18 აპრილი, 2018

შეხვედრა ADB-ს დელეგაციის წევრებთან

თბილისის მერი კახა კალაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვერნერ ლიპახს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, დედაქალაქში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივ ოფისთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრობის დროს საკმაოდ საინტერესო პროექტები გვაქვს განხორციელებული და მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება. დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა კვლავ უამრავი პრობლემა არსებობს, რომელზეც მუშაობა გვიწევს და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ სამომავლო პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობა განვაგრძოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვერნერ ლიპახის თქმით, აზიის განვითარების ბანკის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ტრანსპორტის სფეროა და ამ მიმართულებით, თბილისში რამდენიმე პროექტი ხორციელდება.

„თბილისთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. განსაკუთრებით, ჩვენი ყურადღების ცენტრში ტრანსპორტის სფეროა. გვაქვს მიმდინარე პროექტები მეტროს სისტემის განვითარებისა და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე, განვიხილეთ პროექტები, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ იგეგმება. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებაა, რაც ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა ვერნერ ლიპახმა.

შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე და ბანკის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.