მინდა, მილოცვით და მადლობით დავიწყო. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა იმისთვის, რაც კი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული სპორტისთვის, ფეხბურთისთვის და იმისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებთ.
ყველას კარგად გვახსოვს, თუ რამხელა სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას 1981 წლის 13 მაისმა. ეს არ იყო მხოლოდ სპორტული ტრიუმფი, ეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.
ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მიზნისკენ სწრაფვას, შრომას, თავდადებას, ყოველთვის მოაქვს შედეგი. საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი. აქ არიან ადამიანები, ვისაც უდიდესი წვლილი და როლი აქვს შეტანილი ჩემი საფეხბურთო კარიერის წარმატებაში. მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ. დღეს ისინი ჩვენს სპორტს, მომავალ თაობებს ემსახურებიან. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, შეძლებენ, ახალი, წარმატებული თაობები გაზარდონ და არა მხოლოდ თასების თასი, არამედ ჩვენ, ყველამ ერთად, ჩემპიონთა ლიგის თასები უნდა მოვიგოთ.
ასევე, მინდა დავამატო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ზოგადად, ჩვენი ერთ-ერთი პრინციპი და მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. რა თქმა უნდა, ერთობა, ერთიანი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, რამდენად მნიშვნელოვანია იცხოვრო ჯანსაღი წესით. არ არის აუცილებელი, რომ ყველა პროფესიონალი ფეხბურთელი ან მოჭიდავე გამოვიდეს. მთავარია, ეს ყოველდღიურობაში იყოს გადატანილი და სადაც არ უნდა ვიყოთ, რა საქმიანობითაც არ უნდა ვიყოთ დაკავებული, აუცილებლად, ყველგან და ყველაფერში დაგვეხმარება.
აქ შეკრებილი სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებსაც მინდა, მადლობა გადავუხადო თავიანთი საქმიანობისთვის, თუმცა დღევანდელი დღე - 13 მაისი ქართული ფეხბურთის დღეა. ყველა პატარის ოცნებაა, ამ კლუბში მოხვდეს, რომელსაც თბილისის „დინამო“ ჰქვია. ამ კლუბთან არის დაკავშირებული ქართული ფეხბურთის ყველა წარმატება, ზუსტად იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებიც დღეს აქ არიან შეკრებილი.
მინდა, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და წარმატებები გისურვოთ იმ ყოველდღიურ საქმიანობაში, რასაც ქართული სპორტისთვის, ფეხბურთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."