15 ივნისი, 2018

მარატ ნოზაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მუხიანში

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხიანის დასახლებაში, 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირის, მარატ ნოზაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო და დუმბაძის ქუჩის საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.

„მიმდინარეობს მარატ ნოზაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მალე, ვფიქრობ, რომ აგვისტოში იქნება დასრულებული და ყველანაირად კეთილმოწყობილი და გალამაზებული იქნება. საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ადგილი, სადაც სასიამოვნო გარემოში დაისვენებენ. ასევე, მიმდინარეობს დუმბაძის ქუჩის რეაბილიტაცია, კეთდება სანიაღვრეები. ჩვენ ვნახეთ, უხვი ნალექის დროს თუ რამხელა პრობლემები შეიძლება შეიქმნას დედაქალაქში, შესაბამისად, ყველა საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც ხორციელდება, გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა და მოწესრიგება. ეს არის საკმაოდ ფართო ქუჩა, ამიტომ, ვაპირებთ გზაგამყოფი ზოლი მოეწყოს, რომელიც გამწვანებული იქნება და გაალამაზებს ქუჩას. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ზოგადად, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც წელს დედაქალაქში ერთიანად ხორციელდება, არასოდეს არ განხორციელებულა. ცოტა მოგვიანებით კი ვიწყებთ ძალიან მსხვილი პროექტების განხორციელებას ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, 1 200 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება და ტერიტორია გამწვანდება. ასევე, სკვერში მოეწყობა მარატ ნოზაძის მემორიალი, დამონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემა.

სამუშაოებისთვის 162 332 ლარია გათვალისწინებული. სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოებს ამხანაგობა „ელიტ და კომპანია“ აწარმოებს. აღნიშნული სკვერის პროექტი ტენდერის გამოცხადებამდე, რაიონის გამგეობამ მარატ ნოზაძის ოჯახის წევრებს გააცნო.

რაც შეეხება დუმბაძის ქუჩას, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ახალი ბორდიურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ჯამში 17 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სამუშაოებს შპს „ენ სი“ აწარმოებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯება და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები