5 მაისი, 2019

„ევროპის დღეების“ გახსნის ღონისძიება

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით, რომ ხუთი წელი გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამ მხრივ ჩვენ უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა ყველაზე მთავარი - გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია, ამისთვის გასაკეთებლი კიდევ ბევრი გვაქვს. ეს ძალიან კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ასეც მოხდება. არ შემიძლია არ გავიხენო ზურაბ ჟვანიას სიტყვები - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. ეს არ ყოფილა მხოლოდ სიტყვები, ამას აქვს ძალიან დიდი შინაარსობრივი დატვირთვა. ჩვენ, ქართველები ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, კულტურით, ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები.

სტუმრებმა ევროპის მოედნის ტერიტორიაზე მოწყობილი „ევროსოფელი“ დაათვალიერეს, სადაც ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანაა წარმოდგენილი. ისინი მნახველებს საკუთარ ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას აცნობენ. ასევე, წარადგენენ საქართველოში განხორციელებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ. „ევროსოფელში“ საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

„ევროპის დღეები“ საქართველოში მაისის ბოლომდე გაგრძელდება და 80-მდე ღონისძიებას მოიცავს. მათში მონაწილეობენ აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და სხვა.

მსგავსი სიახლეები