თბილისის მერი ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო. თბილისის მერიამ აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო.
კახა კალაძის თქმით, პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და ამისთვის ბიუჯეტიდან ჯამში, 7 მლნ ლარი დაიხარჯება.
„ივერთუბნის დასახლებაში მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობა, რომლის არარსებობა, აქ დასახლებულ ადამიანებს, წლების განმავლობაში, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. საარჩევნოდ ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ საკითხს გადავჭრიდით. პირველ ეტაპზე, სატუმბი ქსელი ეწყობა. პრობლემაა ისიც, რომ მიწისქვეშა წყლები შემოდის, მაგრამ ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც პროექტითაა გათვალისწინებული. პარალელურად, დავიწყებთ კონკრეტულ ქუჩების დაქსელვას. მთლიანად პროექტის დასრულებას ორი წელი დასჭირდება. გარდა ამისა, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ქუჩები მოასფალტდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წყალარინების ქსელს თბილისის მერია კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მომზადებული პროექტის მიხედვით აწყობს.
ტერიტორიის გარკვეული ნაწილის რელიეფური მდებარეობის გამო, წყალარინების ცენტრალურ ქსელზე თვითდინებით დაერთება შეუძლებელია, ამიტომ, პროექტის საწყის ეტაპზე, მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ქსელის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარამდე ფინანსდება და მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. სადგურის მშენებლობის პარალელურად,
ივერთუბნის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩაზე, კერძოდ, ხერხეულიძის ქუჩაზე და შერვაშიძის ქუჩის შესახვევებში მოეწყობა წყალარინების ქსელი, რომელიც შემდგომში, სატუმბ სადგურს დაუერთდება. სატუმბ სადგურს ასევე დაუერთდება ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური ქსელი.
ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა ეტაპობრივად განხორციელდება და ამისთვის ჯამში, 7 მლნ ლარი დაიხარჯება.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."