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით. შშმ პირის საცნობი ნიშნის გატანის ფორმად შეუძლიათ მონიშნონ მისამართზე მიტანის სერვისი, რის შემდეგაც მის მიერვე მითითებულ მისამართზე შეძლებს საცნობი ნიშნის მიღებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პარკირების ადგილის გამოყენების დროს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე არ იქნება განთავსებული საცნობი ნიშანი, ვერ მოხდება იდენტიფიცირება, რომ უფლებამოსილი პირი იყენებს პარკირების სპეციალურ ადგილს. შესაბამისად, განხორციელდება მისი დაჯარიმება და ავტომობილის ევაკუაცია.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს, რომელსაც უკვე მეოთხედ შეუერთდა.

კახა კალაძის განცხადებით, წლევანდელი კვირეულის თემა „საერთო საჯარო სივრცე“, ხოლო ღონისძიების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა.

მისივე თქმით, აღნიშნული კვირეული წარმოადგენს კამპანიას, რომელიც მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

„კვირეულის ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას მართავს. დაინტერესებულ პირებს უკვე ჰქონდათ შესაძლებლობა, თბილისის მეტრო დაეთვალიერებინათ. ანალოგიური ღონისძიება ჩატარდება 21 სექტემბერსაც, რომლის დროსაც დამთვალიერებლები შეძლებენ, გაეცნონ მეტროს მუშაობის სპეციფიკას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც განთავსებულია მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“. ასევე, ვიზიტის ფარგლებში შედის გასეირნება მეტროს გვირაბში, რომელიც მეტროსადგურებს - „სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და „ვაჟა-ფშაველას“ ერთმანეთთან აკავშირებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი განცხადებით, ამავე დღეს, 16:00 საათზე გაიმართება ღონისძიება „ვიზიტი ავტობუსების დეპოში“.

„ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სტუმრობა დიდ დიღომში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეორე ავტობაზაში, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ კომპანიის მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერონ ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, 21-22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე – პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ლონდონის პარკის მიმდებარედ, კანკავას ქუჩაზე გამოიყოფა სპეციალური სივრცე ღია გამოფენა-გაყიდვისთვისა და ფეხით მოსიარულე პირების/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის. მიცკევიჩის ქუჩაზე გაიმართება დედაქალაქში მოძრავი ძველი და ახალი ავტობუსების გამოფენაც“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ თბილისში 21 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომლის დროსაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები „მილანს“ დაუპირისპირდება.

„საქართველოს ნაკრები, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ვეტერანი ფეხბურთელებით, უმასპინძლებს „მილანს“. ჩამოდიან „მილანის“ ვეტერანი ფეხბურთელები, ადამიანები, რომელთაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. ბევრი ადამიანი ღამეებს ათენებდა, რათა „მილანისთვის“ ექომაგა. მაშინ ის მართლაც უძლიერესი გუნდი იყო. მიხარია, რომ წლების განმავლობაში ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. ამ ბიჭებთან ერთად, ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე საკლუბო დონეზე. მოხარული ვარ, რომ მექნება საშუალება, ყოფილ თანაგუნდელებს ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში კიდევ ერთხელ შევხვდე. თამაში 19:00 საათზე დაიწყება. რამდენადაც ვიცი, ბილეთები ცოტაა დარჩენილი და მსურველებს მათი შეძენა ჯერ კიდევ შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივარს სასიამოვნო საღამო ელოდება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები