თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია.
მისი თქმით, მშვიდობას და აფხაზებთან ერთად ცხოვრების პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს.
„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში - სოხუმის დაცემის დღე. ეს თარიღი, რა თქმა უნდა, ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის. ამ დღეს მოჰყვა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვენი გმირი მებრძოლების შეწყვეტილი სიცოცხლე, დევნილად ქცეული მოსახლეობა, გახლეჩილი საქართველო. მინდა, პატივი მივაგო ტერიტორიულ მთლიანობას შეწირულთა ხსოვნას და ხაზი მინდა გავუსვა, მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და ყველამ ერთად შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და თანაცხოვრებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს, რომლითაც 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსიები შეივსება, ხოლო ამჟამად მომუშავე მძღოლები 18-მეტრიან ავტობუსებზე გადანაწილდებიან.
„უკვე შევიძინეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც ამჟამად დამზადების პროცესშია. მათი შემოყვანა და სხვადასხვა მარშრუტზე გაშვება 2024 წლის განმავლობაში მოხდება. ამის გათვალისწინებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება. მათ ნაცვლად, აუცილებელი გახდება, შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანტური ადგილები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 - 3 000 ლარს გამომუშავებით.
„ვისაც სურვილი აქვს დასაქმების, უნდა მიმართოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. ვაკანსია ცხადდება 400 მძღოლზე. მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 – 3 000 ლარს გამომუშავებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპზე მსურველთა რეგისტრაცია იწყება. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მოქალაქეებს ახალი პროფესიის დაუფლებასა და დასაქმებაში, ასევე, მეორე მხრივ, ბიზნესს - კადრების მოძიებაში.
„გვაქვს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ხელი შევუწყოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს. პარალელურად, ვახორციელებთ მათ გადამზადებას, პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით. 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ვაცხადებთ დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე www.dasakmdi.ge. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას. ბიზნესთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ვფლობთ სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოთხოვნები აქვთ მათ, რა მიმართულებით ეძებენ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ სამუშაოს შეასრულებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსზე სწავლა უფასოა. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში არსებულ 40-ზე მეტ სპეციალობას, წელს ორი ახალი კურსი დაემატება.
„პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სემესტრში მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში. წელს პირველად დაემატება კინოგამნათებლობისა და დეკორატიული ლესვის კურსები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია თბილისში რეგისტრაცია და სრულწლოვანება, კურსების ხანგრძლივობა ერთიდან შვიდ თვემდეა, სასწავლო პროცესი კი როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.
„აქვე მოგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა 8 000-მდე ადამიანი და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს. ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუმცა არსებობს რესურსი, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გავზარდოთ და დასაქმების შესაძლებლობა მეტ ადამიანს მივცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება.
თბილისის მერის თქმით, დაჩქარებული სერვისის ღირებულება რიგ შემთხვევებში ფიქსირებული იქნება, რიგ შემთხვევებში კი საპროექტო ტერიტორიის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე დადგინდება.
„დაჩქარებული მომსახურება შეეხება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ზოგიერთ საკითხს და მისი ღირებულება რიგ შემთხვევებში დადგინდება საპროექტო ტერიტორიის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე, ხოლო ზოგ შემთხვევაში იქნება ფიქსირებული, საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობის მიუხედავად. დაინტერესებულ მოქალაქეებს, რასაკვირველია, შეეძლებათ უფასო მომსახურების მიღებაც სტანდარტულ ვადებში, თუმცა იმ ადამიანებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ კონკრეტულ ვადებში მიიღონ შესაბამისი მომსახურება, ამის შეთავაზებასაც ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს მომსახურება იქნება ფასიანი. ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან მოქალაქეს უნდა ჰქონდეს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს, ფასიანი მომსახურება სჭირდება თუ უფასო. არის შემთხვევები, როცა არ ეჩქარებათ და ელოდებიან დადგენილ ვადებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა დრო არ ითმენს და ამ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაჩქარებული სერვისი მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ახალ სერვისს ნერგავს - 1-ელი დეკემბრიდან მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურებით ისარგებლონ.
„კიდევ ერთი სიახლე გვაქვს - 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი გახდება მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე, ასევე, განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე. ბევრი მოქალაქე ვერ ერკვევა აღნიშნულ დოკუმენტაციაში და ხშირად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ეუბნება მათ, რომ დაეხმარება და მიდის თანხების გამოძალვა. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, მუნიციპალიტეტი მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტულ სერვისს, პერსონალურ კონსულტანტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სერვისის საფასურს, თბილისის მერის თქმით, პერსონალური კონსულტანტის 3-თვიანი მომსახურების საფასური იქნება 6 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი არ აღემატება ერთ ჰექტარს; 12 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ერთ ჰექტარზე, მაგრამ არ აღემატება ხუთ ჰექტარს; 30 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ხუთ ჰექტარზე.
„ვფიქრობ, აღნიშნული სერვისის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, 2017 წელს, როდესაც ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება დავიწყეთ, ძალიან ბევრი პრობლემა დაგვხვდა - ათასობით პასუხგაუცემელი საბუთი, შემოსული მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული, რაც დიდ დისკომფორტს უქმნიდა ბიზნესს, ქალაქის განვითარებას და ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, დღეს ეს პრობლემები აღარ გვაქვს, სანებართვო პროცედურების მიღება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, არანაირი დაგვიანება არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ამ სერვისის შემოღება და კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნა როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, ფასიან კონსულტანტს აირჩევენ თუ თავად მიყვებიან საკუთარი საქმის წარმოებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც გაამახვილა და ადგილობრივ მოსახლეობას კუთვნილი ავტომობილების საცხოვრებელ სახლთან უფასოდ გასაჩერებლად, მისამართის მიხედვით რეგისტრაციისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, პირველი ოქტომბრიდან ფასიანი პარკირება ამოქმედდება: ჩუღურეთის რაიონში - ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; მთაწმინდის რაიონში - ლაპიაშვილის ქუჩაზე, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში - კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„რამდენიმე წელია ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც ეტაპობრივად ყველა რაიონში ინერგება. როგორც იცით, ეს სისტემა პრიორიტეტს ანიჭებს წინასწარ რეგისტრირებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს, შშმ პირებს, ელექტრომობილების მფლობელებსა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს - ამ კატეგორიებისთვის პარკირება უფასოა. სხვა შემთხვევაში კი, სტანდარტული ტარიფი შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. გარდა ამისა, მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე, პირველი 15 წუთი ისარგებლოს უფასოდ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩამოთვლილი ქუჩების მცხოვრებლებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გაუვლიათ რეგისტრაცია მისამართის მიხედვით, დარეგისტრირდნენ, რათა კუთვნილი ავტომანქანები სახლთან ახლოს, უფასოდ გააჩერონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, გამოყოფილია შესაბამისი ჯგუფები იმისთვის, რომ მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმარონ.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ პირველ ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის გამო, კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება.
„პირველ ოქტომბერს, „დინამო არენაზე“, ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული, ქართველი მსმენელისთვის ძალიან საყვარელი მომღერალი ბრუნო მარსი, თავის ბენდთან ერთად, მსმენელის წინაშე წარდგება. სასიხარულოა, რომ ეს მოვლენა ემთხვევა „თბილისობის“ დღესასწაულს. როგორც „სთარრინგ ჯორჯიას“ წინა კონცერტზე, ახლაც მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივდეს კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო კონცერტის ღამეს, 02:00 საათამდე. მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ კონცერტზე მისულ მოქალაქეებს, რომ სახლში დროულად დაბრუნება მოახერხონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ავტობუსების აღნიშნული მარშრუტებია: N306, 308, 311, 315, 320, 327, 381, 384, 386. ავტობუსები 20:00 საათიდან გახანგრძლივებული დროის ჩათვლით, პიკის პერიოდში დაგეგმილი ინტერვალებით იმოძრავებენ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
„გუშინ, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. მოხდა სწრაფი რეაგირება და უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. აღნიშნულ საკითხზე დღესვე მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა ჩატარდეს კვლევა და დადგინდეს დაზიანების გამომწვევი მიზეზი. ტერიტორიაზე გზის აღდგენისთვის ყველა საჭირო სამუშაო მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურებისა და ტექნიკის მობილიზება წუხელვე მოხდა. არის ვარაუდი, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები დაზიანდა, რამაც გზის ფუნდამენტი გამორეცხა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ „თბილისობა 2023“-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც სამ ლოკაციაზე გაიმართება. მრავალფეროვანი პროგრამის გარდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი, 30 სექტემბერს რიყის პარკში დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო 1-ელ ოქტომბერს - მიუზიკლი.
„ამ კვირის უქმეებზე, 30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს აღვნიშნავთ „თბილისობას“, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. სამ ლოკაციაზე გვაქვს დაგეგმილი ღონისძიებები - რიყის პარკში, აბანოთუბანში, ასევე, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. რიყის პარკში ორივე დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება 12:00-დან 22:00 საათამდე. ესენია: გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები, იქნება ატრაქციონები და სხვადასხვა ინსტალაცია. გარდა ამისა, 30 სექტემბერს, რიყეზე დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო პირველში - მიუზიკლი.
ამავე დღეებში, ორბელიანის მოედანზეც იმოქმედებს კვებისა და ტკბილეულის ზონები, გაიმართება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა ინსტალაციები, წიბახას სამაგიდო თამაშები, გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“, თეატრალიზებული პერფორმანსი „თბილისური ტრადიციები“ და ა.შ. იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები და კონცერტები როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. რაც შეეხება აბანოთუბანს, 12:00-დან 22:00-საათამდე აქ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, 30 სექტემბერს გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს.
„ვინც გეგმავს ამ უქმეების სასიამოვნოდ გატარებას, უსათუოდ გაეცანით პროგრამას, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და ღონისძიებებით დახუნძლულია. მობრძანდით ყველა, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად ვიზეიმოთ „თბილისობა 2023“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."