თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, აღნიშნულმა კანონმა ქვეყანა უნდა დაიცვას უცხოური ძალების გავლენებისგან და გადატრიალების საფრთხისგან.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიღებულია. ეს არის სრულიად ქართული კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, დაიცვას ქვეყანა უცხოური ძალების გავლენებისგან, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხისგან, რათა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამ, მშვიდ და სტაბილურ გარემოში გამოხატოს საკუთარი ნება, გააკეთოს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. რასაკვირველია, ეს არ იყო მარტივი პროცესი. ჩვენს მოსახლეობას, შიდა თუ გარე ძალებმა პირდაპირ აუკრძალეს, ჰქონოდა ინფორმაცია, ვინ არის მოყვარე და ვინ მტერი. უფრო მეტიც, საზოგადოებას აუკრძალეს, გასცნობოდა კანონპროექტს და ემსჯელა მის ავკარგიანობაზე. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, კანონპროექტი გამხდარიყო ფართო მსჯელობის საგანი, ყველა მხრიდან იყო უგულებელყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი გზით და არა იმ ძალადობრივი ფორმებით, რომლის უკანაც რადიკალური ძალები დგანან.
„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - თუ ვინმეს სურვილი აქვს, ხელისუფლება შეცვალოს, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით. ამას გადაწყვეტს არა გარე ძალები და გარედან ჩარევა, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ არა. საბედნიეროდ, დღეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი გზით გამოხატოს საკუთარი პროტესტი, თუმცა ჩვენ ვიხილეთ პროტესტის ძალადობრივი ფორმებიც, რომლის უკან რეალურად დგანან რადიკალი რევანშისტი პოლიტიკოსები, რომელთა დღის წესრიგში მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლაა, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნებით ამის არანაირი შანსი არ გააჩნიათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა პოლარიზაციაზე და უცხოური პოლიტიკოსების ქმედებებზე, რაც მისი თქმით, საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევაა.
„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უწყობენ უცხოელი პოლიტიკოსები. ამის საუკეთესო მაგალითი ვიხილეთ წინა დღეებში, როცა ისინი აქციაზე მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს სომხეთში, ერევანში ან ნებისმიერ ქვეყანაში და ოპოზიციის მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა? მინდა, მოსახლეობას გავახსენო გასული წლები - 2020 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, პარალელური დათვლები, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა, გააყალბეს. ამაზე დაყრდნობით, ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდა; 2021 წელს ჟურნალისტებს ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა; 2022 წელს არასამთავრობო ორგანიზაციები გვიწყობდნენ რევოლუციას; 2024 წელს კი, დონორების მიერ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარს ვხედავთ. ყველა მსგავსი სცენარი და რადიკალიზმი განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ ვეტოს დაადებს, თუმცა ხელისუფლებას აქვს მზაობა, მოისმინოს არგუმენტები და შესწორებები შეიტანოს.
„აღნიშნული კანონი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. დღეს, ისე არაფერი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც სიმშვიდე. სავარაუდოდ, პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას. პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს შემთხვევაში, თუ რაიმე სამართლებრივი არგუმენტი არსებობს, რისი შესწორებაც შეიძლება, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ასევე, საქართველოში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის ევროპული კურსი კონსტიტუციით გაამყარა. დიახ, საქართველოს არაფერი შეუშლის ხელს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპული მომავალი ეს არის „ქართული ოცნების“ დაპირება და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის ურყევი სურვილი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
გარდა ამისა, თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე აქციების მხარდამჭერ ახალგაზრდებს მიმართა.
„მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც არ განეკუთვნებიან იმ რადიკალურ დაჯგუფებებსა და რადიკალური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს აქციების ავანგარდში არიან: როგორ შეიძლება, გვინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროინტეგრაციის გზა და ქვეყნის ევროპული მომავალი; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო მონაწილეობით მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო ჩართულობით მოხდა ვიზალიბერალიზაცია; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო ჩართულობით დაიდო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამიტომ მინდა, ვთხოვო ახალგაზრდებს: კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მეგობრებო“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განმარტებით, უცხო ქვეყნებში პოლიტიკოსებს ირჩევენ არა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ, არამედ იმისთვის, რომ თავიანთი ქვეყნის ინტერესები დაიცვან.
„ხშირად მესმის ახალგაზრდების განცხადებები, რომ აი, უცხოელებმა ასე თქვეს. მერწმუნეთ, ადამიანურად და გულწრფელად გეუბნებით, არც ამერიკაში და არც ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს არ ირჩევენ იმისთვის, რომ მან გაატაროს უცხო ქვეყნის ინტერესი. მათ ირჩევენ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაიცვან თავიანთი ქვეყნის ინტერესი და არა იმისთვის, რომ საგარეო მიმართულებით გაატარონ სხვა ქვეყნის ინტერესები. დაფიქრდით, ადამიანურად და მეგობრულად გთხოვთ ყველას. ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. შეუძლებელია, ვიყოთ მხარეები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო მთავარი სულისკვეთება - ევროპული მომავალი. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ გზაზე, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა პარტნიორობისთვის, თუმცა ეს ცალმხრივი არ უნდა იყოს.
„ამ ქვეყნის ინტერესს უცხოელი ვერ გაატარებს, ჩვენს ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ. თქვენს საკუთარ ოჯახს ვინ უფრო მოუვლის - თავად თქვენ თუ ვიღაც უცხო ადამიანი? ეს ქვეყანა იგივე ოჯახია და ჩვენ უნდა მოვუაროთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა. ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს რყევა. ვერავინ უნდა შეძლოს ყოველ წელს რევოლუციების მოწყობის მცდელობა. ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა, როდესაც ერთი ხელით კარგ პროექტებს გვიფინანსებენ, რაზეც მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ მეორე, დაფარული ხელით, „შავი ფულით“ ხდება რევოლუციებისა და ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. როდესაც კუთხეში აყენებ და ეკითხები: 2020 წელს რატომ დააფინანსე არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბება, რატომ დააფინანსე რევოლუციური ტრენინგები - როდესაც სათქმელი არ აქვთ, გამოდიან და გეუბნებიან, რომ ჩვენ დავაფინანსეთ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგი. ზუსტად ეს უხერხულობები რომ იყოს აცილებული თავიდან, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა, რათა უცხოეთიდან შემოსული თანხები, რომლითაც ფინანსდება არასამთავრობო სექტორი, იყოს გამჭვირვალე. შეუძლებელია, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ მომავალს. თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, გვითხარით - მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი,“ - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე, ყველასთვის ცხადი გახდება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სიმართლე ხელისუფლების მხარესაა.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ არ დაუჯეროთ არავის. თქვენ გაქვთ იმის ინტელექტიც, შესაძლებლობაც, თვითონვე წაიკითხოთ აღნიშნული კანონი, ასევე, სხვა ქვეყნებში მიღებული კანონი და გააკეთოთ მარტივი შედარება. არ დაუჯეროთ, უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესი აქვთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ძალიან მალე ყველაფერი გახდება ნათელი და ის ახალგაზრდები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ რადიკალურ დაჯგუფებებს, მიხვდებიან, რომ რასაც ვამბობთ, სიმართლეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გლდანის დიდი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კვლევები ჩაატარა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პრობლემები გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების შემცირებით და ჰაერის ტემპერატურის მატებით.
„გლდანში მდებარე პატარა ტბის ირგვლივ არსებული სივრცის მოწესრიგება დავიწყეთ. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. გარდა ამისა, გლდანში არის დიდი (თეთრი) ტბა, რომელსაც აქვს პრობლემა - შეინიშნება წყლის ზედაპირიდან აორთქლების მაღალი მაჩვენებელი, წყალმცენარეების ზრდა და ტბის წყლის ბალანსის დარღვევა. გლდანი თავისი შემოგარენით თბილისის ყველაზე დიდი და მჭიდრო დასახლებაა, აღნიშნული პრობლემა კი დიდ დისკომფორტს უქმნის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.
მართალია, აღნიშნული ტბა კერძო საკუთრებაა, მაგრამ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა, მოკვლევა დაეწყოთ. ტბის ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და მისი დაშრობის პრევენციის მიზნით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, დადგინდა, რომ აღნიშნული პრობლემები გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების შემცირებით და ჰაერის ტემპერატურის მატებით. ასევე, ტბის გარშემო არსებული მკვებავი არხებით ტბას აღარ მიეწოდება წყლის საჭირო რაოდენობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი აღნიშნული ეკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებს, რაც გულისხმობს ტბის მოცულობის გაზრდასა და სანიაღვრე კოლექტორის ბუნებრივი წყლებით შევსებას.
„აღნიშნული ეკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად განისაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები: პირველ ეტაპზე, ტბის შევსება-გაჯანსაღებისთვის აუცილებელია ტბის მოცულობის გაზრდა. ვინაიდან, ამჟამად წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერის“ ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მაგისტრალური მილსადენიდან აღებული წყლის გამოყენება. ამასთანავე, დაგეგმილია წყლის გადამღვრელის მოწყობაც. მეორე ეტაპზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ტბის წყლით შევსების მიზნით, იგეგმება სანიაღვრე კოლექტორის ბუნებრივი წყლებით შევსება. ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებით, შევინარჩუნებთ და გადავარჩენთ გლდანის დიდ (თეთრ) ტბას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს ხარჯი ვაუჩერის გზით ფინანსდება.
კახა კალაძის განცხადებით, საკურორტო ვაუჩერის მფლობელებს მისი გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ.
„ამ პროგრამას დიდი ხანია ვახორციელებთ და ბევრი ადამიანია ჩართული. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური წლიდან წლამდე ზრდიდა ვაუჩერის ღირებულებას და დღეისთვის ერთ საკურორტო ვაუჩერს 800 ლარით აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ ასევე, იხვეწებოდა პროგრამის დიზაინი და დღეისთვის ვაუჩერით მოსარგებლე (კანონიერი წარმომადგენელი) თავად ირჩევს დასასვენებელ ადგილს და სასტუმროს. ადრე მუნიციპალიტეტი იღებდა გადაწყვეტილებას, თუ რომელი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, დღეს კი ვაუჩერის მეპატრონე თავად ირჩევს, თუ რომელ სასტუმროში განთავსდეს. საკურორტო ვაუჩერის გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი და მის მფლობელს, სასურველი დროის შერჩევა თავისუფლად შეუძლია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა.
„თბილისის მერია ყოველ წელს ზრდის გაცემული ვაუჩერების რაოდენობას და თუ გასულ წელს 2 500 ვაუჩერი გაიცა, მიმდინარე წელს, მათმა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა. ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება ჩვენი თანადგომა და ეს თანადგომა გაგრძელდება ყოველთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ისნის რაიონის გამგეობა თეოფანე დავითაიას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით გზის საფარი 3 000 კვ.მ ფართობზე შეიცვლება.
„ისნის რაიონის გამგეობა თეოფანე დავითაიას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროსადენები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის საფარი 3 000 კვ.მ ფართობზე შეიცვლება; მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები; დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე, საჭიროა გზის გარკვეულ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მოწყობა, რათა საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.
საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერი გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებას 17 მაისის ერთად აღნიშვნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
„როგორც იცით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ოჯახი არის ის, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო. დაცული, ხელშეუხებელი, ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს. სამშობლოს სიყვარულიც სწორედ ოჯახიდან იწყება. მეგობრებო, საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე. ხვალ, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, პარაკლისის შემდეგ კი მსვლელობა გაიმართება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალინდელი დღე უქმედ გამოცხადდა. ასე რო, ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ, მობრძანდეთ თქვენი ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."