18 ივლისი, 2018

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას შეხვდა.

შეხვედრაზე იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე გამახვილდა ყურადღება, რაც თბილისს დღეს ურბანული განვითარების ნაწილში, მათ შორის სატრანსპორტო, გარემოსდაცვითი და ენერგოეფექტურობის მიმართულებით აქვს. თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, გამოიყო პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებთან დაკავშირებითაც თბილისის მუნიციპალიტეტი, ევროკავშირთან ერთად მუშაობას აქტიურად გააგრძელებს. „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. შევჯერდით, რომ ის საკითხები, რომლებიც სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებასთან, ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან და ტყეზე ზეწოლის შემცირებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ბიომასის მწვანე ნარჩენებისგან წარმოების კუთხით, იქნება ის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც თბილისის მუნიციპალიტეტი, ევვროკავშირთან ერთად აქტიურ მუშაობას გააგრძელებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილის, კატარინა მატერნოვას განცხადებით, თბილისის მერთან ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა.

„ვისაუბრეთ რეფორმების განრიგზე, ენერგეტიკის ტრანსფორმაციაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ელექტროფიკაციაზე, რაც იმედი გვაქვს, რომ შეამცირებს კერძო მანქანების გამოყენებას. ასევე, ვისაუბრეთ ტყეების მენეჯმენტზე და შენობების ენერგოეფექტურობაზე“, - განაცხადა კატარინა მატერნოვამ.

შეხვედრაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროკავშირის წარმომადგენლებს ყველა იმ გარემოსდაცვითი ღონისძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც თბილისის მერია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები