10 მაისი, 2018

სარაჯიშვილის გამზირზე გზისა და ხიდების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის კაპიტალურ რეაბილიტაციასა და მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

გზის რეაბილიტაცია დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღდგენასა და ახლის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ახალი ბორდიური. გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, სამ კილომეტრს მოიცავს.

„მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის სრული დემონტაჟი განხორციელდება და ახალი ხიდი აშენდება. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ტარდება. პროექტის განხორციელება 8 მილიონი ლარი დაჯდება. ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ავტომანქანით გადაადგილება საშიში იყო. სამუშაოები უკვე დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც, კეთილმოეწყობა გზაგამყოფი, ბორდიური და განათებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ზაჰესის დასახლებიდან სარაჯიშვილის მეტროს მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო საპირისპირო მიმართულება ორმხრივი იქნება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 სექტემბერს დასრულდება. რეაბილიტაციას თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი“ აწარმოებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1 850 000 ლარი დაიხარჯება.

სრული დემონტაჟი ჩაუტარდება ასევე, მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს და მათ ნაცვლად, ახალი ხიდები აშენდება. სამუშაოების პირველ ეტაპზე, ექვსი თვის განმავლობაში, საავტომობილო შეზღუდვა ზაჰესის დასახლებიდან სარაჯიშვილის მეტროს მიმართულებას შეეხება, ხოლო საპირისპირო მიმართულება ორმხრივი იქნება. მეორე ეტაპზე კი, მოძრაობა სარაჯიშვილის მეტროდან ზაჰესის დასახლების მიმართულებით არსებულ მონაკვეთზე შეიზღუდება.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომელიც მომავალი წლის აპრილში დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება.

სარაჯიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები