24 მაისი, 2018

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

პირველი საკითხი, რაზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, დედაქალაქის მერიის ის ინიციატივაა, რომელიც ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

„მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზე უკვე მქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან. ერთობლივად განვიხილეთ და შევჯერდით, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადება ცვლილებებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას, როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით. ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში ამ საკითხს განიხილავენ და დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე, ავტობუსების მარშრუტებში ცვლილების პროექტი წარადგინა, რადგანაც, მისი განაცხადებით, თბილისში არის ქუჩები, სადაც ავტობუსები საერთოდ არ მოძრაობენ, ან ხშირ შემთხვევაში, მოცდის ინტერვალი ძალიან დიდია.

თბილისის მერის თქმით, ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებებით, აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრება, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ კი, საბოლოოდ მოგვარდება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად გვესმის არსებული მდგომარეობა, პრობლემები, გამოწვევები. კარგად გვაქვს გააზრებული და ვიცით თითოეული ჩვენი ნაბიჯი, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს. დღეს განვიხილავთ ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტს. გვაქვს კონკრეტული რაიონები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაა. არის ქუჩები, სადაც საერთოდ არ მოძრაობს ავტობუსები, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია მოცდის ინტერვალი. როდესაც ახალ ავტობუსებს შემოვიყვანთ და პარკი შეიცვლება, ეს პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს ავტობუსების მარშრუტების ცვლილებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება დაავალა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებებისთვის დამატებით ოთხი მილიონი ლარი გამოიყოფა.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, დედაქალაქს 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. 11-დან ცხრა შენობაში ახალი ბაგა-ბაღი განთავსდება, ხოლო ორი გაფართოვდება და აქამდე არსებულ ბაგა-ბაღებს კორპუსების სახით შეემატება. ახალი შენობების გახსნით კი, სკოლამდელი განათლების მიღებას დამატებით 3000-მდე აღსაზრდელი შეძლებს.

„ბაღების მიმართულებით შენობა-ნაგებობებზე და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით პრობლემები არსებობს. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. რამდენიმე ბაღში, როდესაც ექსპერტიზა ჩატარდა, სწავლა შეჩერდა, რათა ყველანაირი პრობლემა თავიდან იყოს აცილებული. შესაბამისად, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. დაიწყება 12 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ასევე, გვაქვს კონკრეტული ბაღები, რომელსაც დემონტაჟი სჭირდება და პროექტები თავიდან უნდა განხორციელდეს. ეს სამუშაოებიც წელს დაიწყება. რა თქმა უნდა, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე, ქალაქში მიმდინარე გამწვანების სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ - თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისა და გამწვანების სამუშაოებში ჩაერთონ.

„თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ და ამ მიმართულებით, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. გუშინ ვიმყოფებოდით რუსთაველის გამზირზე, სადაც გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ბიზნესის ჩართულობა გამწვანების სამუშაოებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თანხმობა და ინიციატივები ამ მიმართულებით არსებობს, რასაც მივესალმებით. მქონდა საუბარი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე, სკვერებში, პარკებში გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღონ, დაგვეხმარონ ფინანსურად, დაგვეხმარონ მწვანე ნერგებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, გამწვანების სამუშაოების გარდა, მნიშვნელოვანია, ნარგავების მოვლა-პატრონობა და ამ მიმართულებით, თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა შემუშავდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაა ნარგავების მოვლა-პატრონობაა. აქამდე ეს ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპების დაცვით არ ხდებოდა. ამიტომ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სფეროს სპეციალისტებთან ერთად, თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა ხე-მცენარეების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ცალ-ცალკე განსაზღვრავს მოვლა-პატრონობის ღონისძიებების ტიპს, მათ ჯერადობას, განხორციელების პერიოდსა და ვადებს. მომავალში, სწორედ მასზე დაყრდნობით განხორციელდება მოვლა-პატრონობის ღონისძიებები დედაქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურისა და არეალებისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია პლატფორმაზე - „შენი იდეა ქალაქის მერს“ შესული რამდენიმე საინტერესო იდეის განხორციელებაზე მუშაობას იწყებს, რომელთა შორის ქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი და პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატების განთავსებაა.

„სულ ცოტა ხნის წინ წამოვიწყეთ ახალი პროექტი, შევქმენით პლატფორმა - „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც დედაქალაქის მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ თავიანთი ხედვები, იდეები, პროექტები წარმოადგინონ, თუ რისი განხორციელებაა შესაძლებელი ჩვენს ქალაქში. აქტიურობა ძალიან დიდია. ამჟამად, ათი იდეაა განხილვის პროცესში და მათგან ორის შესახებ უკვე დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული. მათ შორის, ერთ-ერთი იდეაა სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული იდეის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება. აპარატების მოვლასა და ექსპლოატაციას კი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უზრუნველყოფს.

„გარდა იმისა, რომ იდეა ცხოველებზე ზრუნვითაა განპირობებული, კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს - ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება. ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიურობა ფიქსირდება. კიდევ ერთი საინტერესო იდეა, რომელსაც სიამოვნებით ვაქცევთ რეალობად, პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატების დაყენებაა. ეს იდეა ნარჩენების მართვის იმ სტრატეგიასთან თანხვედრაშია, რომელიც მუნიციპალიტეტს და ზოგადად, ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე აქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ იდეაზე მუშაობა უკვე დაიწყო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, პოლიეთილენის შემგროვებელი აპარატები თბილისის ყველა რაიონში ეტაპობრივად დამონტაჟდება.

მსგავსი სიახლეები