20 ივნისი, 2018

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართ

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

კახა კალაძემ თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურში განხორციელებულ რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10 მაისიდან აღნიშნულმა სამსახურმა განსხვავებული სისტემით დაიწყო მუშაობა. მისი თქმით, სისტემური რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა და რეგისტრირებულ განაცხადებზე ვადაგადაცილება არ ფიქსირდება.

„არქიტექტურის სამსახურში სისტემური რეფორმა დავიწყეთ და იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც სამშენებლო სერვისების მიმართულებით დედაქალაქს აწუხებდა. ეს იყო ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირება და სანებართვო მომსახურებების ეფექტიანი მართვა. 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურმა განსხვავებული სისტემით დაიწყო მუშაობა, რაც წარმატებული აღმოჩნდა. ამ პერიოდიდან არქიტექტურის სამსახურში რეგისტრირებულ არცერთ განაცხადზე ვადაგადაცილება არ დაფიქსირებულა და მოქალაქეები, ისევე, როგორც დეველოპერები და არქიტექტორები, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში კვალიფიციურ მომსახურებას იღებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ანალოგიური სისტემური რეფორმის განხორციელება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურშიც უნდა მოხდეს.

„როდესაც მთავრობაში მოვედით, არქიტექტურის სამსახურს ურბანული სამსახური გამოეყო. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს პრობლემები, რადგან ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი, წინა მთავრობის დროინდელი, რომლებიც ჯერ არ განხილულა. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ ურბანული სამსახურის ხელმძღვანელ რუსუდან მირზიკაშვილთან ერთად, ორი კვირის ვადაში ყველა პრობლემური საკითხი მოგვარდეს, პასუხი იქნეს გაცემული და პარალელურად, შეიქმნას ანალოგიური სისტემა, რაც არქიტექტურის სამსახურში შევქმენით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დედაქალაქის მოსახლეობას უპრობლემოდ მოვემსახუროთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მშენებლებსა და დეველოპერებსაც მიმართა, რომ მშენებლობებთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურების მოთხოვნები გაითვალისწინონ.

„ვხედავთ, რა მდგომარეობამდე მივიდა ქალაქი არასწორი მშენებლობების გამო. შესაბამისად, ის მოთხოვნები, რომელიც არქიტექტურისა და ურბანულ სამსახურებს აქვთ, დეველოპერებისა და მშენებლების მიერ დაკმაყოფილებული უნდა იყოს. წლების განმავლობაში ნებართვები როგორც გაიცემოდა, ჩვენ იმავე ფორმით ვერ ვიმუშავებთ. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული. ამასთან, არსებულ საკითხებს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ, რომ დეველოპერებს პრობლემა არ შეექმნათ, თუმცა, მათი მხრიდანაც მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა, რათა ქალაქის სწორი განვითარება ერთად შევძლოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, დედაქალაქის მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებას გეგმავს. თბილისის მერმა ამ მიმართულებით, კონკრეტული გეგმის წარმოდგენა მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა.

„მქონდა საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან და არის სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენი მხრიდან იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ, მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში გეგმა წარმოადგინოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დედაქალაქის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის - ე.წ. წითელი ბაღის სრული რეაბილიტაციის დაწყებაა. ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც 25 ივნისს დასრულდება.

„ქალაქში მწვანე სივრცეები აუცილებელია. ამ მიმართულებით გამგეობები მუშაობენ და ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ზომის სკვერის რეაბილიტაცია ხდება. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს საქალაქო პარკების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება, დაგეგმილი გვაქვს ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობაც. ასევე, გამოცხადებული გვაქვს „წითელი ბაღის“ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი, რომელიც 25 ივნისს დასრულდება და ჩვენ ამ ბაღის რეაბილიტაციას შევუდგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება, რომელიც დაახლოებით, 35 ათას კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოიცავს. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო სათამაშო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, „დეკის“ ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინო-თეატრი და დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად.

„პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით სამშენებლო კომპანია „აქსისი“ დაინტერესდა და გამოთქვა სურვილი, პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, რასაც მივესალმებით. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „აქსისს“ თანადგომისთვის და მივმართო ბიზნესსექტორს, მხარში დაგვიდექით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი კომპანია გამოგვეხმაურება და ერთად შევძლებთ იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურების მიმართულებით გვაქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკის გარშემო 700-მეტრიანი ველობილიკიც მოეწყობა. ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია ხუთ თვეში დასრულდება.

რაც შეეხება გარევაჭრობის საკითხს, თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, ბაღებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული, კეთილმოწყობილი ადგილები გამოიყოს, რადგან პარკებში გარევაჭრობის საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„ესენი არიან ადამიანები, ვისაც სოციალურად ყველაზე მეტად უჭირთ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების მიმართ თანადგომა ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა დავავალო პარკების ადმინისტრაციას, ასევე, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, მოკლე დროში ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანებს ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცეთ. პარკებში გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომელიც უნდა იყოს კეთილმოწყობილი, რათა ამ ადამიანების საქონლის გაყიდვა ქაოტურად არ მოხდეს. მხედველობაში მაქვს არამალფუჭებადი საქონელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდა. მარათონი „თბილისი“ დედაქალაქში 24 ივნისს, პირველად გაიმართება და სტარტს ვაკის პარკში აიღებს. მონაწილეები რეგისტრაციას 09:00 საათიდან 09:30 საათამდე ადგილზევე გაივლიან.

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს სექტორს, პოლიტიკოსებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ერთად შევუწყოთ ხელი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში უახლოეს დღეებში არაერთი სპორტული და კულტურული ღონისძიება იგეგმება.

„22 ივნისს იწყება ფესტივალი TBILISI OPEN AIR, რომელიც 24 ივნისის ჩათვლით ლისის ტბაზე ჩატარდება. ასევე, 22 ივნისს, 19:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან გაიმართება მერიის ერთ-ერთი სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელებისა და პროექტ „ნიჭიერში“ გამარჯვებული, ბიჭუნათა კაპელას კონცერტი; 22 ივნისიდან მეტროსადგურთან "თავისუფლების მოედანი" ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლების ღია ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა გექნებათ და ეს ღონისძიება 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამასთან, 23 ივნისს სპორტული ღონისძიებები ლისის ნაცვლად კუს ტბაზე გაიმართება, ვინაიდან სპორტული სამყარო, საერთაშორისო ოლიმპიელთა დღეს აღნიშნავს. 23 ივნისსვე, 19:00 საათზე, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 9 აპრილის ბაღში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი, გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართება. 24 ივნისს, ვერის ბაღში, 20:00 საათზე გვექნება ღია კინოთეატრი „თბილისის ცის ქვეშ“ - მხატვრული ფილმი „ ნიუ სინემა პარადისოს“ ჩვენება გაიმართება.

შემდეგი კვირიდან ჩვენი ღია კინოთეატრი ათივე რაიონში გამართავს კინო ჩვენებებს და ასევე სხვადასხვა რეჟისორებთან შეხვედრებს. ამასთან, 24 ივნისს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, დედაენის ბაღში TBILISI FLEA MARKET გაიმართება. ამავე საღამოს ვაკის პარკში „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი ჩატარდება.

დედაქალაქის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თბილისში არის კონკრეტული ადგილები, სადაც უქმეებზე რაღაც საინტერესო ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ისიამოვნოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სპორტული და კულტურული ღონისძიებები ყოველკვირეულად, პარასკევს, შაბათს და კვირას დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები