22 აგვისტო, 2018

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მასშტაბით, ტაქსების რეგისტრაცია ათი გამგეობის გარდა, უკვე იუსტიციის სახლშიც არის შესაძლებელი. მისივე თქმით, ეს პროცესი 21 აგვისტოდან დაიწყო. დედაქალაქის მერმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ამისათვის მადლობა გადაუხადა.

„მსურველებისთვის ყველაზე მარტივი გზა არის სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერით დარეგისტრირდნენ. იუსტიციის სახლში კი სპეციალურად გამოყოფილია ადგილი, სადაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლის თანამშრომელი ემსახურება. დღეის მდგომარეობით, 500-მდე ტაქსის ნებართვა არის უკვე გაცემული. მსურველებს მინდა მივმართო, რომ იაქტიურონ, რადგან 1 ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელი იქნება. თუკი მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდება, 200 ლარით დაჯარიმდებიან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ტაქსების რეგისტრაციის პროცესის პარალელურად, კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. მისი თქმით, 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროპოლიტენში მოცდის პერიოდი საშუალოდ 3 წუთამდე შემცირდება.

„თუკი აქამდე ადამიანებს 4-5 წუთი ლოდინი უწევდათ, ამ ცვლილებებით შესაძლებელი იქნება, ეს დრო 3 წუთამდე დავიდეს. ამ შედეგით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, რომ მეტროს ახალი ვაგონები დავამატოთ, მოდერნიზება მოვახდინოთ და ლოდინის პერიოდი დაახლოებით 2 წუთამდე შევამციროთ. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი უკვე შვებულებიდან დედაქალაქში დაბრუნდება. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს, მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა.

„ასევე, განვახორციელეთ სარკინიგზო ხაზების ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადამზადების შედეგად, მემანქანეების ახალი ნაკადი მივიღეთ, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერიამ 220 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვის პროცესიც დაიწყო, 2018 წლის ბოლოს კი თბილისში უკვე შესყიდული 90 ერთეული ავტობუსი შემოვა.

„მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეული, 8-მეტრიანი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესყიდვის პროცესი. როგორც ვპირდებოდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის ჯამში 550 ერთეული ახალი ავტობუსი იქნება შემოყვანილი და არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად იქნება ჩანაცვლებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, კახეთის გზატკეცილზე, მარცხენა სათადარიგო ზოლში საგზაო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება, დღეს კი მსგავსი სამუშაოები მარჯვენა ზოლში დაიწყო.

„კახეთის გზატკეცილზე, სამუშაოები სამ ეტაპად დავყავით. პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ახლა ვიწყებთ მარჯვენა სათადარიგო ზოლის სრულ რეაბილიტაციას, რომლის დასრულების შემდეგაც მესამე ეტაპი დაიწყება, რაც ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალარინების და სანიაღვრე სისტემები, მოწესრიგდა ბორდიურები, ტროტუარები. ფეხით გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი იმ კონკრეტულ მონაკვეთში, სადაც სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. ცენტრალურ მაგისტრალზე ვაპირებთ, როგორც ასფალტის საფარის, ასევე, განათების სისტემის მთლიანად შეცვლას. ეს პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ყველა სტუმარი, ვინც ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში ჩამოდის, ამ გზით შემოდის. ამ გზაზე არსებული მდგომარეობა კი არც ისე სახარბიელოა, გზის საფარის, თუ მიმდებარედ არსებული პირობების გათვალისწინებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს საფეხმავლო ხიდების კონცეფციის შემუშავება დაავალა.

„ვფიქრობ, აქ უნდა ჩავრთოთ არქიტექტორები, ყველა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ისეთი პროექტები შევიმუშაოთ, რომელიც ვიზუალურადაც მისაღები იქნება და ასვლა-ჩამოსვლა მოსახერხებელი იქნება. დღეის მდგომარეობით, შშმ პირებისთვის შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ, გავალებთ, რომ ძალიან მალე შემუშავდეს კონცეფცია და ვიზუალი, თუ როგორი უნდა იყოს ეს ხიდები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, იერსახეს ამახინჯებს სარეკლამო აბრებიც, რომლებიც გადასასვლელი ხიდის კონსტრუქციის მსგავსად, გზის მთელ სიგანეზეა დამონტაჟებული.

„მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო კომუნიკაცია ბიზნესთან, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ბიზნეს ინტერესები, მაგრამ ბიზნესი არ უნდა განხორციელდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას ვარაზისხევის რეაბილიტაცია შესთავაზა.

„დღეის მდგომარეობით, არის ქვაფენილი, რომელიც ძალიან ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის. მინდა უბრალოდ ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის მაგივრად, თანამედროვე ევროპული ტიპის ასფალტი გაკეთდეს. ეს ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხოთ. მგონია, რომ ძალიან ხმაური და მტვერია, რაც პირველ რიგში, იქ მცხოვრებ ხალხს უქმნის პრობლემას. ჩავატაროთ გამოკითხვა, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ხალხს და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ვარაზისხევს ისტორიული სტატუსი არ აქვს და შესაძლებელია, როგორც საფეხმავლო ბილიკების გაფართოება, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაც.

დედაქალაქის მერის განცხადებითვე, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო არეალებში 30-მდე ქუჩა მოაწესრიგა

„გასულ კვირას, ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შედეგად, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ქუჩები მოწესრიგდა და სამშენებლო მასალებისა და საბურავებისგან გათავისუფლდა. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, როგორც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე გადაადგილებისა და ვიზუალური თვალსაზრისითაც. ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და სხვა რაიონებში, ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიები ანალოგიურად უნდა მოწესრიგდეს. ერთი კვირის განმავლობაში, დავალება როგორც კი მივეცი, ზედამხედველობის სამსახურმა 30-მდე ქუჩა მოაწესრიგა და ისეთი დარღვევები აღკვეთა, როგორიც ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ფიქსირდებოდა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს კიდევ ერთხელ დაავალა, რომ მონიტორინგი განაგრძონ და ქუჩები, სადაც მსგავსი პრობლემებია, დროულად მოაწესრიგონ.

„ჩვენ ბიზნესს არ ვერჩით, მაგრამ ეს ყველაფერი წესრიგში და კანონმდებლობის ფარგლებში უნდა მოდიოდეს. ძალიან გამიხარდება, თუ მოქალაქეების დაჯარიმება არ მოგვიწევს. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ ბიზნესი ქალაქის იერსახის დაზიანების ხარჯზე. ეს კატეგორიულად მიუღებელია და პრობლემას წარმოადგენს გარშემო მცხოვრებთათვის და მათთვის, ვინც ამ ტერიტორიებზე ფეხით გადაადგილდებიან. ყველას ინტერესი გათვალისწინებული და დაცული უნდა იქნეს. ყველა ტიპის კანონიერ ეკონომიკურ საქმიანობას მხარს ვუჭერთ, თუმცა ეს ყველაფერი სხვისი უფლებების შელახვის გარეშე უნდა მოხდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ გურანდა გაბუნიას, ნანა ჯორჯაძეს, რადიშ თორდიას და გივი შაჰნაზარს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელები გადაეცემათ.

მსგავსი სიახლეები