22 თებერვალი, 2024

დიღმის მასივში განახლებული N6 ბიბლიოთეკა გაიხსნა

დიღმის მასივში, „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკის სრულად რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. განახლებულ ბიბლიოთეკას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ესტუმრა და პირადად გაეცნო რეაბილიტაციის შედეგებს.

კახა კალაძის განცხადებით, ბიბლიოთეკა ხვალიდან მკითხველებს უმასპინძლებს.

„ეს ბიბლიოთეკა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დღეს ხედავთ, რეაბილიტაციის შედეგად თუ რამდენად სასიამოვნო გარემოა. მთლიანად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, განახლდა წიგნადი ფონდი, შეიქმნა სივრცე პატარებისთვის, რომელიც გამოყოფილია საერთო სივრცისგან. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ მოვიდეს და ისარგებლოს აღნიშნული სივრცით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროექტების განხორციელებას და მთელი ქალაქის მასშტაბით არსებული ბიბლიოთეკები რეაბილიტირდება. გარდა ამისა, ყველა მულტიფუნქციურ ცენტრში, რომელიც იხსნება, გათვალისწინებულია მედიათეკები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული და ასეთი სივრცე შექმნა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ბიბლითეკის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი, დიდუბის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და თბილისის საკრებულოს წევრები კახაბერ ლაბუჩიძე და გივი ჩხარტიშვილი.

აღნიშნული ბიბლიოთეკა „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია და 400 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს.

ფილიალში ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები, მთლიანად გამოიცვალა კომუნიკაციები, განახლდა ინფრასტრუქტურა, ტექნიკა და წიგნადი ფონდი. ბიბლიოთეკაში ასევე შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც ის უფრო გახსნილ და მაქსიმალურად მოსახერხებელ სივრცედ იქცა, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელება. აქვეა საერთო სამუშაო კუთხეები, რომელიც აღჭურვილია სტაციონარული კომპიუტერებით. ასევე, მოეწყო ცალკე სივრცე პატარა მკითხველებისთვის.

განახლებული ბიბლიოთეკის პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები - ზაზა იაშვილი და სოფო მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები