25 მარტი, 2018

ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა

ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

თბილისის მერის თქმით, გამოცხადდება ასევე კონკურსი ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზის შექმნაზე.

“მაქვს წინადადება, მშვიდობიანობის დროს ოკუპაციის მსხვერპლთა საპატივცემულოდ ეს პარკი იყოს მათი სახელობის. უნდა გამოვაცხადოთ კონკურსი სახელწოდებასთან და მემორიალთან დაკავშირებითაც. ძალიან ბევრი გმირი გვყავს ჩვენ, ვინც ოკუპაციას შეეწირა ომში, მაგრამ ძალიან დიდი უბედურება და კატასტროფაა ის, რომ მშვიდობიანობის დროს ოკუპაციას ეწირებიან ადამიანები. ჩვენ გუშინ დავკრძალეთ ჩვენი გმირი, არჩილ ტატუნაშვილი, შესაბამისად ამ ადამიანებს სჭირდება დაფასება. ამიტომ, ვთავაზობ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩაერთოს ჩვენთან ერთად, რომ ამ ადამიანების სახელი იყოს უკვდავყოფილი”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე ფონიჭალაში მდებარე პარკში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. დაახლოებით, 8 000 კვ.მ-ზე სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. პარკის მშენებლობა კრწანისის გამგეობამ გასულ წელს დაიწყო. დამონტაჟდა განათების ქსელი და სარწყავი სისტემა, მოეწყო ბილიკები და გამწვანების მასშტაბური თარგები, სადაც 15 სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის, ბუჩქოვანი მცენარეებიც დაირგო, გაკეთდა შადრევანი.

ფონიჭალაში დღეს თბილისის მერთან ერთად კრწანისის რაიონის გამგებელი, მერის მოადგილეები, საკრებულოს და პარლამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.