2 მაისი, 2018

თბილისის მთავრობის სხდომა

10 მაისიდან ჩვენ არქიტექტურის სამსახურში შევუდგებით მომსახურების ახალი სტანდარტის დანერგვას და ამ გზით დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში. ჩვენ არასოდეს დავხუჭავთ თვალს იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ საქალაქო სამსახურებშია და ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ ყველა ეს სერვისი გაუმჯობესდეს და ყველა ის პრობლემა და გამოწვევა რომელიც არსებობს, მოგვარდეს.
ჩვენს მიერ გამოვლენილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც არსებობდა არქიტქტურის სამსახურში და რომლის ადრესატები, ძირითადად, ბიზნეს სექტორი და არქიტექტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არიან. პრობლემები, რომელიც გარკვეულწილად სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა, ეს იყო მომსახურების ვადების სისტემური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები, ერთი და იგივე საკითხის რამდენჯერმე დახარვეზება და ა.შ. თუმცა, უნდა ვთქვათ რომ ყველა ეს პრობლემა მოგვარებულია, პრობლემების დიდი ნაწილი გარკვეული მოგვარების პროცესშია.
მერია აქტიურ მუშაობას იწყებს მასობრივი სპორტისა და სხვადასხვა სპორტის სახეობების განვითარებაზე.
წელს პირველად, ვიწყებთ ახალ ქვეპროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სპორტის 30-მდე სახეობაში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფას.
ჩვენ ძალიან ბევრი ფედერაცია გვაქვს და ელემენტარულად არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ეკიპირებით და სპორტული ინვენტარით იყვნენ აღჭურვილნი. ამ მიმართულებით იქნება ჩვენი მხრიდან თანადგომა. დაფინანსდება შემდეგი სახეობები: სამბო, კრივი, საცხენესნო, სროლა, ჭიდაობა, ჩოგბურთი, ფრენბურთი.
სპორტის სახეობების ბიუჯეტი, რომლის დაფინანსებაზეც დღეს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, შეადგენს 320 ათას ლარს. მთლიანი ბიუჯეტი არის 600 ათასი ლარი და ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისის ნაკრები გუნდების, კლუბებისა და სპორტსმენების პირობების გაუმჯობესებას და მასობრივი სპორტის განვითარებას და ამ მიმართულებით მეტი წარმატებების მომსწრენი გავხდებით მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში.
თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა. მთლიანობაში 18 ლოკაცია დასახელდა. ერთ-ერთი გახლავთ ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. განსახილველად არის 20 დღიანი ვადა, რათა გადაწყვეტილება იქნას მიღებული. თქვენ იცით, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.
3 მაისს და მომდევნო დღეებშიც მეტრო ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამის შედეგად, როგორც მოქალაქეების, ასევე, მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული ადამიანების შრომითი პირობების გაუმჯობესება. მე არასოდეს მივუდგები ინდივიდუალურად თანამშრომელთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და არ მივიღებ მხოლოდ მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ვერ და არ მოხდება. ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის გაითვალისწინებს მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებულ თანამშრომლებს და ქალაქის მოსახლეობას. პატივს ვცემ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს. ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ ჩვენი ქალაქისთვის. ჯერ კიდევ არ მქონდა მუშაობა ოფიციალურად დაწყებული, როდესაც მივედი სატრანსპორტო კომპანიაში და დავუდასტურე მათ ჩემი პატივისცემა. კარგად მაქვს გაცნობიერებული და გააზრებული ამ ადამიანების შრომა, თუმცა ის დამოკიდებულება და მიდგომები, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, სრულებით მიუღებელია. მიუღებელია ისიც, რომ ეს ადამიანები და კონკრეტული პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და დედაქალაქის მთავრობა. მინდა მკაფიოდ განვუცხადო ყველას, თქვენც, ვინც გაფიცვას აპირებთ და დაანონსებული გაქვთ და ასევე, დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ასევე ნებისმიერ დღეებში და მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას.

მსგავსი სიახლეები