10 აპრილი, 2018

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მისი თქმით, კომპანია მზად არის ვალდებულებების შესრულებას შეუდგეს და ამისთვის უკვე გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები.

„შეიქმნა თბილისის პარკირების სისტემის ვებგვერდი, ასევე, ცაბაძის ქუჩაზე ამოქმედდება თბილისის პარკინგის ცენტრალური ოფისი, სადაც მოქალაქეებს მოემსახურებიან. პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა შესაძლებელი იქნება სწრაფი გადახდის აპარატების ან ბანკის მეშვეობით. თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღჭურვილები იქნებიან ყველანაირი ტექნიკით, რაც სჭირდებათ თავიანთი საქმიანობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირად გამართული იქნება პროცესი, რომელსაც კომპანია წარმართავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას პარკირებისა და მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი წესების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარკირების შემოსავლები სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებას მოხმარდება.

„ყველა თეთრი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისა და არსებული რეალობის შეცვლისკენ. მე მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა, პარკირების სისტემის გამართვა, რომელიც დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა „მეტრომანის“ დიზაინის კონკურსი გამოაცხადა. მისი თქმით, კონკურსი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „მეტრომანის“ ახალი დიზაინი შეიქმნება.

„მოგეხსენებათ, წელს ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 2018 წლის 26 მაისს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ ამ დღეს, თუმცა, გვინდა, რომ ეს მოვლენა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლოს და შეიქმნას ისეთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს უფრო ხშირად შეგვახსენებს მის მნიშვნელობას. ამიტომ, თბილისის მერია იზიარებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივას და აცხადებს კონკურსს სამგზავრო ბარათის - ე.წ. „მეტრომანის“ დიზაინზე, რომლის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი იქნება. დიზაინის კონკურსში მონაწილეობის მსურველებს „მეტრომანის“ ესკიზის გამოგზავნა 24 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. 25 აპრილს 10 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდება, ხოლო გამარჯვებული ავტორის ვინაობა 5 მაისს, „მეტროსადგურ „რუსთაველში“ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტი დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულებისაა და სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

„პროექტი ითვალისწინებს საკომუნიკაციო ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ასფალტის საფარის დაგებას, ტროტუარების, ბორდიურებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობას. ასევე, მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, რათა სამუშაოების გამო არ შეფერხდეს მოსახლეობა.

დედაქალაქის მერმა მის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს სამუშაოების პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა.

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილ სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს იწყება რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც, რომლის ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარია. პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიურები.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამუშაოების ფარგლებში საჭირო გახდება ტრანსპორტის მოძრაობის ეტაპობრივი შეზღუდვა, რასაც თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს.

თბილისის მერის მოადგილემ საზოგადოებას, ასევე, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდის მშენებლობისა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, სამუშაოები 4 თვეს გაგრძელდება და მასში 2 300 000 ლარი დაიხარჯება.

მისივე თქმით, ასევე, დაიწყება მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაციაც.

„რამდენიმე დღეში დაიწყება გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე მდინარე გლდანულაზე მდებარე ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ლარია და სამუშაოები 2019 წელს დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერმა, ასევე, დედაქალაქის დასუფთავებასა და გამწვანებაზე ისაუბრა და მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს პროცესის კონტროლი დაავალა.

გარდა ამისა, თბილისის მერმა დავალება მისცა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს, ლევან ჯღარკავას დასუფთავების მასშტაბური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.

„დავიწყოთ ცენტრალური ქუჩებით და გადავიდეთ ყველა რაიონში. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობაც აგვიბამს მხარს და შემოგვიერთდება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებებში. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ, სხვლა-ფორმირების სამუშაოები ისე დაგეგმოთ, რომ მოძრაობა არ შევაფერხოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტიც შეაფასა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს იმავე მოედანზე ამხანაგური მატჩის გამართვა სთხოვა.

მისი თქმით, თბილისი ყოველთვის ტოლერანტულ ქალაქად ითვლებოდა და მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდი სანახავი იყო.

„რაც მოხდა, ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, თუ არის ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა და სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, რომლებიც იმ დღეს თამაშობდნენ. ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი, რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა დედაქალაქის მთავრობის წევრებსაც შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები