2 მარტი, 2018

მერობის 100 დღე - ანგარიშის წარდგენა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის 100 დღის ანგარიში წარუდგინა. კახა კალაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას, დედაქალაქში ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და ცენტრალურ ხელისუფლებას მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქმიანობის ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას - ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს.

ურბანული პოლიტიკის მიმართულებით, ძველ თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყო, მათ შორის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაცია; ასევე, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანიც მშენებლობის ნორმების, ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლება და შესრულებაა; დაიწყო მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გაფართოება, ვაშლიჯვრისა და ლისის ტბის დამაკავშირებელი ახალი გზის გაყვანა და სხვა.

სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისა და აღნიშნული პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა დასუფთავების მანქანების სპეციალური გრაფიკით მოძრაობის გეგმა, მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია; ასევე, განისაზღვრა სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები; ინიცირებულია საჯარიმო სანქციების ზრდა სატრანზიტო მოძრაობის წესების დარღვევისთვის; ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა; დედაქალაქს დაემატა ავტობუსების ახალი მარშრუტები;

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასევე, ეკოლოგიური პოლიტიკის მხრივ. კერძოდ, დამტკიცდა სამართლებრივი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, განაშენიანებისას გათვალისწინებული იქნება მეტი მწვანე სივრცე, მშენებლობის ნებართვის მისაღებად, სავალდებულო იქნება დენდროლოგიური პროექტის შეთანხმება; სავალდებულო ხდება ნარგავების მოვლა-პატრონობა; განისაზღვრა 50-ზე მეტი სახეობის ხე-მცენარე, რომლითაც სამომავლოდ, დედაქალაქი გამწვანდება; ქალაქის დაბინძურების თავიდან არიდების მიზნით, დაწესდა სანქციები სატვირთო-სამშენებლო მანქანებისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გარკვეული ცვლილებები შეეხო, სოციალური პოლიტიკაა, რომლის ფარგლებშიც, 280 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა; განხორციელდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების რეფორმა; შემუშავდა გამგეობების მიერ სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსების წესი; ჯანდაცვის პროგრამებს დაემატა ღვიძლის გადანერგვისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამები.

თბილისის მერიაში ახალი გუნდის მოსვლის პირველივე წელს, თბილისის ბიუჯეტი 900 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია; დედაქალაქის მერიას ევროკავშირისგან ნახევარმილიონიანი გრანტი გადმოეცა, რომლითაც მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ბიზნეს-აქსელერატორი ამოქმედდება; თბილისის მერია შეურთდა ევროკავშირის ინიციატივას - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება დაიწყო.

განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით, მიმდინარეობს ორი ახალი სპორტული ბაზისა და ერთი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა; მიმდინარეობს ახალი ბაღების მშენებლობა და არსებული ბაღების ინფრასტრუქტურის მდგრადობის ექსპერტიზა; 1 200 000 ლარამდე გაიზარდა სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება; დაიგეგმა და ხორციელდება საბიბლიოთეკო ქსელის რეფორმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან - მართვის პოლიტიკას, აღნიშნული მიმართულებით, განხორციელდა სტრუქტურული რეფორმა, რომლის მიზანიც ბიუროკრატიული პროცედურების შემცირება და მოქნილი მმართველობის განხორციელებაა; ურბანული განვითარების ფუნქციები გაიმიჯნა არქიტექტურის სამსახურისგან და შეიქმნა ურბანული განვითარების სამსახური; ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური გარემოს დაცვის სამსახურად გარდაიქმნა; სავალდებულო გახდა მერიის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში; ასევე, განხორციელდა მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში, რომელიც მოქალაქეების მომსახურების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაზე იქნება ორიენტირებული.

ეროვნული მუზეუმის ეზოში გამართულ პრეზენტაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გამგეობების, საკრებულოსა და საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები