2 მაისი, 2019

სასტუმროს - „ვინდამ გრანდ თბილისი“ გახსნა

როგორც დედაქალაქის მერს, მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში და საქმე ბოლომდე მიიყვანა. აქვე, არ შემიძლია, არ შევეხო ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობას, რომელიც 26 საუკუნეა არსებობს და ის მეგობრობა, რომელიც ჩვენს ხალხს აკავშირებს, ნამდვილად დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება, ცენტრალური თუ დედაქალაქის ხელისუფლება კი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას ყოველთვის გვერდით დაგიდგებათ.

სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისის“ პროექტი კომპანია „სიტი ემის“ (City M) 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად განხორციელდა. სასტუმროს გახსნისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს და მართვას კომპანია McInerney Hospitality International Georgia ახორციელებს.

სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიულ შენობებს შორის მდებარეობს. კომპანიამ „სიტი ემ“, პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტებით სრულად გაარემონტა 3650 კვ.მ ფართი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა. სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის, ორი საპრეზიდენტო, ხუთი საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი და სამი რესტორანია.

კომპანია Wyndham Hotels & Resorts (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე: WH) მსოფლიო მასშტაბით, 80-ზე მეტ ქვეყანაში 9 000-მდე სასტუმროს აერთიანებს. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. სასტუმროში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

მსგავსი სიახლეები