24 სექტემბერი, 2023

კრწანისობის დღესასწაული

თბილისის მერი კახა კალაძე კრწანისობის დღესასწაულს დაესწრო. ღონისძიება ტრადიციულად 300 არაგველის სახელობის სკვერში გაიმართა, სადაც კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.

კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ საქართველო გაძლიერდეს.

„დღეს კრწანისობაა - სახალხო დღესასწაული, რომელსაც ყოველწლიურად აღვნიშნავთ. მინდა მივულოცო აქ მყოფ საზოგადოებას, ადგილობრივ მცხოვრებლებს და დედაქალაქის მოსახლეობას.

ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნისთვის მებრძოლი დაღუპულების სულებისთვის პარაკლისი გადაიხადეს. კრწანისის ბრძოლა არის ერთ-ერთი მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, ქართველების გაუტეხელობის. ჩვენ, მომავალმა თაობებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ეს არის ყველაზე მთავარი და ეს უნდა გავაკეთოთ ძლიერი საქართველოსთვის, ძლიერი ეკონომიკისთვის, განათლებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, შევძლებთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ღონისძიებას, დედაქალაქის მერთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში - ბექა ოდიშარია და ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ.

კრწანისობის დღესასწაულზე სტუმრების წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „თბილისი“ და ანსამბლი „ალილო“ წარდგნენ.

სკვერის ერთ სივრცეში ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის მუზეუმის ექსპონატების გამოფენა მოეწყო. ძველი საბრძოლო ხმლები, თოფები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგი, ხევსურული ტალავერი, ჩოხა, ყაბალახი, აჭარული ჩაქურა და სხვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპონატები მოერგოთ და სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ.

300 არაგველის სკვერში კრწანისის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნახატების გამოფენაც მოეწყო.