22 მარტი, 2018

პოეტმა დავით მაღრაძემ იტალიის პრეზიდენტის ჯილდო მიიღო

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართველ პოეტს, დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტის ჯილდოს - „სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის“ წოდების მიღება მიულოცა.

ჯილდო დავით მაღრაძეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ გადასცა.

თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართველ პოეტს წარმატებები უსურვა.

„ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანი თავისი შრომით და რთული მუშაობით აღწევს წარმატებებს. იტალია ჩემთვის მეორე სახლია და მე კარგად ვიცი, თუ რამდენად უყვართ მათ ქართველები და პატივს სცემენ ჩვენს მრავალფეროვან კულტურას. ვულოცავ ბატონ დავითს ამ საპატიო ჯილდოს და წარმატებას ვუსურვებ. დავით მაღრაძე არის ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანი, რომელიც თავისი შემოქმედებით და ღვაწლით ყოველთვის იდგა იქ, სადაც ეს ქვეყანას სჭირდებოდა“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას ქართველი მწერლები და პოეტები, ხელოვნების წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.