8 აგვისტო, 2018

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა.

„დღეს, 8 აგვისტოა და პირველ რიგში, მინდა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას გამოვეხმაურო. ტრაგიკულს თავისი შედეგებით, მასშტაბითა და იარებით, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა და რა თქმა უნდა, ვერც მოიშუშებს საქართველოს საბოლოო გამთლიანებამდე. უკვე ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის დაწყების შემდეგ, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა. გაჩნდა საკუთარ სამშობლოში დევნილთა ახალი ნაკადი, რომლებიც სახლებში დაბრუნებისა და აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს არ კარგავენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა და თბილისის მთავრობის წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში ტრაგიკულად დაღუპულ მოქალაქეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„მტერი ძლიერია, მაგრამ ქვეყნის გაერთიანების სურვილი უფრო ძლიერია. ჩვენს ერთიანობის რწმენას ვერავინ და ვერაფერი შელახავს. ეს ომი, უდიდეს ტრაგედიასა და ტკივილთან ერთად, გმირობისა და თავდადების არაერთ ისტორიას ასახავს. ჩვენი ვალია, ამ ადამიანების ხსოვნა უკვდავყოთ. სწორედ ამიტომ, სხდომის დაწყებამდე, მინდა ყველას გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, თითქოს, დედაქალაქის მთავრობა აპირებს, მიწის ნაკვეთს, სადაც „კია მოტორსის“ ცენტრი მდებარეობს, ზონის სტატუსი შეუცვალოს და მშენებლობა დაიწყოს.

„ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, თითქოს დედაქალაქის მთავრობა და მერი, დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის განხორციელებას აპირებს. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა მოსახლეობას, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა და ტყუილია. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, საუბარი იყო იმაზეც, რომ ჩვენ ზონის სტატუსი შევუცვალეთ არსებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, სადაც დღეს „კიას“ ცენტრი მდებარეობს, რაც სრული სიცრუეა. ჩვენი მხრიდან, არანაირი ზონის ცვლილება არ განხორციელებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული ტერიტორიის 2009 და 2011 წლების ზონალური რუკები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიას, რომელზეც დღეს „კიას“ ცენტრი მდებარეობს, 2011 წლიდან საზოგადოებრივი საქმიანობის ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„2011 წელს, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. „კიას“ ცენტრი ამ მონაკვეთში მდებარეობს. ეს კომპანია „ანაგის“ საკუთრებაა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული შენობის ნაცვლად, იგივე მოცულობის, თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობა - საგამოფენო „ორანჟერეა“ ააშენონ. პროექტი დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის, მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო პროექტთან დაკავშირებით, საზოგადოებას დეტალებს ვაცნობებთ. ჩვენმა ოპონენტებმა გენგეგმას ვერანაირი ხარვეზი ვერ უპოვეს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ყოველგვარი სიცრუით, ზიანი მიაყენონ დოკუმენტს, რომელიც თბილისის საკრებულოშია გადაგზავნილი. სწორედ ჩვენი დავალებით, დაიწყო მუშაობა დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაშია, გაყიდულია. ამიტომ, დავიწყეთ ამ ადამიანებთან კომუნიკაცია, რათა მოხდეს ნაკვეთების გამოსყიდვა, ადგილმონაცვლეობა იმისთვის, რომ რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მწვანე სივრცეები შევქმნათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მიერ ახალი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, რომლის საერთო ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რამდენიმე დღის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა - ხედვა, თუ რა გაკეთდება და რის განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. იცით, რომ 2018-2019 წლებში, ავტობუსების სრული განახლება მოხდება და ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, რომელიც ქალაქისა და მგზავრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. 90 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გვქონდა გამოცხადებული, რომელიც უკვე დასრულებულია. პროცესში კომპანია „თეგეტა ტრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა. გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ქალაქს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ კომპანია დედაქალაქში 90 ახალი ავტობუსის შემოყვანას ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ცხრა თვის ვადაში უზრუნველყოფს.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის ფარგლებშიც, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის სამუშაოები იწყება.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, ხოლო საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის. ასევე, გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

„აღნიშნულ პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი მოეწყობა. ვიცით, რომ აქ საცობების სერიოზული პრობლემაა. ვინც ამ გზაზე მოხვედრილა, დამეთანხმებით, რომ რამდენიმე წუთი, საათი გიწევს ამ მონაკვეთზე დგომა. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული მონაკვეთის განტვირთვას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები კი, 24 საათის განმავლობაში იწარმოება. თბილისის მერი შესაძლო დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა 800-მდე ვადაგადაცილებულ და მიმდინარე საკითხზე მუშაობა დაასრულა, რისთვისაც მან აღნიშნული სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მივმართო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს და ვაცნობო, რომ გასულ კვირას, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა ვადაგადაცილებულ და მიმდინარე საკითხებზე მუშაობა დაასრულა. დაახლოებით, 800-მდე შემოსულ წერილს პასუხი გაეცა და დღეს ყველა განულებულია. აღნიშნული სამსახური უნდა აეწყოს ისე, რომ ვადაგადაცილებული საკითხები აღარ იყოს და სამშენებლო სექტორს პრობლემა არ შეექმნას. კომპანიებს თვეობით ლოდინი უწევდათ, რაც სერიოზულ დისკომფორტს ქმნიდა. ეს ეკონომიკისთვისაც ცუდია, რადგან სამშენებლო მიმართულება ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი უმთავრესია. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, რომ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება გათვალისწინებული იყოს. ყველა წერილზე პასუხი გაცემულია. მთავარია, რომ ეს პროცესი არ გაჩერდეს და ყველაფერი შეფერხების გარეშე წარიმართოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, მერიის კუთვნილი იმ 42 ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოპარკიდან ამოღებაა, რომელიც ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მათ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით ჩაანაცვლებს.

„როგორც იცით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. შესაბამისად, თბილისის მერიამ აღნიშნული პროცესი მყისიერად დაიწყო.

ჩემი დავალებით, ყველა ავტომობილის შემოწმება განხორციელდა. ამ ეტაპისთვის, მერიის კუთვნილი 42 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. როგორც გავნაცხადეთ, ეს სატრანსპორტო საშუალებები მერიის ავტოპარკიდან ამოღებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქალაქში ეკოლოგიის თვალსაზრისით, პრობლემას მსუბუქი ავტომობილებიც ქმნიან. კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რომელთაგან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია.

„სწორედ ასეთი ავტომობილები აბინძურებენ გარემოს. ის ტენდენცია, რომ მხოლოდ ყვითელი ავტობუსები ქმნიან პრობლემებს, ამას ნამდვილად არ ვეთანხმები. ყვითელი ავტობუსები იმ პრობლემის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ჩვენ ეკოლოგიის თვალსაზრისით გვაქვს, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება და აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. პრობლემას ქმნიან ასევე, პატარა ავტომობილები. ქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება. აქედან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია და მგონია, რომ ტექდათვალიერება, რომელიც დაიწყო და პირველი იანვრიდან კერძო ავტომობილების მესაკუთრეებისთვისაც სავალდებულო გახდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი რამდენიმე დღის წინ, სამგორის რაიონში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელმა თავის არეში დაზიანება მიიღო.

„სამგორის რაიონში, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელსა და გარე მოვაჭრეს შორის, რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რომელიც ამ დროისთვის, კლინიკაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდება. ძალიან სამწუხარო ფაქტია. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქალაქში გარე ვაჭრობა არის აკრძალული. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები საკუთარი კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში, მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა კი, განსაკუთრებით, ფიზიკური შეურაცხყოფის გზით, კანონით დასჯადი ქმედებაა, რომელიც არავის ეპატიება. ეს ადამიანები ზრუნავენ ჩვენი ქალაქის იერსახეზე და ამ კონკრეტულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. გამოძიება დაწყებულია და კანონის ფარგლებში, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მიმართა, რომ მათზე დაკისრებული კანონიერი მოვალეობის აღსრულება განაგრძონ.

თბილისის მერმა ქართველ რეჟისორსა და დრამატურგს, რობერტ სტურუას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 80 წელი შეუსრულდა, აღნიშნული თარიღი მიულოცა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადასცა.

„რამდენიმე დღის წინ, გამოჩენილ ქართველ რეჟისორსა და დრამატურგს, რობერტ სტურუას 80 წელი შეუსრულდა. მინდა, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მივულოცო აღნიშნული თარიღი, ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. ჩვენთვის საყვარელ ადამიანს მინდა, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელი გადავცე. საბედნიეროდ, დედაქალაქს ჰყავს და ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული ადამიანები, რომელთა საქმიანობა და შემოქმედება ქალაქის ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა და მომავალშიც შესძენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები