26 მაისი, 2018

100 წელი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან

დღეს უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულია. 100 წლის წინ საქართველომ, ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს პროგრესი, თავისუფლება, დემოკრატია, ევროპა, ევროპული ოჯახი. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენმა თაობამ ეს საპატიო მისია, რომელიც გამოდგვეცა, ღირსეულად უნდა შევასრულოთ. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და კიდევ უფრო რთული იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის. მინდა მივულოცო ჩემი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამხოლოდ საქართველოში, ასევე, საზღვრებს გარეთ. ძალიან კარგად მესმის, რამდენად რთულია თითოეული მათგანისთვის - იყოს სამშობლოს გარეთ, უცხო ქვეყანაში. ეს ადამიანები ძალიან ბევრს შრომობენ და ძალიან ბევრს აკეთებენ.

26 მაისს, ევროპელი ლიდერების საქართველოში სტუმრობა ქვეყნისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს სტუმრობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ის გზა, მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, არის გზა ევროპისკენ. ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურითა და ტრადიციებით და რა თქმა უნდა, დასაფასებელია, რომ საქართველოს ამდენი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია.

ყველას მინდა მივმართო, ვინც რუსთაველის გამზირზე ჯერ არ გამოსულა, მობრძანდით თქვენი შვილებით, თქვენი პატარებით. ძალიან სასიამოვნო გარემოა - არის გართობა, კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები. მერიის გარდა, წარმოდგენილია სხვადასხვა სამინისტროების ხედვები, ნამუშევრები. საღამოს, 21:00 საათზე კი, დღე საზეიმო გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც ძალიან სანახაობრივი იქნება. დღეს არის დღე, რომელიც ყველამ ერთად უნდა აღვნიშნოთ და ვიზეიმოთ.

რუსთაველის გამზირზე, დედაქალაქის მერიის ერთ-ერთ პავილიონში - ინსტალაცია „100“, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ არის განთავსებული, თანდართული საგამოფენო სტენდით და ჩამონტაჟებული ფოტომასალით მოცულობითი ციფრებია წარმოდგენილი. ოპერის თეატრის მიმდებარედ განთავსებულია კინო-პავილიონი შესაბამისი თემატური რეკვიზიტებით, სადაც დღის განმავლობაში, სხვადასხვა ძველ ფილმებს აჩვენებენ. წარმოდგენილი იქნება ასევე, ღონისძიებისთვის მომზადებული 25 წუთიანი ფილმი სახელწოდებით - „1918-2018“.

თბილისის მერიის კიდევ ერთი ლოკაცია რუსთაველის გამზირზე, 100 პოსტერისგან შემდგარი გამოფენაა. პროექტში სხვადასხვა თაობის არტისტები, მხატვრები, გრაფიკული დიზაინერები, სამხატვრო სტუდიები და სახელოსნოები, ასევე, სტუდენტები მონაწილეობენ.

რუსთაველის გამზირზე, სპეციალურად შერჩეულ ადგილას, საქართველოს დამოუკიდებლობის რესპუბლიკის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოცულობითი ზომის ლოგოც განთავსდა, რომელზეც დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილოს პრინტია დატანილი.

პარლამენტის შენობის წინ მოწყობილია სამი საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა თამაშები, ანიმატორები, სამაგიდო თამაშები. ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება ასევე, ილუზიონისტების შოუ, საცირკო სანახაობა, ჯამბაზების შოუ, ოჩოფეხები, თოჯინების თეატრი, აზოტის, წყლის ბუშტების შოუ და სხვა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია დეკორატიული მცენარეები, ცოცხალი ყვავილების პანოები. დამთვალიერებელთათვის ეწყობა „მწვანე გაკვეთილები“, რომლებზეც გამოცდილი ფლორისტები, მსურველებს დეკორატიულ ქოთნებსა და ყვავილების გვირგვინებს უმზადებენ.

მსგავსი სიახლეები