18 აპრილი, 2018

დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებში, გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხა. გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და მაია ბითაძესთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში, მსგავსი სამუშაოებისთვის სპეციალური ტექნიკის შესყიდვაც იგეგმება.

„აღნიშნული სამუშაოები მომდევნო დღეების განმავლობაში სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდება. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული იყოს. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს რგვა, სკვერებისა და პარკების გამწვანება, ასევე, სხვლა-ფორმირების სამუშაოები. ყველა ამ სამუშაოს შესრულებას რამდენიმე დღე დასჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს, რადგან ფიზიკურად უწევთ მუშაობა. ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში, სპეციალური ტექნიკის შესყიდვას ვგეგმავთ, როგორც ეს ნორმალურ და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებსა და ქალაქებშია. თანამედროვე ქალაქის პრეტენზია გვაქვს და ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ 19 586 ერთეულ ნაგავშემკრებ კონტეინერს. რაც შეეხება გზის მორეცხვის გეგმიურ სამუშაოებს, აღნიშნული პროცესი პირველი მაისიდან დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის ათივე რაიონში გაგრძელდება.

თბილისის მერთან ერთად, გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს, "თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ.