30 მაისი, 2018

კიევში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღინიშნა

თბილისის მერი კახა კალაძე კიევში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის, ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების მნიშვნელობას და პარტნიორობის კიდევ უფრო გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.

„გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა ეს ურთიერთობა. ესაა მრავალწლიანი მეგობრობა და ვფიქრობ, რომ მისი გაღრმავების უფრო დიდი შესაძლებლობებიც გვაქვს. ამ საკითხზე უკვე ვისაუბრე კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზეიმო მიღებას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ქართული დიასპორა და დაესწრო.

კიევის მერის თქმით, ის კახა კალაძესთან ერთად თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იზრუნებს.

„მე და კახა კალაძე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები გაღრმავდეს, გახდეს უფრო თბილი და მეგობრული. მჯერა, რომ ქართველებს და უკრაინელებს შემდგომი წინსვლის უდიდესი პოტენციალი გვაქვს“, - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.