13 ივლისი, 2018

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა.

ახლადრეაბილიტირებული ხიდი დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო.

„დავასრულეთ საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიას და ბაგებს აკავშირებს. ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რადგან რაც აშენდა, მას შემდეგ არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის სპეციალური ამოსასვლელი მოეწყო. რაც მთავარია, ის ადამიანები არიან კმაყოფილი, რომლებიც ყოველდღიურად ამ ხიდით ისარგებლებენ. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა და მგონია, რომ ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, ხიდზე ასფალტის საფარი გამოიცვალა, გამაგრდა ბურჯები და გარდამავალი ფილა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა, შეიღება მოაჯირები, ხოლო „თბილსერვის ჯგუფმა“ განათების სისტემა განაახლა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები, აღდგა დაზიანებული კიბეები და დამცავი კედლები ფილებით მოპირკეთდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორმა კომპანია შპს „გრუპო პონტემ“ აწარმოა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის 515 515 ლარი დაიხარჯა, ხოლო ხიდის მოპირკეთების, ახალი განათების სისტემით აღჭურვისა და სხვა კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის ჯამში 200 000 ლარამდე დაიხარჯა.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გალაქტიონ ბუაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოში ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები