15 დეკემბერი, 2023

დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს 1 254 000 000 ლარს, ხოლო 500 000 000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი. გარდა ამისა, 2024 წელს დონორების დაფინანსება შეადგენს 63 მლნ ლარს.

ბიუჯეტის განხილვამდე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და 2023 წლის ანგარიში წარუდგინა.

„ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ წარვსდგე თქვენს წინაშე და ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ჩავაბარო ანგარიში - რა გაკეთდა 2023 წლის მანძილზე და რას ვგეგმავთ, რისი გაკეთება გვინდა 2024 წელს. თუმცა, იმთავითვე მინდა ვთქვა, ყველა მონაცემი, ყველა ციფრი არის მხოლოდ სტატისტიკა, მთავარი და უმთავრესი ის ხელშესახები ცვლილებებია, რაც ცხადად აისახა თბილისზე: რამაც სასიკეთოდ შეცვლა თუნდაც ერთი ოჯახის ცხოვრება; რაც იქცა კონკრეტული უბნის თუ კორპუსის დასვენების და გართობის ადგილად; რამაც მისცა ადამიანებს იმედი, იცხოვრონ უკეთეს გარემოში; რამაც ჩვენი ულამაზესი ქალაქი მკაფიოდ მოხაზა მსოფლიო სამოგზაურო რუკაზე და კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ტურისტებისთვის. მიუხედავად პოლიტიკური სპეკულაციებისა, თავდასხმებისა, სატელევიზო ეთერებით საზოგადოების მუდმივი დეზინფორმირებისა, ყველა თვალნათლივ ვხედავთ, როგორ ვითარდება ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განვითარება დამოკიდებულია მშვიდობაზე.

„მეგობრებო, რაც გინდა სწორი მენეჯმენტით მართო ქალაქი, განვითარება არის იქ, სადაც მშვიდობაა. მშვიდობა ის მთავარი ფუნდამენტია, რასაც ეფუძნება ყველა სხვა სიკეთე. მახსოვს, ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დარბაზში რამდენი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ მხოლოდ იმის გამო, რომ საახალწლო სურვილად და სლოგანად ვაქციეთ მშვიდობა. გვახსოვს სამგლოვიარო შავი ლენტები ნაძვის ხეზე, სადაც ჩვენი პატარები ზეიმობდნენ, აგრესიული კამპანია ოპოზიციური სატელევიზიო ეთერებით და ა.შ. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, თბილისი, არა მხოლოდ 2023 წელს, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება მშვიდობის ქალაქი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, დროა, თბილისი ევროპული დედაქალაქების რუკაზეც აისახოს.

„თბილისი თავისი კულტურით, ტრადიციებით, მრავალფეროვნებით ისტორიულად ევროპული ქალაქია, ახლა კი დროა იგი ევროპული დედაქალაქების რუკაზეც აისახოს. ვიდრე საქმიან ნაწილზე გადავალ, მინდა, თითოეული თბილისელი, ჩვენი ქალაქის სტუმრები, თქვენ, აქ მყოფი საზოგადოება, მოგიწვიოთ დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ, მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, რომ საქმეშიც და სიხარულის გაზიარებაშიც ვიყოთ ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ მიმდინარე წელს დედაქალაქის მერიის მიერ ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ ყველა პროექტზე დაწვრილებით ისაუბრა.

„2023 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 000 კვ. მეტრს შეადგენს. ამავე წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 590 ქუჩა, გამზირი, აღმართი, ხიდი, დამატებით მოეწყო 22 ახალი ქუჩა, კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 26 ქუჩაზე, ორმოული შეკეთების სამუშაოები კი - 742 ობიექტზე. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად თბილისის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

26 მილიონი ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად (58 შენობა-ნაგებობა). საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის კი, მიმდინარე წელს დაიხარჯა 33 მილიონი ლარი .

მათ შორის, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წარმოადგენს ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდური გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები; დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია; მდინარე მტკვარზე მდებარე „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2023 წელს თბილისის მერიის მიერ 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. ჯამში, დაირგო 114 730 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, 207 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ამავე ფართობზე დაითესა და დაირგო ბალახის საფარი. დედაქალაქის მასშტაბით, დაირგო 390 000 სეზონური ყვავილი. თბილისის გარშემო არსებული ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, 17 ჰექტარზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. გარდა აღნიშნულისა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 16 ჰა ფართობზე, განხორციელდა მწვანე ნარგავების (ტყის) აღდგენა-გაშენების სამუშაოები. დაირგო სხვადასხვა სახეობის 16 776 ნერგი და მომავალი 4 წელი განხორციელდება მათი მოვლა-პატრონობა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში, ჯამში, დაფინანსდა 1750 განაცხადი, რაზეც 45 მლნ ლარი დაიხარჯა. ჯანდაცვის პროგრამებში ჯამურად 81 740 000 ლარი დაიხარჯა, რაიონული გამგეობების დონეზე - დაკმაყოფილდა ბენეფიციართა 30 000-მდე განაცხადი ერთჯერადი ფინანსური დახმარების თაობაზე (თანხა - 5 933 350 ლარი); 33 000 ბენეფიციარმა მიიღო მედიკამენტების დაფინანსება (თანხა 5 062 000ლარი); სპორტის მიმართულებით 2023 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა 240 სპორტული ღონისძიება, განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობა მიიღო 78 000-მდე ბენეფიციარმა. წლის განმავლობაში დაფინანსდა 34 სპორტული ორგანიზაცია და ფედერაცია სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების შესაძენად, ინვენტარით და ეკიპირებით სარგებლობს 6 524 ბენეფიციარი.

დასრულების ეტაპზეა მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში, ასევე მიმდინარეობს დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ხუთ სპორტულ ცენტრს და ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი; მიმდინარეობს სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დასრულდება 2024 წელს.

2023 წელს წელს ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა გაეწია სპორტულ დაწესებულებებში მომუშავე სპორტის სხვადასხვა სახეობის 350 მწვრთნელს, რომლებიც სპორტის 49 სახეობაში ავარჯიშებენ მოზარდებს.

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 4 000-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 617 მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა.

გრძელდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელება „ისწავლე, დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე ახალი მიმართულება. 2023 წელს 60-ზე მეტ პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2500-მდე მოქალაქე.

საზაფხულო პროგრამების ფარგლებში, 6 000-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო მათთვის საინტერესო აქტივობებში (ლაშქრობები და საველე ბანაკები, საჯომარდო ტურები, ველო ტურები, კარტინგები, საცურაო აუზები), ხოლო მასშტაბური თემატური ფესტივალების განხორციელებაში (ციფრული ფესტივალები, თბილისის სტუდენტური ფესტივალი, ქუჩის ხელოვნების ფესტივალები, ღია ცის ქვეშ ახალგაზრდული ფესტივალები სხვადასხვა უბანში), რომელშიც 30 000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა სხვადასხვა ფორმით.

მუნიციპალური სერვისების ხარისხის, სასწავლო და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება ახალგაზრდული ინფრასტრუქტურის განვითარება. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომლის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები.

„კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე პერიოდისათვის დაფინანსდა 260-მდე პროექტი, მათ შორის: 20 სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშნვნელობის, 40-ზე მეტი სპექტაკლი, 50-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ფესტივალი, 130-მდე საიუბილეო და შემოქმედებითი, 20 ეთნიკური უმცირესობების მიმართულების, გაცვლით, საკონკურსო და სხვა ტიპის პროექტი; კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ მიმდინარე წელს, ტრადიციულად, ორ ეტაპად განხორციელდა. კონკურსის ფარგლებში, არსებულ ოთხ მიმართულებას წელს გამოეყო მედიაარტი და ამ მიმართულებით დაფინანსდა 17 პროექტი, დანარჩენ სამ მიმართულებაში - საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება - წლის განმავლობაში დაფინანსდა 41 პროექტი.

„ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების“ მიმართულებით დაფინანსდა 15 პროექტი, როგორც სახელოვნებო, ასევე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო კომპონენტებით.

განხორციელდა და მიმდინარებს სხვადასხვა პროექტები, მათ შორისაა თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დასრულდება 2024 წელს; 20-ზე მეტი სკოლის აღჭურვა ინვენტარით; ხელოვნების 10 სკოლაში სარემონტო სამუშაოები; ილია ჭავჭავაძისა და მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმების სრული რეაბილიტაციის პროექტები; 2 ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და აღჭურვა.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლების ფარგლებში, 2023 წელს 26 ერთეული სპეცმანქანა იქნა შესყიდული, საერთო ღირებულებით - 9 288 638 ლარი, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, 2024 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხდება 65 ერთეული სპეცმანქანის მოწოდება, აქედან 2 ერთეული სპეცტექნიკა უკვე შემოსულია. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 9 564 750 ევროს შეადგენს.

დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე წელს გარე განათების ახალი ქსელის მოწყობის ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე საერთო ჯამში დამონტაჟდა - 1105 ერთეული ბოძი, 28 ცალი „ბაბლთაუერი“, 3020 სანათი, 43 000 გრძივი მეტრი სადენი. გზების რეაბილიტაციის ფარგლებში, გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო: უნივერსიტეტის ქუჩაზე, კრწანისის ქუჩაზე, ეშბას ქუჩისა და მახათას აღმართის დამაკავშირებელ გზაზე, ჯავახეთის ქუჩაზე. განათების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს მიცკევიჩის ქუჩაზე, სადაც სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად დამონტაჟდა 31 ახალი შუქნიშანი.

თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის გასულ წელს შემდგარი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა/მოდერნიზაციას ისახავს მიზნად, დასრულდა კვლევითი სამუშაოები. 2024 წლიდან დაიწყება საბოლოო დიზაინის შემუშავება და შემდგომ, ეტაპობრივი შესყიდვების და დანერგვის სამუშაოების განხორციელება საერთაშორისო კონსულტანტების მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც მოხმარდება თბილისისათვის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; სრულდება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტის „თბილისის სუპერბლოკები“ კონცეპტუალური ეტაპი, რომლის შემდგომ აღნიშნული პროექტი გადავა დეტალური დიზაინის ეტაპზე, შერჩეული საპილოტე არეალებისათვის.

დასრულდა თბილისის ტრანსპორტის გეგმაზე მუშაობა. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია ,,რამბოლის“ მონაწილეობით შეიქმნა თბილისის სატრანსპორტო გეგმა, რომელიც ქალაქის სხვადასხვა რაიონების სატრანსპორტო საჭიროებებს ეყრდნობა და საქალაქო მობილობის გაუმჯობესებისათვის საჭირო მიგდომებსა და ღონისძიებების 20-წლიან გეგმას გვთავაზობს.

თბილისის მუნიციპალიტეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით (EBRD) , თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, ახორციელებს ავტობუსის რეფორმის მხარდაჭერის პროექტს.

•თბილისის საავტობუსო ქსელის (TBT), მაშრუტების კავშირს სადგურის მოედნის სატრანსპორტო კვანძთან და შეამცირებს მოცდის დროს.

2019 წელთან შედარებით, როდესაც განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, (მეტრო, ავტობუსი), 2023 წელს დაფიქსირდა 390 მილიონამდე მგზავრობა (მეტრო, ავტობუსი, ბაგების საბაგირო). ასევე, 4.5-ჯერ გაიზარდა 2019 წელთან შედარებით მიკროავტობუსებში მგზავრობა და 20 მილიონიდან 84 მილიონ მგზავრობამდე ავიდა.

წინა წელს დავიწყეთ უპრეცედენტო პროგრამა უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემა სარგებლობის უფლებით. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე შევისყიდეთ 94 ბინა; 2023 წელს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 181 ოჯახს. (2017 წლიდან დღემდე კი , საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 2790 ოჯახს); 2023 წელს თბილისის მერიამ დაიწყო 8 ახალი სამშენებლო პროექტი (გამოცხადდა 8 ინტერესთა გამოხატვა) კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით; 2023 წელს დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული დაახლოებით 620 პირი. წლევანდელი მონაცემების ჩათვლით ჯამში დაკმაყოფილებულია დაახლოებით 2350 მოქალაქე.

2023 წელს ასევე განხორციელდა ვარკეთილის დასახლების III მასივში არსებული 2 ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროგრამა. პროექტის ფარგლებში ახალი ბინები და რემონტისთვის საჭირო თანხა ჯამურად 624 910 ლარი, გადაეცემა 41 ოჯახს.



2023 წელს თბილისის განვითარების ფონდმა მშენებლობის მართვის მიმართულებით განკარგა ორმოც მილიონ ლარამდე. ზემოხსენებულ პერიოდში დასრულდა გუდიაშვილის მოედნის სრული რაბილიტაცია და ასამდე ოჯახს დაუბრუნდა სრულიად რეაბილიტირებული სახლები. თბილისის მასშტაბით ამჟამად მიმდინარეობს სხვადასხვა ცალკეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, როგორიცაა: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, აბრეშუმის მუზეუმი, კადეტთა კორპუსი, წინამძღვრიშვილის N1, ერეკლეს ქ. # 6 და სხვა, რიგი მათგანის სამუშაოები გაგრძელდება მომავალ წელსაც. 2024 წელს დაგეგმილია ნარიყალას ციხის და დარეჯანის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ბიუჯეტი შეადგენს 7 934 558 ლარს. ასევე, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 31 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მხატვრულ/დეკორატიული მინათებით, სავარაუდო ბიუჯეტით 60 მილიონი ლარი.

ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში ათვისებულია 2 230 750 ლარი. პირველი საპილოტე პროექტი სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების მეშვიდე კვარტალის N12 კორპუსში ხორციელდება, სადაც ავარიული 4 სართულიანი შენობის ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ასევე აქტიურ ფაზაშია სამშენებლო სამუშაოები კალოუბნის ქუჩის N18-ში, სადაც არსებული 3 სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება; დასრულებულია სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა საბურთალოს რაიონში და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც უახლოეს მომავალში სამშენებლო მოედნის მოწყობის სამუშაოებს დაიწყებს.

ავარიული შენობების ჩანაცვლების მიზნით დეკემბრის თვეში დაგეგმილია სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივის მე-4 კვარტალში, N6 კორპუსში. 2024 წლისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება აქტიურ ფაზაშია 12 მისამართზე, ხოლო წლის ბოლომდე კი დამატებით 8 მისამართზე გამოცხადდება ტენდერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბიუჯეტის დამტკიცებამდე, 2024 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და პროექტები წარადგინა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა აღნიშნა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადები შეადგენს 918 მლნ ლარს.

„მათ შორის, ქონების გადასახადი არის 275 მლნ ლარი, სადაც საწარმოთა ქონების გადასახადზე დაგეგმილია 225 მლნ ლარი, ფიზიკური პირის ქონების გადასახადზე - 30 მლნ, ხოლო მიწის გადასახადზე - 20 მლნ ლარი. დღგ დაგეგმილია 643 მლნ ლარის ოდენობით და გრანტები - 500 მლნ ლარის ოდენობით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, სხვა შემოსავლებში მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს 280 მლნ ლარი.

„მათ შორის, შემოსავალი საკუთრებიდან - 9 მლნ ლარი, პროცენტები - 3 მლნ ლარი, იჯარა - 6 მლნ ლარი, საქონლის და მომსახურების რეალიზაცია - 165 მლნ ლარი; ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლებიდან - 18 მლნ ლარი და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში დაგეგმილი გვაქვს 70 მლნ ლარი; დასუფთავების შემოსავალი - 75 მლნ ლარი, ხოლო პრივატიზაცია დაგეგმილია 55 მლნ ლარის ოდენობით“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯების ოდენობა წარმოადგენს 547 მლნ ლარს, რაც 2023 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებას, იგეგმება 507 ლარის ღირებულების პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.

ირაკლი ხმალაძემ ასევე დაასახელა ის დაგეგმილი და გარდამავალი პროექტები, რომელიც 2024 წლის განმავლობაში განხორციელდება. მათ შორისაა: აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გამოყოფილია 8 მლნ ლარამდე; შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - 15 მლნ ლარი; სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია - 3 მლნ ლარი; 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენის პროექტისთვის - 113 მლნ ლარი; ავტობაზის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 24 მლნ ლარი; დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 2,8 მლნ ლარი, ასევე, დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია, რომლისთვის დაახლოებით 2,7 მლნ ლარია გამოყოფილი; ვაგონების მოდერნიზაციისთვის - 10 მლნ ლარი; მთაწმინდის საბაგიროს დასრულებისთვის - 3 მლნ ლარი; ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მშენებლობისთვის - 15 მლნ ლარი; მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპისთვის გათვალისწინებულია 11 მლნ ლარზე მეტი; ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის - 10 მლნ ლარი; ვაკის პარკის დასრულების სამუშაოებისთვის - 10 მლნ ლარი; გლდანის ტბის მოსაწესრიგებლად - 5 მლნ ლარი; სამგორის რაიონში, „სამხედრო ქალაქის“ პარკის მოსაწყობად 2024 წელს გათვალისწინებულია 6 მლნ ლარი (გარდამავალი პროექტია, რომელიც ჯამში 26 მლნ ჯდება); დიდ დიღომში, მეორე და მეოთხე მიკრორაიონების შემაერთებელი ბულვარის მოსაწყობად გათვალისწინებულია 3,5 მლნ ლარი; კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე „სამასი არაგველის“ სკვერის მოსაწყობად - 2 მლნ ლარი; სოფელ დიღომსა და სვანეთის უბანში წყალარინების ქსელის მოწყობისთვის ჯამში 4 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული; ლეღვთახევში ქვათაცვენის საწინააღმდეგო მასშტაბური სამუშაოებისთვის - 5 მლნ ლარი; დიღმის მასივში, მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის ასაშენებლად 5 მლნ ლარი; სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამუშაოებისთვის 2,3 მლნ ლარი (გარდამავალი პროექტია); სკეიტ პარკების მშენებლობისთვის 1 მლნ ლარი; #28 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა - 4 მლნ ლარი; N71 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია - 2,3 მლნ ლარი; N43 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა - 2 მლნ ლარი; N196 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი; N37 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი; N50 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა - 2 მლნ ლარი; N211 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია - 700 000 ლარი.

ვიცე-მერმა ასევე ის რამდენიმე პროექტი დაასახელა, რომელიც წინა წლებში ხორციელდებოდა და კვლავ გაგრძელდება.

„გაგრძელდება მუნიციპალიტეტისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, როგორიცაა ავარიული სახლების ჩანაცვლება, უსახლკარო მოქალაქეებისთვის ბინების შეძენა, ასევე, მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში არ არის ამისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ხარჯები. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვაგონების შემოსვლის და თანხების გადახდის ჩვენ მიერ დაგეგმილი გრაფიკი 2024-ში ხარჯების გაღებას. ამ ეტაპზეც გამოცხადებული გვაქვს ბაზრის კვლევა, ვნახოთ როგორ დასრულდება ის. თუ საჭირო იქნება, ახალ კვლევას გამოვაცხადებთ და გამოვავლენთ, თუ რა იქნება ოპტიმალური სცენარი. ჩვენი მიზანია 10-15 წლის პერიოდში შევძლოთ 211 ვაგონის შესყიდვა და ჩავანაცვლოთ ძველი ვაგონები, საბჭოთა პერიოდის ვაგონების ჩანაცვლება, რომლებსაც გასდის ექსპლუატაციის ვადა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.