24 ივლისი, 2018

რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნული ქუჩის სრული რეაბილიტაცია თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მონაწილეობით კი, მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემას, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების ქსელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვალა ჭები, ხოლო საკომუნიკაციო საჰაერო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა.

კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის ფარგლებში, გაიმართა გარე განათების ახალი ქსელი: 17 საყრდენი ბოძი და 17 ლედ დიოდური სანათი.

„მუშაობა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. განხორციელდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია. გარეგანათების ელექტროგადამცემი ხაზებიც კი მიწის ქვეშ არის განთავსებული. ძალიან ლამაზი ქუჩა გამოვიდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ტროტუარი, რადგან აქ ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მოხდა გზის სავალი ნაწილის შემცირება, რათა ფეხით მოსიარულეებს ტროტუარი ჰქონოდათ. ასევე, მთლიანად შეიცვალა გარეგანათება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ, სრულყოფილი იყოს, რათა შემდგომი წლების განმავლობაში, წყალარინების, წყლის, სანიაღვრეების ან ბორდიურის პრობლემამ თავი არ იჩინოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ენ სი“ აწარმოებდა, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდე დაიხარჯა.

რამიშვილის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები