პროგრამა

  • ურბანული განვითარების პოლიტიკა

    ურბანული განვითარების პოლიტიკა

  • ეკოლოგიური პოლიტიკა

    ეკოლოგიური პოლიტიკა

  • სატრანსპორტო პოლიტიკა

    სატრანსპორტო პოლიტიკა

  • ეკონომიკური პოლიტიკა

    ეკონომიკური პოლიტიკა

  • სოციალური პოლიტიკა

    სოციალური პოლიტიკა

  • განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკა

    განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკა

  • მართვის პოლიტიკა

    მართვის პოლიტიკა

ურბანული განვითარების პოლიტიკა

ურბანული განვითარების პოლიტიკა

ქაოტური განაშენიანება და უსახური მშენებლობები თბილისის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. ქალაქის თანმიმდევრული ურბანული განვითარების უზრუნველსაყოფად, დამტკიცდება მიწათმოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის ყოველდღიურ განვითარებას თბილისის განვითარების საერთო, გრძელვადიანი ხედვიდან გადახვევის გარეშე. მიიღება ქმედითი ზომები მშენებლობის ხარისხისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და გაძლიერდება მერიის შესაბამისი სამსახურების რესურსები. შემუშავდება თბილისის იერსახის ერთიანი სტილი. გენერალური გეგმის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს თბილისის ყველა უბნის თანაბარ განვითარებას. აქტიურად გაგრძელდება თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოები. ერთიანი გეგმის შესაბამისად, განხორციელდება ავარიული და ძველი შენობების რეაბილიტაცია. ასევე, აქტიურად გაგრძელდება ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თბილისის აგლომერაციულ განვითარებას. 

მერია საბოლოოდ დაამუშავებს და დაამტკიცებს თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმას, რომელიც შეასრულებს თბილისის ურბანული განვითარების ქვაკუთხედის ფუნქციას. გენერალური გეგმა იქნება სისტემურ მიდგომაზე დაფუძნებული, წლებზე გათვლილი ქალაქის „კონსტიტუცია“. გენერალური გეგმა შექმნის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების ახალ პარადიგმას, რომელიც იქნება არა მხოლოდ დედაქალაქის განვითარების ახლებული ხედვა, არამედ გახდება მაგალითი საქართველოს სხვა დიდი ქალაქების განვითარების კონცეფციებისთვის. ურბანული განვითარების დაგეგმვის პროცესში, ტრადიციულ დარგებთან ერთად, როგორიცაა ეკონომიკა, დაგეგმარება, ინჟინერია, არქიტექტურა და სხვ., სულ უფრო აქტიურად ჩაერთვება სოციოლოგია, მენეჯმენტი, მარკეტინგი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკოლოგიასა და უსაფრთხოებაზე. ამასთან, შეიქმნება მუდმივმოქმედი ჯგუფი მაღალკვალიფიციური დარგობრივი ექსპერტების ჩართულობით, რომელიც უზრუნველყოფს გენერალური გეგმის დაცვისა და შესრულების მუდმივ მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. მერია მიიღებს ზომებს, რათა ამაღლდეს მოქალაქეთა ცნობიერება გენერალური გეგმის შესახებ და გაიზარდოს მათი ჩართულობა ურბანული განვითარების შესახებ მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მერია მიიღებს აქტიურ ზომებს მშენებლობის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დაიხვეწება ნორმატიული ბაზა და მართვის პრაქტიკა, რათა თბილისში, საბოლოოდ, სრულად აღმოიფხვრას ქაოტური და უსახური განაშენიანების პრობლემა. დადგინდება შენობის ფასადის იერსახის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, აგრეთვე მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები, გამკაცრდება ზონირების მიხედვით მშენებლობის კოეფიციენტის გაცემის წესი, უზრუნველყოფილი იქნება მშენებლობის უსაფრთხოების სტანდარტების განუხრელი დაცვა, შეიზღუდება სასაფლაოების გაფართოება ქალაქის დასახლებული ტერიტორიების მიმდებარედ. ქალაქის თანმიმდევრული და ეფექტიანი ურბანული განვითარებისა და მშენებლობის სფეროს მოწესრიგების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების რესურსების გაძლიერებას. გაძლიერდება მონიტორინგი პროექტირებისა და მშენებლობის სხვადასხვა სტადიაზე, დაიხვეწება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მექანიზმი.

შემუშავდება თბილისის იერსახის ერთიანი სტილი, რაც, გარდა სხვა ასპექტებისა, მოიცავს წარწერების შრიფტის, აბრების, ვიტრინების, ქუჩისა და საჯარო სივრცეების ფურნიტურის, კონტურის თუ დიზაინის სტანდარტებს. მერია უზრუნველყოფს ქალაქისთვის, განსაკუთრებით კი მისი ისტორიული ზონისთვის, იერსახის ერთიანი სტილის დამუშავებას და მისი სათანადო დაცვის მონიტორინგს.

თბილისის ურბანული განვითარების ხედვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ქალაქის ყველა უბნის თანაბარი განვითარება იქნება. სიცოცხლე ყველა უბანში - ამ მიდგომას დაეფუძნება თბილისის ურბანული განვითარება. ქალაქის თითოეული, როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული უბანი, თავისი ინდივიდუალური რესურსებითა და პოტენციალით, ჩაჯდება განვითარების ერთიან და ჰარმონიულ რიტმში. თბილისის გენერალური გეგმის საფუძველზე, ქალაქის ზონირების შედეგად, გამოიკვეთება მულტიცენტრები სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვით, რომელთა განვითარებას ხელს შეუწყობს მერია საბიუჯეტო და კერძო საინვესტიციო რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებით. განხორციელდება თბილისის ისტორიული ნაწილის განახლება-რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები, რისი მიზანიც, ერთი მხრივ, ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკურად და ტურისტულად მიმზიდველი მსხვილი არეალების აღდგენა და დიდი ტურისტული მარშრუტის სახით ერთმანეთთან დაკავშირებაა. უახლოესი 4 წლის მანძილზე, თანმიმდევრულად განხორციელდება ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების, მშრალი ხიდის, 9 მარტის და დედაენის ბაღის, გუდიაშვილის მოედნის, ქვემო კალას, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩის, ზემო კალას, ფიროსმანის, კარგარეთელისა და კონსტიტუციის ქუჩების, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, აგრეთვე აღმაშენებლის გამზირის გასწვრივ არსებული ისტორიული ბაღების კომპლექსის აღდგენა და ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე საფეხმავლო-სამუზეუმო მარშრუტის განვითარება. ამ არეალებში რესტავრაცია ჩაუტარდება უმნიშვნელოვანეს ძეგლებს, ისტორიულ სადარბაზოებს, სარეკრეაციო ზონებს და მუზეუმებს. შედეგად, თბილისის ისტორიულ ნაწილში მნიშვნელოვნად გაიზრდება ქონების ღირებულება, რაც აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე. შემდგომი 4 წლის განმავლობაში, თბილისის ისტორიული ნაწილის განახლება-რეაბილიტაციისათვის ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება, რაც 20 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.

შეიქმნება ავარიული და ძველი შენობების რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების კონცეფცია. აღნიშნული კონცეფციის განხორციელებისას, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის, კერძო სექტორის და ქალაქის ურბანული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესების ჰარმონიული დაცვა.

აქტიურად გაგრძელდება ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები. განხორციელდება პროექტები, რათა თბილისის საზღვრებში შემავალი ყველა უბანი და სოფელი უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი ენერგომომარაგებით, წყალმომარაგებითა და გაზმომარაგებით. განხორციელდება სოფელ დიღმის კანალიზაციის მოწყობის მასშტაბური პროექტი. გაგრძელდება უბნების, ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობა. მერია მუდმივ რეჟიმში აწარმოებს სამუშაოებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალაქის ქუჩების დაფარვა ხარისხიანი ასფალტის ან ბეტონის საფარით. ყველა უბნის ყველა ქუჩა და სარეკრეაციო ზონა იქნება განათებული თანამედროვე, ეკონომიური განათების სისტემებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თბილისის აგლომერაციულ განვითარებას. განისაზღვრება თბილისის აგლომერაციული განვითარების სტრატეგია და შემუშავდება თბილისის აგლომერაციის რუკა, რომელიც, სავარაუდოდ, მოიცავს თბილისის, რუსთავის, მცხეთის, გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს. ერთიანი, აგლომერაციული ხედვის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს თბილისისა და მისი მეზობელი მუნიციპალიტეტების კომპლექსურ და ეფექტიან განვითარებას ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, რეკრეაციისა და სხვა სფეროებში.  

ეკოლოგიური პოლიტიკა

ეკოლოგიური პოლიტიკა

თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრა, პირველ ეტაპზე ევროპული დედაქალაქების საშუალო მაჩვენებლებთან გატოლება, შემდეგ კი - ევროპის ყველაზე ჯანსაღ დედაქალაქებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა. ამისათვის, მომზადდება შესაბამისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები. გაიზრდება ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი ქალაქის ცხოვრებაში. მუნიციპალიტეტი იზრუნებს მტკვრის დაბინძურების პრევენციაზე. შემუშავდება და განხორციელდება ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციული სივრცეების შექმნა-განვითარების მასშტაბური გეგმა. აღდგება და განახლდება თბილისის ტყეები.

ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მერია, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, დონორ ორგანიზაციებთან და დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ჩაატარებს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობისა და დაბინძურების გამომწვევი ძირითადი მიზეზების სიღრმისეულ კვლევას, რის საფუძველზეც მომზადდება თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კომპლექსური სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა. დაინერგება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ქმედითი სისტემა. დაიხვეწება ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სისტემა. გაძლიერდება მერიის შესაბამისი სამსახურების რესურსები.

გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები და მონიტორინგის სისტემა. სამშენებლო ნებართვების გაცემისა და კოეფიციენტის მინიჭებისას, სავალდებულო და გათვალისწინებული იქნება რეკრეაციისა და გამწვანების მაღალი სტანდარტი. გარდა ამისა, დაინერგება მაღალი სტანდარტი მშენებლობის პროცესში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის. 

მერია იზრუნებს ინდივიდუალური ავტომობილების როლის შემცირებასა და ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდაზე. ამისათვის, უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის მეტროს კომფორტის გაუმჯობესება და მისი პოპულარიზაცია. მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ტექნიკური დათვალიერების პროცესის შემოღებას. გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის სისტემა. მერია ხელს შეუწყობს ელექტრომობილებისა და მოტოროლერების პოპულარიზაციას, მათ შორის ქალაქში სწრაფდამტენი მოწყობილობების დამონტაჟებით, აგრეთვე ელექტრომობილების მფლობელთათვის სპეციალური შეღავათების უზრუნველყოფით. მუნიციპალური ავტოპარკი ეტაპობრივად სრულად ჩანაცვლდება ელექტროტრანსპორტითა და ჰიბრიდული ტრანსპორტით. მოეწყობა ახალი საფეხმავლო ქუჩები და ველოტრასები. 

მერია იზრუნებს მტკვრის და მისი შენაერთების დაბინძურების პრევენციაზე. მოეწყობა გამწმენდი ნაგებობები თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე.

შემუშავდება ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციის გეგმა, რომლის განხორციელების საფუძველზე, თბილისის გამწვანების კოეფიციენტი ევროპულ საშუალო მაჩვენებელს მიუახლოვდება. გაძლიერდება პარკების მართვის სისტემა, უზრუნველყოფილი იქნება პარკების განახლება და ახალი გამწვანებული სივრცეების შექმნა. თბილისის დიდი პარკებისთვის შემუშავდება განვითარების ინდივიდუალური კონცეფცია და დაწესდება კეთილმოწყობისა და მართვის მინიმალური სტანდარტი. ასევე, დადგინდება თბილისში მდებარე 1400-მდე სკვერისთვის გამწვანებისა და კეთილმოწყობის მინიმალური სტანდარტი. განახლდება ვაკის, რიყის, გოძიაშვილის, კიკვიძის და ვარკეთილის პარკები, ვერის, ალექსანდრე-9 აპრილის ბაღები და დიღმის ტყე-პარკი. გამწვანდება ვაჟაფშაველას, ჭავჭავაძისა და მოსკოვის გამზირები და აეროპორტის გზა. ძველი თბილისის ტერიტორიაზე შეიქმნება საფეხმავლო რეკრეაციული ზონები. თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყობა თბილისის ახალი ზოოპარკი და განახლდება თბილისის დენდროლოგიური პარკი. განახლდება მზიურის პარკი, რომელსაც შეუერთდება ძველი ზოოპარკის ტერიტორია. ქალაქში მდებარე გაზონები და ღია მიწის გრუნტი დაიფარება ბალახით. გამგეობები, მოსახლეობის ჩართულობით, უზრუნველყოფენ სახლის ეზოების გამწვანებას.

უზრუნველყოფილი იქნება თბილისის შემოგარენის დაავადებული ტყეების აღდგენა და განახლება. დაავადებულ ტყის მასივებში განხორციელდება სანიტარული ღონისძიებები. ტყეების მიმდებარედ მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები და საპიკნიკე ადგილები. ჩატარდება სამუშაოები თბილისის ქარსაცავი ზოლების აღსადგენად. 

სატრანსპორტო პოლიტიკა

სატრანსპორტო პოლიტიკა

სატრანსპორტო სისტემის განვითარება თბილისის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ, თბილისში ინდივიდუალური ავტოტრანსპორტის რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. 2012 წელთან შედარებით, თბილისში 1000 სულ მოსახლეზე ავტომობილების რაოდენობა ორნახევარჯერ - 204 ერთეულიდან 517 ერთეულამდე გაიზარდა. ავტოტრანსპორტის რიცხვის ზრდა განაპირობებს საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და საცობების წარმოქმნას. სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად, შეიქმნება სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფცია, რომელსაც საფუძვლად დაედება ტრანსპორტის მოთხოვნის მოდელი, საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებები და შესაბამისი რეგულაციები. შეიქმნება ახალი სამარშრუტო სქემა და განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვისა და მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მომსახურების ხარისხი. მოწესრიგდება ტაქსების სექტორი, განვითარდება საბაგირო ტრანსპორტი, აგრეთვე წყლის ტრანსპორტი ტურისტული მიზნებისათვის. მოწესრიგდება პარკირების სისტემა. განხორციელდება მასშტაბური სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. შეიქმნება კომფორტული პირობები ქვეითებისა და ველოტრანსპორტის გადაადგილებისათვის.

სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეპტუალური და ინსტიტუციური უზრუნველყოფა

გენერალური გეგმის შესაბამისად, შეიქმნება სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც სავალდებულო იქნება გასათვალისწინებლად სხვადასხვა სახისა და მასშტაბის ინფრასტრუქტურის, მათ შორის ავტომაგისტრალების მშენებლობისას, სატრანსპორტო მარშრუტების დადგენისას, მშენებლობის კოეფიციენტის მინიჭებისას, მშენებლობის ნებართვის გაცემისას და ა.შ.

შეიქმნება ტრანსპორტის მოთხოვნის მოდელი, ანუ სისტემა, რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება თბილისის ქუჩებს, ავტომატურად გამოთვლის სტატისტიკურ მონაცემებს, გამოავლენს ქალაქში არსებულ გადატვირთულ წერტილებს, შეაფასებს და აღმოფხვრის მოძრაობის შეფერხების გამომწვევ მიზეზებს, უზრუნველყოფს სატრანსპორტო სისტემაზე სხვადასხვა პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის მოდელირებას.

საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაძლიერდება მერიის შესაბამისი სამსახურის რესურსები, შემუშავდება საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გაიზრდება საფეხმავლო გზებისა და მიწისზედა გადასასვლელების რაოდენობა. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო გარემოს შექმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ირგვლივ, შეიქმნება ავტოსაგზაო შემთხვევათა მონაცემების შეგროვების სისტემა ე.წ. შავი ლაქების გამოსავლენად და გასანეიტრალებლად.

რეგულაციები სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. მუნიციპალიტეტის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება ტექნიკური დათვალიერების პროცესის შემოღებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და ეკოლოგიურ მდგომარეობას. დაწესდება სადისტრიბუციო, დასუფთავებისა და სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების სტანდარტები. უზრუნველყოფილი იქნება საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზება. შემცირდება სიჩქარის ლიმიტები ხალხმრავალ ზონებში. მოწესრიგდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული რეგულაციები.

ტრანსპორტის სისტემის განვითარება

შეიქმნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემა და უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალური სინქრონიზაცია. მერია უზრუნველყოფს მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების ერთმანეთთან ადაპტირებას. ახალი სამარშრუტო სქემა უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს გახდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას.

დაინერგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვისა და მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის განახლებული მოდული. ახალი სისტემა უზრუნველყოფს სადისპეტჩერო და საკონტროლო პროცესების დახვეწას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის ერთიანი ცენტრის შექმნას, ანალიზისა და მარშრუტის ცვლილების მოქნილი მოდულის შემუშავებას. ავტობუსები აღიჭურვება თანამედროვე, განახლებული GPSსისტემით, ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდება ახალი ინტერაქტიული მონიტორები და შეიქმნება მუნიციპალური ტრანსპორტის აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს სრული ინფორმაცია სატრანსპორტო გადაადგილების შესახებ. მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი მოდული მგზავრს საშუალებს მისცემს, მგზავრობის საფასური გადაიხადოს როგორც სამგზავრო, ისე ყველა ტიპის პლასტიკური ბარათის, აგრეთვე მობილური აპლიკაციის საშუალებით. 

გაგრძელდება თბილისის მეტროპოლიტენის რეაბილიტაცია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განხორციელდება მეტროს მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი, რაც გულისხმობს კაბელების, ესკალატორების, ვენტილაციის სისტემების, ტრანსფორმატორების, გვირაბების, ლიანდაგების, სადრენაჟო სისტემების, წყლის ტუმბოების, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სრულად განახლებას და მოძრავი შემადგენლობების მოდერნიზებას. მეტროში არსებული მოძველებული ტურნიკეტები ჩანაცვლდება თანამედროვე დიზაინის ტურნიკეტებით. მეტროპოლიტენს დაემატება ახალი ვაგონები, რაც გაზრდის მგზავრთა გადაყვანას და შეამცირებს მოცდის ინტერვალებს. განახლდება 23 მეტროსადგური ერთიანი კონცეფციითა და ბრენდინგით. დაიწყება მეტროს ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა ხაზების პროექტირება, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, შეისწავლება სამგორი-აეროპორტისა და დიდუბე– დიდი დიღმის ხაზების შექმნის შესაძლებლობა. განხორციელდება პროექტი სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან მეტროს ინტეგრირების უზრუნველსაყოფად. მეტროსადგურებში მოეწყობა შესაბამისი ადაპტირების ზონები და ინფრასტრუქტურა შშმ პირებისათვის.

გაგრძელდება თბილისის ავტობუსის პარკის განახლება. არსებული მოძველებული ავტობუსები ჩანაცვლდება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ადაპტირებული და ინტერნეტით აღჭურვილი ავტობუსებით. სამარშრუტო სქემის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ქალაქს მოემსახურება 700-ზე მეტი ერთეული თანამედროვე ტიპის 8-10-მეტრიანი ავტობუსი. მერია შეისწავლის ახალ დერეფნებს და შექმნის ახალ პრიორიტეტულ საავტობუსე ხაზებს. უზრუნველყოფილი იქნება ავტობაზების მოდერნიზება და თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვა. სრულად განახლდება ავტობუსის გაჩერებები და მოხდება მათი ადაპტირება შშმ პირების საჭიროებებთან, დამონტაჟდება 500 ახალი გაჩერება.

კონტრაქტორ კომპანიებთან თანამშრომლობით, მერია უზრუნველყოფს მიკროავტობუსების პარკის ეტაპობრივ განახლებას ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული ახალი მიკროავტობუსებით. განხორციელდება სამარშრუტო სქემის ოპტიმიზაცია და განისაზღვრება მგზავრობის მინიმალური სტანდარტი. უზრუნველყოფილი იქნება მიკროავტობუსების გაჩერებების მოწესრიგება.

ეტაპობრივად მოწესრიგდება ტაქსების სექტორი იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, შეიქმნას ტაქსის მძღოლებისთვის ეკონომიკურად მომგებიანი სისტემა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს მომხარებელზე ორიენტირებული სტანდარტების დაცვა. 

განვითარდება საბაგირო ტრანსპორტი და უზრუნველყოფილი იქნება მისი ინტეგრირება სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, მათ შორის მეტროსთან. დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის და მაღლივი-ბაგების საბაგიროების მშენებლობა, აგრეთვე დაპროექტდება და აშენდება სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის დასახლების საბაგირო ხაზები. 

უზრუნველყოფილი იქნება მტკვარზე წყლის ტრანსპორტის განვითარება ტურისტული მიზნებისთვის

პარკირების მოწესრიგება

დღესდღეობით, ქალაქში არ მოქმედებს პარკირების მართვის ეფექტიანი სისტემა. ამასთან, ავტომობილების რიცხვის ზრდა განაპირობებს ქალაქის ცენტრში პარკირების ადგილების დეფიციტის მუდმივ ზრდას. პრობლემის აღმოსაფხვრელად, თბილისში დაინერგება პარკირების გამართული სისტემა. ერთიანი გეგმის შესაბამისად, განვითარდება ახალი საპარკინგე სივრცეები და მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების ინფრასტრუქტურა. შეიზღუდება პარკირება ტროტუარებზე. ცენტრალურ უბნებში შემოღებული იქნება საათობრივი პარკირება კომერციული ავტომობილების მფლობელებისა და გასართობი დაწესებულებების სტუმრებისათვის. ამოქმედდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა. დამკვიდრდება სამართლიანი და ეფქტიანი პარკირების მართვის სისტემა.

საგზაო ინფრასტრუქტურა

მერია განახორციელებს მრავალრიცხოვან პროექტებს თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ჩატარდება კომპლექსური კვლევა რამდენიმე ახალი საგზაო-სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თბილისში განხორციელდება შემდეგი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები: 

მტკვარზე აშენდება ახალი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას. ახალი ხიდი გააუმჯობესებს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს შორის კავშირს, განტვირთავს საგზაო მოძრაობას, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, არამოტორიზირებული ტრანსპორტისა და ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილების პირობებს;

 მოეწყობა გელოვანის გამზირისა და ინტენსიფიკაციის დამაკავშირებელი ორკილომეტრიანი, სამზოლიანი საავტომობილო გზა;

 აშენდება ვაშლიჯვრის დასახლებიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელი ესტაკადა; 

 უნივერსიტეტი-თამარაშვილის კვანძის განსატვირთად, მდინარე ვერეზე აშენდება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, აგრეთვე აშენდება ესტაკადა უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე; 

აშენდება სატრანსპორტო პანდუსი გალაკტიონის ხიდის მარცხენა სანაპიროზე; 

მოეწყობა კვანძი ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე; 

აშენდება ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა და გვირაბი;

აშენდება ნაფეტვრები-ახალდაბის ახალი გზა, რაც მნიშვნელოვანია როგორც წყნეთი-ბაგების გზის განსატვირთად, ასევე ქალაქის აუთვისებელი და გამოუყენებელი ტერიტორიების განსავითარებლად; 

მოეწყობა კვანძი ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების გადაკვეთაზე; 

ჩატარდება ჩატარდება ხიდებისა და გვირაბების რეაბლიტაცია.

შეიქმნება კომფორტული პირობები ქვეითებისა და ველოტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ქალაქგეგმარების მსოფლიოში აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით, პრიორიტეტი გახდება საფეხმავლო ზონების გაფართოება, ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეამცირებს მოძრაობის სიჩქარეს, განსაკუთრებით იმ ზონებში, სადაც გზის მომხმარებელი მოწყვლადი ჯგუფებია (სკოლები, საცხოვრებელი ზონები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები და მშენებლობის მიმდებარე ადგილები). ტროტუარები მაქსიმალურად გათავისუფლდება მანქანებისგან და სხვადასხვა ნაგებობისგან, შეიქმნება გადაადგილების მეტი სივრცე ქვეითებისთვის. საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, გაუმჯობესდება ტროტუარების გეომეტრია. შეისწავლება ქალაქის ცენტრალურ უბნებში ახალი საფეხმავლო ქუჩების შექმნის შესაძლებლობა. შემუშავდება და გატარდება არამოტორიზებული ტრანსპორტის განვითარების გეგმა და მიიღება ზომები მისი პოპულარიზაციისათვის. შეიქმნება ახალი ველობილიკები და მოხდება მათი ინტეგრირება ერთიან საატრანსპორტო სისტემასთან. მოეწყობა ველოსადგურები ისეთი ტიპის ობიექტებთან, როგორიცაა უნივერსიტეტები, სავაჭრო და საოფისე ცენტრები, ადმინისტრაციული შენობები და სხვ.

 

 

 

ეკონომიკური პოლიტიკა

ეკონომიკური პოლიტიკა

ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად, თბილისის მერია შეიმუშავებს მუნიციპალური განვითარების გეგმას. მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს თბილისელების დასაქმებას. განხორციელდება ღამის ეკონომიკის ინოვაციური კონცეფცია.

თბილისის მერია შეიმუშავებს ქალაქის ქმედით ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც დაეფუძნება მუნიციპალური განვითარების გეგმას. განხორციელდება თბილისის ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი კვლევა და მუნიციპალური ქონების დეტალური ინვენტარიზაცია. შემუშავდება და განხორციელდება ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკა. დაიგეგმება და განხორციელდება საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტები. მოწესრიგდება სავაჭრო სივრცეები. შემუშავდება და განხორციელდება ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების სტრატეგია. გააქტიურდება თანამშრომლობა პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან.

თბილისის მერია ხელს შეუწყობს მოქალაქეების დასაქმებას. მომდევნო წლების მანძილზე, განხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც ათასობით დამატებით სამუშაო ადგილს შექმნის. ამოქმედდება წამახალისებელი პროგრამები მცირე და საშუალო მეწარმეობის, თვითდასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშესაწყობად. 

შემუშავდება ღამის ეკონომიკის სტრატეგია, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს გარეუბნებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებას და ახალი უბნების განვითარებას, მიტოვებული სივრცეების ათვისებას, მდინარისპირა ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბიზნესის წახალისებას, ინვესტორების მოზიდვას, ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილებისა და ქალაქის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროების შექმნას. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის, რეკრეაციის სისტემისა და კულტურის პოლიტიკის ადაპტირება ღამის ეკონომიკის კონცეფციაზე, აგრეთვე ღამის ეკონომიკის სტარტაპების წახალისება. ღამის ეკონომიკის კონცეფციის ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ღამის საათებში, შეიქმნება ღამის ტურისტული მარშუტები, მათ შორის მტკვარზე განვითარდება სატრანსპორტო საშუალებები, გაუმჯობესდება ქალაქის გარე განათების სისტემა. უზრუნველყოფილი იქნება ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება და პოპულარიზაცია - აუთვისებელი სივრცეები დაეთმობა ადგილობრივ და უცხოელ არტისტებს, გაიხსნება მუზეუმები, საგამოფენო სივრცეები და კინოთეატრები ღამის საათებში. მიღებული იქნება სპეციალური ზომები ღამის საათებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის დამონტაჟდება ვიდეომონიტორინგის დამატებითი კამერები.  

სოციალური პოლიტიკა

სოციალური პოლიტიკა

2012 წლის შემდეგ გატარებულმა პოლიტიკამ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მანამდე არსებული ვითარება დიამეტრულად შეცვალა. განხორციელებულმა ჯანდაცვის რეფორმამ ქვეყანა სოციალური კატასტროფისგან იხსნა. საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პარალელურად, თბილისის მერია კვლავაც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური მომსახურების მიწოდებას თბილისის მოსახლეობისთვის. თბილისელების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა მერიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, გაგრძელდება და გაფართოვდება ჯანმრთელობისა და დაცვის მრავალრიცხოვანი მუნიციპალური პროგრამები. თბილისი გახდება „ინკლუზიური ქალაქი“ ყველა თაობის შშმ პირისათვის.

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები

უზრუნველყოფილი იქნება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეფექტიანი ფუნქციონირება და რესურსების მუდმივი გაუმჯობესება. განახლდება ავტოპარკი 70 ახალი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ასამდე ავტომობილი აღიჭურვება პორტატული კომპიუტერებითა და ახალი საკომუნიკაციო სისტემებით. გამოძახებების გაფილტვრისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, 112-თან თანამრომლობით, დაინერგება დისპეტჩერიზაციის ახალი პროტოკოლები. 

გაგრძელდება თბილისის რაიონული გამგეობების მიერ ჯანდაცვის მიმართულებით დახმარების გაწევა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსებისათვის, რითაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სარგებლობს. 

გაგრძელდება დაავადებათა სკრინინგის პროგრამა, რომლითაც წელიწადში 50 ათასამდე პირი სარგებლობს. აღნიშნულ პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის კომპონენტი. 

გაგრძელდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების აბილიტაციური თერაპიის პროგრამა, რომელშიც 700 ბავშვია ჩართული. 

გაგრძელდება C-ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის პროგრამების დაფინანსება, რომლითაც დღემდე უკვე 20 ათასამდე პაციენტმა ისარგებლა.

გაგრძელდება ტრანსპლანტაციის პროგრამა, რომელიც ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის 200 ათას ლარამდე ვაუჩერულ დაფინანსებას ითვალისწინებს. ამასთან, აღნიშნულ პროგრამას დაემატება ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი.

გაგრძელდება ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდება ძვირადღირებული მედიკამენტები - ტრასტუზუმაბი, პერტუზუმაბი და ლაპატინიბი.

გაგრძელდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 2016-17 წლებში, ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენციის მომსახურება გაეწია 365 ბავშვს, ხოლო აქტიურ (ასერტულ) ფსიქიატრიულ მკურნალობაში ჩაერთო 73 ბენეფიციარი.

გაგრძელდება მერიის მხარდაჭერა ყოველთვიურად საშუალოდ 3000-3500 პენსიონერის, შშმ პირის, მრავალშვილიანი ოჯახების წევრთა, ომის ვეტერანთა და სოციალურად დაუცველი პაციენტების საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად.

მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამების ადმინისტრირება გადავა სრულად ელექტრონულ მართვაზე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს დაფინანსების მიღებისთვის საჭირო მოცდის პერიოდი, ყველა ეტაპი გახდეს გამჭვირვალე და მოქალაქეებს მაქსიმალურად გაუმარტივდეთ დაფინანსების მიღების პროცედურები. 

სოციალური დახმარება

სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამების პარალელურად, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახების, ახალშობილების, შშმ, უსახლკარო და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, დამსახურებულ საზოგადო მოღვაწეთა სოციალურ დახმარებას ოცზე მეტი სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამით. 

გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში 2016 წელს 3744-მა ოჯახმა 7,7 მლნ ლარის დახმარება მიიღო. 

გაგრძელდება სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარის დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 2015-17 წლებში თბილისში 2375 ოჯახმა მიიღო დახმარება. 

გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ახალშობილებისათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2015-17 წლებში 978 ახალშობილი 993 ათასი ლარით დაფინანსდა. სოციალურად დაუცველი ოჯახი ყოველ მესამე ახალშობილზე 800 ლარს, მეოთხეზე - 1000 ლარს, მეხუთე და შემდეგ ახალშობილზე კი - 1500 ლარს მიიღებს. 

გაგრძელდება საკურორტო-გამაჯანსაღებელ საზაფხულო ბანაკებში 10-დან 16 წლამდე ბავშვების დასვენების პროგრამა, რომლითაც 2016 წელს 3000 მოზარდმა ისარგებლა, რაზეც 896 ათასი ლარი დაიხარჯა. 

გაგრძელდება 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა. 

გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დაფინანსება არაფორმალური განათლების ცენტრებში, რითაც 2015-17 წლებში 6200 ბავშვმა და მოზარდმა ისარგებლა. 

გაგრძელდება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და მარჩენალდაკარგულთა ოჯახების დახმარების პროგრამა, რომლითაც 2016 წელს 491 ოჯახმა 268,5 ათასი ლარის დახმარება მიიღო. 

გაგრძელდება მუნიციპალური თავშესაფრის დაფინანსება, რომელიც 240 მიუსაფარს და სოციალური საცხოვრისის 300 ბენეფიციარს ემსახურება. 

გაგრძელდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსება, რომელიც ბავშვთა მიტოვების პრევენციის ხელშეწყობასა და სოციალურად დაუცველი დედებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას ითვალისწინებს.

გაგრძელდება შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, საწოლს ან სახლს მიჯაჭვული პირების შინმოვლის მომსახურებას უზრუნველყოფს. 2016 წელს 692 მოქალაქეზე ზრუნვისათვის 277,6 ათასი ლარი გამოიყო. 

გაგრძელდება კომუნალური სუბსიდირების პროგრამა, რომელიც თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. 

გაგრძელდება უფასო სასადილოების ფუნქციონირება და გაუმჯობესდება კვების რაციონი. 

გაგრძელდება დანგრეული სახლების საკომპენსაციო თანხებით და ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება. 

გაგრძელდება რაიონული გამგეობების დამატებითი მხარდაჭერა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთასამინისტროსთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფას და მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინების დაკანონებას. 

მუნიციპალიტეტი იზრუნებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკითხის მოწესრიგებაზე. თბილისის მერია, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, ეტაპობრივად უზრუნველყოფს შესაბამისი ოჯახებისათვის, მართლზომიერების ფარგლებში, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების დაკანონების საკითხის გადაჭრას. 

ახალი ინიციატივების ფარგლებში, კერძო სექტორთან და საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობით, თბილისის მერია უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ჯგუფების ღირსეულ საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას. ყოველწლიურად, 7-8 მილიონი ლარი თბილისის ბიუჯეტიდან იხარჯება სოციალურად დაუცველი ან ავარიული სახლების მაცხოვრებლების ბინის ქირით უზრუნველყოფაზე. აღნიშნული ხარჯი ეტაპობრივად ჩანაცვლდება ბინათმშენებლობაზე გაწეული ხარჯით, რაც საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის პრობლემას უფრო ეფექტიანად გადაჭრის.

ინკლუზიური ქალაქი ყველა თაობისათვის

მომდევნო 4 წლის მანძილზე, თბილისის მასშტაბით მნიშვნელოვნად გაფართოვდება მრავალუწყებრივი თანამშრომლობა და ახალი ინიციატივები, რათა თბილისი გახდეს „ინკლუზიური ქალაქი“ ყველა თაობის შშმ პირისათვის: 

გაგრძელდება არასამეწარმეო იურიდიული პირების პროექტების დაფინანსება შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე გაგრძელდება 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი შშმ ბავშვების დახმარების, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სოციალურად დაუცველი უსინათლო პირების დახმარებისა და შშმ პირთა საკურორტო მომსახურების მუნიციპალური პროგრამები

უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის მმართველობაში არსებული ყველა ახალი ავტობუსის ადაპტირება. ავტობუსის გაჩერებებზე მოეწყობა მკვეთრი ფერის ტაქტილური პანდუსები. არსებული ავტობუსის მოსაცდელებიდან, სულ მცირე, 30% გახდება ადაპტირებული. მკვეთრი ფერის ტაქტილური პანდუსები მოეწყობა ასევე საფეხმავლო გზებზე. საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟდება ხმოვანი განცხადებების სისტემა მხედველობის პრობლემის მქონე მგზავრებისათვის. დაიწყება თბილისის მეტროპოლიტენის ადაპტირების მასშტაბური პროექტი

უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი დამოუკიდებელი გადაადგილების პროცესი შშმ პირთათვის; 

მერია იზრუნებს შშმ პირთათვის საზოგადოებრივი დანიშნულებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, სახოვრებელი სახლების, კულტურული დაწესებულებების, პარკებისა და რეკრეაციული ობიექტების ადაპტირებაზე; 

გაგრძელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტის ადაპტირება; 

დაინერგება „სკოლამდელი ინკლუზიის“ თბილისის მოდელი.

 

განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკა

განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკა

თბილისის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებას. ასევე, განვითარდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა. დაფუძნდება ახალი სპეციალიზებული სკოლები. მერია ხელს შეუწყობს არაფორმალური სახელოვნებო და სპორტული განათლების სისტემის განვითარებას. დაიხვეწება მერის სტიპენდიის პროგრამა. განხორციელდება „შემოქმედებითი თბილისის“ პროექტი. განვითარდება კულტურული ტურიზმი. შეიქმნება ახალგაზრდული ცენტრები და ღია სივრცეები მთელი ქალაქის მასშტაბით. აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსები ქალაქის ათივე რაიონში. მერია ხელს შეუწყობს სხვადასხვა სახის საქალაქო, სასკოლო და საუნივერსიტეტო ტურნირების ორგანიზებას. მერია მიიღებს ზომებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ჯანსაღი ქალაქების ქსელში თბილისის გასაწევრიანებლად.

ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ექსკლუზიური უფლებამოსილება და პრიორიტეტია. 2017 წელს დამტკიცდება საბავშვო ბაგა-ბაღების ახალი მუნიციპალური სტანდარტი (აღმზრდელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ინფრასტრუქტურის, კვების, ჰიგიენის, ინკლუზიისა და უსაფრთხოების სტანდარტები) და მერია ხელს შეუყობს ახალი სტანდარტით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციას. დასრულდება 13 საბავშვო ბაღის მშენებლობა და აშენდება 20 ახალი საბავშვო ბაღი. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, გაუმჯობესდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა. თბილისში დამატებით აშენდება 30-ზე მეტი სკოლა და გაუმჯობესდება 70-ზე მეტი სკოლის ინფრასტრუქტურა. თბილისში დაფუძნდება 5 ახალი მასშტაბური სპეციალიზირებული სკოლა უფროსკლასელებისათვის: ევროპული სკოლა ევროკავშირის ჩართულობით, „HTH საქართველო“ ამერიკული High Tech High-ის ლიცენზიით, “სახელობო“ სკოლა ისრაელის გამოცდილების გათვალისწინებით, სახელოვნებო სკოლა და STEM-სკოლა. არ დარჩება არც ერთი ნიჭიერი მოსწავლე, რომელიც ვერ მიიღებს მაღალი ხარისხის განათლებას ტექნოლოგიური, სახელოვნებო თუ სხვა მიმართულებით. ეტაპობრივად, ყველა საჯარო სკოლა აღიჭურვება თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიური ლაბორატორიებით და დაინერგება STEMპროგრამები სასწავლო პროცესში. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, ყველა სკოლაში შეიქმნება თანამედროვე ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის კომპიუტერული ტექნიკისა და წიგნის ფონდი, რომელიც მოემსახურება როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს. მერიის ხელშეწყობით, ჩატარდება მოსწავლეთა გასვლითი გაკვეთილები თეატრებში „სცენის მიღმა“, მუზეუმებსა და რეკრეაციულ პარკებში. მოსწავლეებისათვის დაწესდება დამატებითი შეღავათები კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად.

მერია უზრუნველყოფს არაფორმალური სახელოვნებო და სპორტული განათლების ხელმისაწვდომობას ნიჭიერი მოსწავლეებისათვის. 

გაგრძელდება და დაიხვეწება მერის სტიპენდიის პროგრამა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეების მხარდაჭერა და სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების უმაღლესი განათლების თანადაფინანსება. 

შემუშავდება და განხორციელდება მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკების, თეატრებისა და სახელოვნებო სკოლების მოდერნიზაციისა და მართვის სისტემის რეფორმირების კონცეფცია. განხორციელდება მუზეუმების რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს ქალაქის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებაში მათი როლის გაზრდას. ქალაქის ბიბლიოთეკებში დაინერგება თანამედროვე სერვისები და ტექნოლოგიები. განხორციელდება მუნიციპალური თეატრებისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია. თეატრებში დაწესდება შეღავათიანი ტარიფები და დაინერგება ახალი სერვისები, რითაც ისინი შეძლებენ მეტი მაყურებლის მოზიდვას და შემოსავლების გაზრდას. შემუშავდება ახალი სასწავლო პროგრამები სახელოვნებო სკოლებისათვის. 

მერია ხელს შეუწყობს თბილისში კულტურული ტურიზმის განვითარებას, რისთვისაც თბილისი უმასპინძლებს მუსიკალურ, თეატრალურ და კინოფესტივალებს. განხორციელდება პროექტი - Tbilisi Standing Performance, რომლის ფარგლებში, ქართული ფოკლორის პოპულარიზაციისათვის, გაიმართება მუდმივი, ყოველდღიური წარმოდგენები ნიუ-იორკის, ვენის და სხვა დიდი ქალაქების მაგალითზე.

შემოქმედებითი ევროპის (Creative Europe) და შემოქმედებითი საქართველოს (Creative Georgia) ინიციატივების ფარგლებში, შესაბამის სამინისტროებთან კოორდინაციით, განხორციელდება პროექტი - შემოქმედებითი თბილისი, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. შეიქმნება შესაბამისი სივრცეები - ბიზნეს-ინკუბატორები, ფაბლაბები, რაც ახალგაზრდებს შემოქმედებითი და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქალაქის ბრენდირებაში მეწარმეებისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების ჩართვას, თბილისის სუვენირების პაკეტის დახვეწას, ხელნაკეთი ნივთების წარმოებას, თბილისის ქუჩების მოდერნიზებაში ახალგაზრდების ჩართვას და ა.შ. 

შეიქმნება განათლებისა და კულტურის ახალგაზრდული ცენტრები თბილისის ყველა რაიონში. ახალგაზრდულ ცენტრებში გაერთიანდება შემეცნების, დასვენების, გართობის სივრცეები. ღია სივრცეებში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კულტურულსაგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა, დასვენება, კულტურულ-შემოქმედებითი საღამოების, ღია საჯარო ლექციებისა და სემინარების ორგანიზება, კომერციული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება. გლდანის რაიონში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა კულტურულ-გასართობი ცენტრი - „რადიოქალაქი“, რომელიც გააერთიანებს კულტურულ, სპორტულ, საგამოფენო, გასართობ, რეკრეაციულ და კომერციულ სივრცეებს, კინოდარბაზებს, საბავშვო სათამაშო მოედნებს და მედიათეკას. 

მერიის მხარდაჭერით, უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა სახის სასკოლო, საუნივერსიტეტო და საქალაქო პირველობების ორგანიზება. 

მერია მიიღებს ყველა ზომას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ჯანსაღი ქალაქების ქსელში თბილისის გასაწევრიანებლად, რისთვისაც შეიქმნება მზრუნველი გარემო თითოეული მოქალაქისთვის, დაინერგება ჯანსაღი ცხოვრების წესი და განვითარდება ჯანსაღი ურბანული გარემო. 

მართვის პოლიტიკა

მართვის პოლიტიკა

თბილისის მმართველობის სისტემა სიღრმისეულ ანალიზსა და დახვეწას საჭიროებს. ამ მიზნით, გატარდება მერიის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმა, დაიხვეწება საკადრო პოლიტიკა, შეიქმნება კორუფციის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები. ჩამოყალიბდება მუნიციპალიტეტის ერთიანი მონაცემთა ბაზა და დაინერგება მართვის ავტომატიზებული სისტემები. დაიხვეწება მოქალაქეთა მომსახურების პრაქტიკა. დაინერგება გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ეფექტიანი მექანიზმები. გაიზრდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და განხორციელდება საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია.

თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებისთანავე, დაიწყება და განხორციელდება მერიის კომპლექსური და სიღრმისეული ფუნქციური ანალიზი, რომლის საფუძველზე, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მონაწილეობით, გამჭვირვალედ დაიგეგმება და განხორციელდება მერიის სისტემისა და მისი თითოეული ორგანოს ინსტიტუციური რეფორმა. რეფორმის შედეგად, განისაზღვრება მერიის თითოეული რგოლის ოპტიმალური სტრუქტურა და საშტატო განრიგი, შემუშავდება ფუნქციების განაწილების, კოორდინაციის, ანგარიშვალდებულებისა და კომუნიკაციის ქმედითი სისტემა. რეფორმა უზრუნველყოფს ქალაქის განვითარებასა და მოქალაქის ინტერესების რეალიზებაზე ორიენტირებული, რაციონალური და ხარჯეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას მერიის ორგანოების მიერ. გაძლიერდება საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოების, დარგის სპეციალისტების, აკადემიური წრეების, ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების როლი საქალაქო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გაძლიერდება თანამშრომლობა საერთაშორისო დონორებთან და კერძო სექტორთან საქალაქო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში.

მერიაში განხორციელდება ეფექტიანი და ობიექტური საკადრო პოლიტიკა. ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში, შემუშავდება სამუშაოთა აღწერილობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მერიის თითოეული მოხელისათვის, დაინერგება მოხელეთა ანგარიშვალდებულებისა და შეფასების ქმედითი და სამართლიანი სისტემა, განისაზღვრება მერიის მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტიანი პოლიტიკა.

შემუშავდება მერიაში კორუფციის პრევენციის სტრატეგია და დაინერგება კონტროლისა და მონიტორინგის ქმედითი სისტემა. 

შეიქმნება მუნიციპალიტეტის ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელშიც გაერთიანებული იქნება დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები. აღნიშნული მონაცემთა ბაზა მნიშვნელოვნად გაამარტივებს სტრატეგიულ და საბიუჯეტო დაგეგმვას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას. შეიქმნება თბილისის ინტერაქტიული რუკა, რომელზეც დატანილი იქნება ინფრასტრუქტურული მონაცემები, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, მუზეუმები, კულტურული ღონისძიებების კალენდარი, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტები, ეკოლოგიური მონაცემები და სხვ. 

მერიის სისტემაში უზრუნველყოფილი იქნება მართვის ავტომატიზებული სისტემების სრულყოფა. პირველ ეტაპზე, დაინერგება მართვის ავტომატიზებული სისტემები მოქალაქეებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული პროცესებისთვის, როგორიცაა მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობა, სოციალური დახმარების გაცემა, ქონების პრივატიზება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვა და ა.შ. მომდევნო ეტაპზე, დაინერგება ავტომატიზებული სისტემები სხვა ადმინისტრაციული პროცესებისთვისაც. ამ სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს ადმინისტრაციული პროცესების რაციონალიზებასა და მათ ეკონომიურობას, მაქსიმალურად გამორიცხავს არაობიექტური ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებას, მინიმუმამდე დაიყვანს კორუფციის რისკს, შეამცირებს გადაწყვეტილების მიღების დროს და უზრუნველყოფს მოქალაქეთა ინტერესების უკეთ დაცვას. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური ბიუჯეტის ზრდა როგორც საკუთარი შემოსავლების, ისე სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზე და ქალაქის ბიუჯეტი, პირველად მის ისტორიაში, 1 მილიარდს გადააჭარბებს. სიღრმისეული გათვლების საფუძველზე, გადაისინჯება ქალაქის საბიუჯეტო პრიორიტეტები და შემუშავდება მუნიციპალიტეტის ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგია.

მერიის ფუნქციური ანალიზის ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა მომსახურების არსებული პრაქტიკის შესწავლა და პრობლემების იდენტიფიცირება, შემუშავდება ხარვეზების აღმოფხვრის სტრატეგია. ქალაქის თითოეულ რაიონში შეიქმნება თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობისთვის ათეულობით მომსახურების გაწევა ერთი ფანჯრის პრინციპით. აღნიშნული ცენტრები, დამატებით, შეასრულებს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პლატფორმის ფუნქციას. 

თბილისში შეიქმნება თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური მოდელი. კერძოდ, მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის შესაბამისად, განისაზღვრება ხარჯთაღრიცხვა თითოეული უბნისთვის, რომლის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას უშუალოდ უბნის მოსახლეობა მიიღებს. აღნიშნული სახსრები, არსებითად, მიმართული იქნება უბნის კეთილმოწყობასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. უზრუნველყოფილი იქნება გადაწყვეტილებათა მიღებისა და აღსრულების პროცესის ეფექტიანი კოორდინაცია მერიის შესაბამისი რგოლის მიერ. დამატებით, შეიქმნება ინოვაციური ონლაინპლატფორმები მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის წასახალისებლად, მათ შორის საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო პეტიციების შესატანად და ა.შ.

ეს არის გეგმა, რომლის განხორციელება ჩვენს ქალაქს განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, ეს არის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქისთვის აქტუალური ყველა საკითხის სისტემურ გადაწყვეტას, თბილისის და თბილისელების შემოსავლების ზრდას და საცხოვრებელი გარემოს არებით გაუმჯობესებას. 

კახა კალაძე, თავისი ენერგიით, ხალხისა და საქმისადმი ერთგულებით, მომავალი ოთხი წლის მანძილზე, თავის გუნდთან ერთად, თავდაუზოგავად იშრომებს წარმოდგენილი გეგმის შესასრულებლად ჩვენი ქალაქის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების უზრუნველსაყოფად. თბილისი გაიმარჯვებს და აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი!